LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის იყო ნანი ბრეგვაძე ყველაზე ბედნიერი

7

20 სექტემბერს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ FM”-ს ქალბატონები ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ჯგუფის „არა” წევრი ზურაბ ჯავახია სტუმრობდნენ.

 

– ქალბატონო ნანი, რამდენადაც ვიცი, ჯგუფ ”არა”-სთან ერთად “ბრავო რეკორდსში” ახალი სიმღერა ჩაწერეთ. როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა და რატომ დათანხმდით ამგვარ ექსპერიმენტს?

– იდეა ზაზა შენგელიასგან მოდიოდა. ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი აზრი, რადგან ძალიან კარგი გემოვნება აქვს. გამუდმებით ახალ შემსრულებლებს ეძებს და ახალი ჯგუფიც სწორედ მან გამაცნო. იმდენად დადებითად დაახასიათა, ბრმად მივენდე და არც ვინანე. მოგვიანებით ჩანაწერებს მოვუსმინე, მართალია, განსხვავებულ მუსიკას ასრულებდნენ, მაგრამ მაინც ძალიან მომეწონა. რა თქმა უნდა, ჩემს სტილს არასდროს ვუღალატებ, მაგრამ ვცდილობ ფეხი თანამედროვე მიმდინარეობასაც ავუწყო, რადგან ერთ ადგილას გაჩერება მუსიკოსისთვის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.  

img_2055– ზურა, თქვენთვის რას ნიშნავს ქალბატონ ნანისთან დუეტის შესრულება?

– სიმღერა რამდენიმე დღეში ჩავწერეთ, ძალიან სასიამოვნო იყო ქალბატონ ნანისთან მუშაობა და უზარმაზარი გამოცდილებაც შევიძინეთ. ძალიან ვღელავდით, თუმცა შედეგით კმაყოფილი ვართ. თავიდან, როცა სიმღერა იწერებოდა, ქალბატონ ნანისთან თანამშრომლობა მხოლოდ იდეის დონეზე იყო, რაღაც მომენტში ჩანაფიქრზე ხელიც კი ჩავიქნიე, თუმცა მერე ბატონ ზაზას ვესაუბრე და ჩვენი თანამშრომლობაც შედგა.  

– ქალბატონო ნანი, როგორი იყო სამუშაო პროცესი?

– მუშაობის დროს ყველაფერი მავიწყდება. ჩემთვის მთავარი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და მისი საუკეთესოდ შესრულებაა.

– ზურა, როგორ შეიქმნა სიმღერა ”ვინ არის ის”?

– სიმღერაზე მთელი ჯგუფი ვმუშაობდით. ტექსტიც და მუსიკაც ერთ საღამოს დავწერეთ. მოგვიანებით დავამუშავეთ და საბოლოო შედეგიც მივიღეთ.

– ქალბატონო ნანი, თქვენი რჩევით ხომ არ გახდა ნატალია მომღერალი?

img_2060– რა თქმა უნდა, არა. ნატალიამ გადაწყვეტილება თავად მიიღო. არავისთვის არ უკითხავს ისე ჩააბარა კონსერვატორიაში. ნატალია ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის უსმენს სხვას, თუმცა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს და ისე აკეთებს, როგორც თვითონ სურს. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში არც შემცდარა. საერთოდ, მე ნაკლებად ვერევი მის ცხოვრებაში, უფრო ეკაა ჩართული, რომელმაც ყველა მისი ნაბიჯი დეტალურად იცის. ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს, რადგან დედა-შვილის ურთიერთობა ყოველთვის ძალიან სხვაა.

– ქალბატონო ნანი, როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?

– რომელიმე ერთ დღეს ნამდვილად ვერ გამოვყოფ. ძალიან ბედნიერი ბავშვობა და ახალგაზრდობა მქონდა, ბედნიერი წლები გავატარე ჩემ მეგობრებთან ერთად და უბედნიერესი ვიყავი, როდესაც ეკა დაიბადა. მეტიც, მახსოვს, ერთხელ ქუჩაში მივდიოდი და შინაგანად ვყვიროდი, მინდოდა ყველასთვის ხმამაღლა მეთქვა, რომ დედა ვარ. იშვიათი ბედნიერებაა, როცა სახლში დაბრუნებულს შვილი გხვდება. ჩემ ცხოვრებაში კარგიც ბევრი იყო და ცუდიც. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ იმისთვის რომ გაიგო, რა არის კარგი, აუცილებლად უნდა განიცადო ცუდი.

– რა აზრის ხართ თანამედროვე ქართველ შემსრულებლებზე?

– ძალიან მომწონს ყველაფერი ახალი. ვფიქრობ, ადამიანი მუდმივ განვითარებაში უნდა იყოს და ყოველთვის წინ იყურებოდეს. თუმცა, არ უნდა დავკარგოთ ჩვენი – ტრადიციული ქართული. ყველა ქვეყანა საკუთარი ინდივიდუალურობის გამოვლენას ცდილობს, ჩვენ კი, რატომღაც ძირითადად უცხო ენაზე, ინგლისურად ვმღერით. მართალია, შესანიშნავი სიმღერებია და შესასრულებლადაც ძალიან ადვილია, მაგრამ რა ეშველება ქართულ სიმღერას?! ქართულად მღერა ძალიან რთულია, რადგან ჩვენ მელოდიას ვართ მიჩვეული და ჩვენი სიმღერა ბევრად უფრო სიღრმისეულია.

img_2070– ვის გამოარჩევდით თანამედროვე ქართველ შემსრულებლებს შორის?

– ვერავის ვერ გამოვყოფ, რადგან ძალიან ბევრი მომღერალი მომწონს. მხოლოდ ერთი მინდა ვურჩიო ყველას – კარგი იქნება, თუ მეტად ჩაუღრმავდებიან სიმღერას და ყურადღებას მიაქცევენ ტექსტს.

– ბათუმში გამართული საიუბილეო კონცერტის შემდეგ, თბილისშიც ხომ არ გეგმავთ გამორჩეული საღამოს გამართვას?

– ძალიან მინდა ასეთი საღამოს გაკეთება. მე მზად ვარ, თუმცა ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი და პირველ რიგში ფინანსური მხარე.

– ზურა, თქვენ რას გეგმავთ სამომავლოდ?

– ჯერჯერობით პირველი სიმღერის წარმატებით ვტკბებით. შემდეგ რა იქნება, ჯერ არ ვიცით.

– ქალბატონო ნანი, ნანობთ თუ არა რაიმეს ცხოვრებაში?

– სინანულის გრძნობა ნამდვილად არ მაქვს, უბრალოდ ბევრი შეცდომა დავუშვი და რომ შემეძლოს, აუცილებლად გამოვასწორებდი. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რადგან მაყურებლის დიდი სიყვარული დავიმსახურე. მომღერლისთვის მთავარი საკუთარი საქმის სიყვარული და მაყურებელთან გულწრფელობაა. მე ძალიან მიყვარს ჩემი მაყურებელი და მათგანაც იგივეს ვგრძნობ, ჩვენი ურთიერთობა ორმხრივია, ენერგიას და სითბოსაც მუდმივად ვუზიარებთ ერთმანეთს.

– ქალბატონო ეკა, თქვენ ხომ არა აპირებთ სოლო კონცერტის გამართვას?

– ძალიან არ მიყვარს უკვე გაკეთებულის გამეორება, ამიტომ ვცდილობ ყოველთვის ახალი მოვიფიქრო. უამრავი იდეა მაქვს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი იგეგმება.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები