LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეზო გიგინეიშვილი: მიყვარს ვიტორიო დე სიკა, გიორგი დანელია, ფედერიკო ფელინი და ფრენსის ფორდ კოპოლა

15

6 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” თათა სადრაძის გადაცემაში ”არტ-FM” რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავისი ახალი ფილმი წარმოადგინა და საყვარელ საქმეზე, ოჯახზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– უკვე ყველამ კარგად ვიცით ფილმის ”სიყვარული აქცენტით” პირველი ნაწილი. მალე, მეორე ნაწილის ნახვის შესაძლებლობაც გვექნება. რითი განსხვავდება მეორე ფილმი პირველისგან?

– პირველი ფილმი, რომელიც მთლიანად საქართველოზე იყო გაკეთებული, ძალიან კარგად მიიღო ქართველმა მაყურებელმა. მეორე ნაწილში გეოგრაფია გავაფართოვეთ და ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც წარმოვადგინეთ. თუმცა, ფილმის ემოცია და ძირითადი თემა არ შეჩვლილა, ანუ ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი სამშობლო და გვინდა ეს სიყვარული სხვებსაც გავუზიაროთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უცხოელებმა არა მარტო ნიუსებით და ტელევიზით მიღებული მწირი ინფორმაციით შეიქმნან ჩვენზე შთაბეჭდილება, არამედ გავაცნოთ ჩვენი კულტურა და ვუთხრათ ვინ ვართ ჩვენ და საიდან მოვდივართ. რუსეთში მაგალითად ინფორმაციის სერიოზული დეფიციტია. ახალგაზრდობამ საქართველოზე მარტო ის იცის, რომ ეს ის ქვეყანაა, რომელთანაც მუდმივი კონფლიქტი აქვთ. მე საქართველოში დავიბადე ქართველი ვარ და ძალიან მინდა ის, რაც მე მიყვარს, ფართო აუდიტორიასაც გავუზიარო.

– რამდენადაც ვიცი, ხშირად იწვევთ თქვენს ფილმებში ქართველ მსახიობებს.

– მართალია, პირველ რიგში ქართველი მსახიობები ძალიან ნიჭიერები არია. მეორეც – ჩვენ ხშირად ვეხმარებით ერთმანეთს და როცა ნიჭიერ ადამიანს ეხმარები, ეს უფრო ურთიერთთანამშრომლობაა, ვიდრე დახმარება, რომელიც ყველასთვის სასარგებლო და სასიამოვნოა.

– ყველაზე მეტად რომელ ამპლუაში გრძნობთ თავს კომფორტულად?

– ყველაზე კომფორტული ჩემთვის რეჟისორობაა, რადგან როცა პროდიუსერი ვარ, ყოველთვის ძალიან ვნერვიულობ, როგორ გამოუვა რეჟისორს ის, რაც მე მაქვს ჩაფიქრებული. თუმცა, ესეც შეთანხმებაზეა დამოკიდებული. მე ყველას თვიდანვე ვაფრთხილებ, რომ ბევრ რამეში მომიწევს ჩარევა. სერიალი, რომლის პირველი სეზონი მე გავაკეთე და სტილიც ჩამოვაყალიბე. ჩემმა მეგობარმა – აკაკი სახელაშვილმა გააგრძელა. ბევრჯერ უთქვიათ, რომ სერიალის მეორე და მესამე სეზონი ძალიან კარგი იყო და როცა პირველს არც ახსენებდნენ, თავიდან ცოტა გული მწყდებოდა, თუმცა მერე მივხვდი, რომ ის უფრო დიდი ბედნიერებაა, როცა სხვა შენს საქმეს გადაიბარებს და ყველაფერი კარგად გამოუვა.

– ვიცით, რომ ფანტასტიურიო მამა ხართ. როგორ ფიქრობთ, აირჩევენ თქვენი შვილები რეჟისორის პროფესიას?

– არ ვიცი, მაგრამ ნამდვილად არ მინდა მათი კინოში მანამდე გადაღება, სანამ თვითონ არ მოინდომებენ. ძალიან არ მიყვარს, როცა პატარა ბავშვებს ფილმებში იღებენ, მათ თავი უკვე მსახიობები ჰგონიათ და უნდათ რომ აუცილებლად ეს გზა გააგრძელონ. ახლა, ჩემს შვილებს რა თქმა უნდა მოსწონთ კინო, რადგან ხედავენ რომ მშობლები და მთელი ოჯახი ამ სფეროშია ჩართული, მერე კი, ისე იქნება, როგორც თვითონ გადაწყვიტავენ.

– რამდენად ხშირად იღებთ ფილმებში თქვენს მეუღლეს?

– ბოლო დროს ნაკლებად, რადგან ის სულ დაკავებულია. ახლაც მე აქ ვარ, მას კი, ერთდროულად სამ ფილმში იღებენ.

– ჩარეულხართ როდისმე თქვენი მეუღლის საქმიანობაში, თუნდაც კატეგორიულად მოგითხოვიათ, რომ არ შეესრულებინა რომელიმე როლი?

– არა, რა თქმა უნდა, არასდროს არ ვერევი. ზოგჯერ თვითონ მოდის და სცენარებს მიკითხავს. ხშირად ძალიან დაღლილი ვარ და არ მაინტერესებს, მაგრამ იძულებული ვარ, მოვუსმინო.

– მოახდინა თუ არა გავლენა თქვენს შემოქმედებაზე ნიკიტა მიხალკოვის რეჯისორულმა სტილმა?

– რასაკვირველია. მიხალკოვი დიდი რეჟისორია და მომწონს მისი შემოქმედება. ყველა მისი ფილმი ემოციურია და ლირიკით ძალიან ჰგავს ქართულ კინოს.

– მიგიღიათ თუ არა მისგან რჩევა ან მოსულა თუ არა თქვენი ფილმის გადაღებებზე?

– არა, რა თქმა უნდა. ისიც ძალიან დაკავებულია. როგორც მე არ მაინტერესებს ნადიას სცენარები, ისე არ აინტერესებს მას ჩემი მუშაობა. თუ გადაწყვეტილების მიღება მიჭირს, მყავს რამდენიმე ადამიანი, ვისაც შემიძლია ვკითხო რჩევა და ვისი აზრიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

– რომელია თქვენი საყვარელი რეჟისორი?

– ძალიან მიყვარს ვიტორიო დე სიკა, გიორგი დანელია, ფედერიკო ფელინი და ფრენსის ფორდ კოპოლა. ქართველ რეჟისორებს შორის ელდარ შენგელაიას გამოვარჩევდი.

– როცა ცუდ ხასიათზე ხართ, ვის ან რას შეუძლია თქვენი განწყობის გაუმჯობესება?

– ყოველთვის თვითონ მოვდივარ ხასიათზე, არასდროს არ ველოდები სხვას. მომწონს სირბილი. 6-7 კილომეტრის გარბენის შემდეგ, ვმშვიდდები და განწყობაზეც მოვდივარ.

– რას შუძლია გამოგიყვანოთ მდგომარეობიდან?

– შეუგნებლობას. როცა ადამიანს ელაპარაკები და არ ესმის, არაა მართალი, მაგრამ მაინც თავისას გიმტკიცებს. ეს არ ნიშნავს, რომ მე ყველაზე ჭკვიანი ვარ, უბრალოდ ჩემს პროფესიაში არის რაღაცეები, რაც ძალიან კარგად ვიცი. ძალიან არ მიყვარს ზარმაცები და ისინი ვისაც არაფრის ინტერესი არ აქვთ, ასევე არ მიყვარს უზრდელობა და არადეკლიკატურობა.

– ხშირად ამბობენ, რომ იდეალური ოჯახი გაქვთ. რამდენად ხშირად ამბობთ სიტყვას: ”მიყვარხარ”?

– სხვათაშორის ხშირად ვამბაბ, მაგრამ ეს მარტო ოჯახს არ ეხება.

– გაქვთ რაიმე ტრადიცია, რომელსაც არასდროს ღალატობთ?

– მაქვს რამდენიმე რიტუალი, რომლსაც პრემიერის წინ ვასრულებ, თუმცა ეს საიდუმლოა. სახლში ჩემი ადგილი მაქვს მაგიდასთან და ყოველთვის ერთად ვსადილობთ, ტრადიციულად ავღნიშნავთ აღდგომის დღესასწაულს.

– მალე ეკრანებზე თქვენი ახალი ნამუშევარი გამოვა. თქვენ უკვე მოუწოდეთ მაყურებელს, აუცილებლად ნახონ ფილმი…

– კი, კარგი იქნება თუ ხალხი ცოტა ხნით მაინც მოწყდება ტელევიზორს. 22 ოქტომბრიდან მათ მშვენიერი შესაძლებლობა აქვთ ნახონ ფილმი და ვპირდები, აუცილებლად კარგ ხასიათზე დადგებიან.

– იყო საუბარი პროექტზე, რომელსაც წმინდა მიწაზე ამზადებდით, თუმცა ინფორმაცია ამის შესახებ ძალიან ცოტაა.

– არასდროს არ ვლაპარაკობ იმ პროექტებზე, რომლებიც ჯერ არ დასრულებულა. არ მიყვარს პიარი, რომელიც ზოგისთვის თვითმიზნადაა ქცეული. როცა გაკეთდება ფილმი მაშინ ვისაუბრებ, მანამდე კი, 20-ზე მეტი პროექტი მაქვს და ჯერ ისიც არ ვიცი, რომელს ავირჩევ.

აუდიო ჩანაწერი

 

ვიდეო კოლაჟი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები