LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო ჩხიკვიშვილი: მაისის თვიდან, ფილმით „ექვთიმე ღვთისკაცი“, საერთაშორისო ფესტივალებზე გავემგზავრებით

15

რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი და რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე სტუმრობდნენ, რომელთაც ახალ  ფილმზე „ექვთიმე ღვთისკაცი“ ისაუბრეს.

– ბატონო რეზო, უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა ფილმს, რომლის პრემიერა სულ რამდენიმე დღის წინ გაიმართა. რამდენად სწრაფად დათანხმდით შეთავაზებას მთავარ როლზე?

– ვიცოდი, რომ არსებობდა სცენარი და იგეგმებოდა ფილმის გადაღება, ამიტომ შეთავაზებას სწრაფად დავთანხმდი. უამრავი საქმის გადადება შეიძლება, მაგრამ როცა უდიდსი პიროვნების, მისი ცხოვრების და გრძნობის მაყურებლისთვის გადაცემის შესაძლებლობა გეძლევა, უარის თქმა ან თუნდაც ორჭოფობა, უბრალოდ წარმოუდგენელია. მოგვიანებით, ფილმის რეჟისორი – ნიკოლოზ ხომასურიძე გავიცანი და სცენარის დეტალურად გაცნობას შევუდექით. მართალია, ფილმს საკმაოდ მცირე ბიუჯეტი ჰქონდა, მაგრამ ამაზე ნაკლებად ვფიქრობდით, რადგან როგორც თავად ექვთიმე ამბობდა, „კარგი საქმე ყოველთვის გაჭირვებული ხალხის წყალობით კეთდება“. დარწმუნებული ვიყავი, მხარდამჭერები გამოგვიჩნდებოდნენ, სხვა შემთხვევაში კი, ჰონორარის გარეშე ვაპირებდი მუშაობას. ვფიქრობ, სწორედ შემოქმედებითი ჯგუფის სიყვარულით და საქმისადმი უსაზღვრო ერთგულებით გახდა შესაძლებელი, თითქმის 3-წლიანი მუშაობის შემდეგ ფილმის წარმატებით დასრულება.

– როგორი რეჟისორია ნიკოლოზ ხომასურიძე?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ნიკოლოზი მეტად რთულ საქმეს შეეჭიდა – შეზღუდული ფინანსებით გრანდიოზული პროექტი წამოიწყო, უზარმაზარ მასალას მოუყარა თავი და უამრავი ისტორიული პირი გააცოცხლა. ვფიქრობ, რომ არა ძლიერი ხასიათი და ნებისყოფა, არაფერი გამოვიდოდა, მით უფრო, რომ ეს ნიკოლოზის პირველი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. ჩვენ მანამდე არასდროს შევხვედროდით ერთმანეთს, თუმცა სწორედ მონდომებამ და პასუხისმგებლობამ გაგვაერთიანა, ბოლომდე ვენდე და თვალდახუჭული მივყევი ყველა მის გადაწყვეტილებას. მართალია, ნიკოლოზს ნაკლები გამოცდილება აქვს, მაგრამ ძალიან ნიჭიერი რეჟისორია და მეც ყოველთვის მხარში ამოვუდგები, რადგან ის არა მხოლოდ პატრიოტი, არამედ პროფესიონალიცაა.

– რამდენად უზიარებდით რეჟისორს საკუთარ იდეებს გადასაღებ მოედანზე?

– საკმაოდ გამიჭირდა ბოლო სცენის მოფიქრება, რომელიც ფილმის ერთ-ერთი მთავარი ეპიზოდია, თუმცა სწორედ ნიკოლოზმა მომაწოდა ბრწყინვალე იდეა.

– ნიკოლოზ, რამდენად რთული იყო ფილმზე მუშაობა?

– ურთულესი სამუშაო აღმოჩნდა, უამრავი წინაღობა შეგვხდა, თუმცა მაინც შევძელით საქმის ბოლომდე მიყვანა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პუბლიკის მოწონება დავიმსახურეთ. უამრავი მაყურებელი მოვიდა პრემიერაზე, რომელიც 25 იანვარს კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა, რადგან ისინი არა ჩვენი ნამუშევრის, არამედ ექვთიმეს ახლოს გასაცნობად უნდა მოვიდნენ. თებერვლის თვეში ფილმს რეგიონებში ჩავიტანთ, სადაც მისი ნახვის სურვილი პირველ რიგში ახალგაზრდებმა გამოთქვეს, მაისის თვიდან კი, საერთაშორისო ფესტივალებზე გავემგზავრებით.

– ბატონო რეზო, სად უფრო მოგწონთ მუშაობა – თეატრში თუ კინოში?

– ორივე ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით, კინოში ვერსადროს იქნები წარმატებული, თუ თეატრალური გამოცდილება არ გაქვს.

– გაქვთ თუ არა საოცნებო როლი?

– ძალიან მინდა ჰამლეტის როლის შესრულება. სხვათაშორის, ორჯერ მივიღე როლზე მუშაობის შეთავაზება. პირველად უარი ვთქვი, მეორედ, როცა ბატონმა თემურ ჩეიძემ შემომთავაზა, საკმარისი გამოცდილება მქონდა და შევპირდი, რომ ერთ წელიწადში დავბრუნდებოდი და აუცილებლად შევუდგებოდი მუშაობას, თუმცა წელიწადი მთელ 24 წელზე გაიჭიმა.

– რამდენად კმაყოფილი ხართ გერმანიაში მოღვაწეობით?

– ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან სწორედ იქ შევძელი საკუთარი თავის რეალიზება. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ბედნიერი ვარ, რადგან ყოველთვის ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო.

– რამდენად შეიცვალა თბილის თქვენს არ ყოფნაში?

– რა თქმა უნდა, შეიცვალა. მართალია, ძალიან მიხარია, როცა ქუჩაში უცნობებიც კეთილად მიღიმიან, მაგრამ ეს საკმარისი არაა, რადგან ქვეყანა ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია და ბევრს ძალიან უჭირს. ვისურვებდი, მეტი ბედნიერი ადამიანი იყოს საქართველში, რომელთაც არ ექნებათ მომავლის შიში.

გადაცემის ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1910505798974240/

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები