LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ დაძლიოთ სიზარმაცე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

98

სიზარმაცე არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მიუხედავად ინტელექტუალური და სხვა შესაძლებლობის ქონისა ავლენს დაბალ ძალისხმევას, ან საერთოდ არ ავლენს ძალისხმევას სასწავლო, შრომითი და სხვა საქმიანობების შესრულებისთვის. ფსიქოლოგიაში სიზარმაცეს  უკავშირებენ მოტივაციის ნაკლებობას.

არსებობს სოციალური სიზარმაცე, რაც გულისხმობს ისეთ ტენდენციას, როდესაც ადამიანი ჯგუფში ყოფნისას არ ავლენს ძალისხმევას და ნაკლებად შრომობს საერთო მიზნის მისაღწევად ჯგუფის სხვა წევრების  საქმიანობის ხარჯზე. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი თამარ ისაკაძე.

როგორ ვლინდება სიზარმაცე ბავშვებში და მოზრდილებში?

კვლევები ადასტურებს, რომ უფროს კლასელები ხშრად საკუთარ დაბალ შედეგებს სწავლაში „ამართლებენ“ სიზარმაცით, ხოლო მასწავლებლები ამას „უნარების ნაკლებობას“ უწოდებენ. მნიშვნელოვანია არ აგვერიოს სიზარმაცე დეპრესიასთან, ჰიპერაქტიურობისა და ყურადღების დეფიციტის სინდრომთან, სწავლის უნარის დარღვევასთან, ძილის და კვების დარღვევიდან გამომდინარე არსებულ მდგომარეობებთან, ან გარკვეული დაავადების გამო არსებულ მდგომარეობასთან, რომელიც შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ადამიანის  დაბალ ენერგიულობასთან და სხვ.

როდესაც ვსაუბრობთ სიზარმაცეზე ბავშვებში, თუკი ეს ვლინდება სწავლის დაბალ შედეგებში,  აქ აუცილებლად უნდა მოვახდინოთ პრობლემის სწორი კვლევა: მაგალითად, საქმე ხომ არ გვაქვს დასწავლის უნარის დაქვეითებასთან ან სთავაზობს თუ არა მასწავლებელი გაკვეთილზე ბავშვს მისი ინტერესისა და შესაძლებლობის შესაბამის აქტივობებს, იყენებს თუ არა მასწავლებელი მრავალფეროვან მეთოდებს და აქტივობებს. სწავლის მოტივაციის გაღვივებაში დიდი მნიშნელობა აქვს სოციალურ ფაქტორებსაც, მაგალითად, დადებითი, თანამშრომლობითი და მეგობრული  ურთიერთობები თანაკლასელებთან, ჯგუფისადმი იდენტობა.

სიზარმაცე, როგორც მოტივაციის ნაკლებობა…

ფსიქოლოგიაში სიზარმაცე დაკავშირებული მოტივაციის ნაკლებობასთან და გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე ადამიანში მოტივაციის გაღვივების ნაცვლად, შემცირებასთან. ცნობილია, რომ ხშირად არასწორი გარემო ფაქტორები ბავშვებს სწავლის სურვილს უქრობენ, მაგალითად, როდესაც არ ხდება ძალისხმევის წახალისება, წინსვლის აღნიშვნა, ძლიერი მხარეების აღნიშვნა ბავშვებში, როდესაც სამსახურებში დაწინაურება დამოკიდებულია პირად ურთიერთობებთან და არა პროფესიონალი ადამიანის კომპეტენციებთან, ასეთ შემთხვევაში პროფესიონალ ადამიანს მოტივაცია უქრება.

აღმოჩნდა, რომ ზარმაცი ადამიანი შრომისმოყვარე ადამიანისგან  რამდენიმე ასპექტში განსხვავდება:

  • მისთვის რთულია ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმე.
  • არ აქვს კარგად განვითარებული დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები.
  • აქვს სწავლის დაბალი მოტივაცია.
  • აქვს დაბალი თვითშეფასება საკუთარ მიზანსწრაფულობასთან დაკავშირებით.
  • აქვს თვითრეგულაციის დაბალი ხარისხით განვითარებული უნარები, რაც აისახება სასწავლო და სამუშაო აქტივობების შესრულებაზე.

რას უკავშირებენ ადამიანები საკუთარ სიზარმაცეს?

კვლევის თანახმად, გამოკითხული ადამიანები საკუთარ სიზარმაცეს უკავშირებენ შემდეგ ფაქტორებს:

  • გადაღლა, ფიზიკური, ემოციური რესურსების ამოწურვა;
  • ისინი ხარჯავენ ცხოვრების დიდი ნაწილს იმის კეთებაზე რაც საჭიროა, მაგრამ შინაგანი სურვილი არ აქვთ;
  •  აქვთ ისეთი ამოცანის გადაჭრის ვალდებულება, რომლის გადაჭრის უნარები და რესურსები შინაგანად არ გააჩნიათ;
  • აქვთ საქმეების დიდი ოდენობა და გეგმის არარსებობა;
  • აქვთ დასვენების სურვილი;
  • წახალისების არარსებობა.

 სიზარმაცე თანდაყოლილი ფაქტორია თუ შეძენილი?

სიზარმაცე ერთგვარი დასწავლილი ფაქტორია, შეძენილია. სოციალური გარემო, კულტურა და საზოგადოება გავლენას ახდენს პიროვნებაში სიზარმაცის წახალისებასა ან პირიქით, დაძლევაზე. როდესაც ბავშვი გარშემო მყოფებს, მშობლებს, მასწავლებელბს აკვირდება, ის დაკვირვებით სწავლობს და არა შეგონებით. მაგალითად, თუ ბავშვი ხედავს, რომ მისი მშობელი შრომისმოყვარეა, ნებისყოფიანი, მას იგივე უნარები უვითარდება, ასევე თუკი ამჩნევს, რომ მისი მასწავლებელი წაახალისებს ძალისხმევას, მას უფრო მოემატება მოტივაცია.

7 რჩევა თამარ ისაკაძისგან:

  1. დაისახეთ კონკრეტული და მიღწევადი მიზნები, განსაზღვრეთ მიზნის მიღწევის სტრატეგია, გაწერეთ დროში მიზნის მიღწევის აქტივობები და მიყევით გეგმას.
  2. როდესაც ბევრი საქმე გაქვთ, ჩამოწერეთ დღის ან კვირის მანძილზე შესასრულებელი საქმიანობები, დაალაგეთ პრიორიტეტების მიხედვით და ყოველი მათგანის შესრულების შემდეგ წაახალისეთ საკუთარი თავი.
  3. საქმის დაწყებამდე შეადგინეთ გეგმა, განივითარეთ ორგანიზების უნარები.
  4. კვირის მანძილზე დრო დაუთმეთ თქვენთვის საინტერესო და საყვარელი საქმიანობის შესრულებას.
  5. დასახეთ დედლაინები, დაყავით სამუშაო ნაწილებად და დათქვით ვადები.
  6. გარკვეული საქმინობის შესრულებისთვის გაიჩინეთ თანამოაზრეები.
  7. გაეცანით სხვა წარმატებული ადამიანების ისტორიებს და გამოცდილებას.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები