როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს კომუნიკაბელური – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

9

გადაცემის ლაივი LIVE

კომუნიკაცია არის ინდივიდებს შორის ინფორმაციის გაცლის ფორმა და ურთიერთობის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. კომუნიკაცია ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებაა, ეფექტური კომუნიკაციის უნარი პიროვნების  ჩამოყალიბებაში და მის  სოციალურ სივრცეში  დამკვიდრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს. როგორ დავეხმაროთ ბავშვს გახდეს კომუნიკაბელური – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი რუსო სამხარაძე.

 რა ღირებულების მქონეა ადამიანის ცოვრებაში კომუნიკაცია?

ადამიანი საზოგადოების ნაწილია და შესაბამისად ადამიანთაშორისი ურთიერთობების გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი და რთულია. ამდენად ძალზედ მნიშვნელოვანია ადამიანს ქონდეს განვითარებული კომუნიკაციის უნარი, იმისთვის რომ მან  შეძლოს სოციუმში ადაპტაცია და  საზოგადოებაში თავის დამკვიდრება.

კომუნიკაციას გააჩნია სხვდასხვა ფორმები: არსებობს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, ვერბალური  კომუნიკაცია ინფორმაციის სიტყვიერი გადაცემის გზაა, რომლის შემადგენელი კომპონენტებია საუბრის მანერა, ხმის ტონი, ტემბრი,  ინტონაცია, ხმის სიმაღლე და ტემპი.

არავერბალური კომუნიკაცია დიდ როლს თამაშობს კომუნიკაციის პროცესის წარმართვაში, მისი შემადგენელი კომპონენტებია ჟესტიკულაცია, სხეულის ნაწილების მოძრაობა (ხელის, ფეხის, თავის, თვალების მოძრაობები),  მზერითი კონტაქტი,  პოზა, ემოციური აფექტი და სახის გამომეტყველება ( ღიმილი, სევდა, ბრაზი და ა.შ.).

როდის იწყება კომუნიკაციის უნარის განვითარება, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება აღზრდის პროცესში?

ბავშვს ჩვილობის ასაკიდანვე უნდა  განვუვითაროთ კომუნიკაბელური უნარ-ჩვევები. ბავშვის საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების განვითარებისა და გაუმჯობესების პროცესი პირდაპირ დამოკიდებულია მშობლების ქცევაზე. ბავშვისთვის, მშობლებს შორის  ურთიერთობები არის  მთავარი მისაბაძი  მოდელი.  უფროსების ურთიერთობებზე დაკვირვებით, მათი რეაქციების შეფასებით ბავშვი შეიმუშავებს საკუთარი ქცევის (ურთიერთობის) პატერნს. ბავშვი ბაძავს   მასთან  დაახლოებული ადამიანების ურთიერთობის  მოდელს, ამიტომაც  ბავშვის  კომუნიკაციის ხარისხი დამოკიდებულია მშობლებზე.

ურთიერთობის უნარი ყალიბდება ჩვილობის ასაკიდანვე,  მშობლებმა  პირველივე დღეებიდან უნდა დაიწყონ  ჩვილთან აქტიური ურთიერთობა.  ინტენსიურად და აქტიურად უნდა იყოს ჩართული მშობელი აღზრდის  პროცესში, ხშირად უნდა ამყარებდეს კონტაქტს ბავშვთან სხვადასხვა სახის   კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, იქნება ეს საუბარი, სიმღერა, მოფერება,  ჩახუტება, კოცნა თუ ფიზიკური  თამაში. უფროსების ჩართულობაზე ჩვილი აუცილებლად უპასუხებს მისთვის მისაწვდომი კომუნიკაციის ფორმებით,  რაც შეიძლება გამოიხატოს ღუღუნით, ტიტინით, ღიმილით   და ტირილით.  ჩვილის ტიტინი, ღუღუნი და ტირილიც კი კომუნიკაციის საბაზისო უნარებია. ის  ამ ფორმით ითხოვს ყურადღებას,  გამოხატავს ინტერეს, აკვირდება უფროსებს  და მათ მიერ  წარმოთქმულ სიტყვებს, მოგვიანებით კი საპასუხოდ იღიმის  და სხვადასხვა ბგერებს გამოცემს.  მშობლებისგან სწავლობენ ბავშვები  ემოციის გადაცემას სხვა ადამიანისადმი და ასევე სხვისი ემოციების გაგებას,  ამით საფუძველს ვუყრით ემოციური რეგულაციის მექანიზმს და რაც თავის მხრივ ქცევით დარღვევებს ამცირებს.

კომუნკაციური უნარ-ჩვევების განვითარების  ხელშემწყობი სტრატეგიები…

პირველ რიგში აუცილებელია, რომ თქვენი პატარა არ იყოს იზოლირებულია თანატოლებისაგან. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვის ადრეულ განვითარებას. უკვე წლის ასაკისათვის პატარა ვატაროთ საბავშვო კლუბებში და ბავშვთა თავშეყრის ადგილებში, მივაჩვიოთ როგორც პატარების, ისე მოზრდილი ადამიანების გარემოცვას. მიიპატიჟეთ სახლში ნაცნობი პატარები და იარეთ სტუმრად, ეს დაეხმარება მას ჩამოუყალიბოს ლიდერის თვისებები და ურთიერთობის ტაქტიკა.  სასურველია  ბავშვმა იაროს საბავშვო ბაღში და ჯგუფურ აქტივობებზე.  ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ პატარას ჩამოუყალიბდეს თავდაჯერებულობა. გახსოვდეთ, რომ სირთულეები და შიში ურთიერთობებისას შესაძლებელია  დაკავშირებული იყოს   დაბალ თვითშეფასებასთან. პატარას მუდამ უნდა ვაგრძნობინოთ  რომ ის სასურველი, ჭკვიანი და საყვარელი ბავშვია.

 

7 რჩევა რუსო სამხარაძისგან:

1. მუცლად ყოფნის პერიოდიდან ხშირად ესაუბრეთ ჩვილებს  და დაბადების პირველივე  დღეებიდან  იყავით აქტიურად ჩართულები  აღზრდის პროცესში.

2.ასაკის მატებასთან ერთად  მეტი ესაუბრეთ ბავშვს,  მეტი აუხსენით და განუმარტეთ ასევე ყურადღებით და მოთმინებით მოუსმინეთ, ყოველთვის დაინტერესდით მისი აზრით. ეს  ასწავლის თქვენ პატარას იყოს თავდაჯერებული სხვებთან ურთიერთობაში.

3.განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიაქციეთ პატარას მეტყველების ჩამოყალიბებას, ამისათვის წაიკითხეთ მასთან ერთად სხვადასხვა ზღაპრები, ლექსები. ესაუბრეთ სწორი გამართული ენით.

4.ასწავლეთ პატარას ღიად გამოთქვას აზრი საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების შესახებ. რაც შეიძლება ხშირად დაინტერესდით მისი პრობლემებით, ყურადღებით მოეკიდეთ მის გრძნობებს.

5.ხშირად შეაქეთ, აუცილებლად აღნიშნეთ ბავშვის მიღწევები, ეს დაეხმარება პატარას გახდეს  თავდაჯერებული.

6.ადრეული ასაკიდანვე ჩართეთ თანატოლებთან ურთიერთობაში, იქნება ეს მეგობრის შვილები, მეზობლები, ბაღი  თუ სეირნობის დროს გაცნობილი თანატოლები.

7.დაეხმარეთ კომუნიკაციის დამყარებაში, მიეცით მაგალით როგორ დაამყარონ და განავითარონ ურთიერთობები.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები