LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გახდეთ უკეთესი – FM ქოუჩი

6

უნდა დაიწყოთ თუ არა ცვლილებები საკუთარი თავით, რომ გახდეთ უკეთესი და მიაღწიოთ წარმატებას? რამდენად დიდ როლს თამაშობს ამ ყველაფერში მიზანდასახულობა  –  მარტა ქარუმიძის გადაცემას “FM ქოუჩი” ბიზნესტრენერი ზაზა ქოიავა ესტუმრა. ის არის ექსპერტი მენეჯმენტსა და ადამიანური რესურსების მართვაში, NLP ქოუჩი, ასევე NLP-ს საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი.

უნდა დაიწყონ თუ არა ადამიანებმა ცვლილებები საკუთარი თავით?

პირველი რისი/ვისი მართვაც უნდა დავიწყოთ, ეს საკუთარი ემოციები და საკუთარი თავია, ადამიანურად უხერხულია მოითხოვო ცვლილებები და მართებული საქციელი სხვებისგან, როცა შენ ამას არ აკეთებ, ფსიქოლოგიურად კი შეუძლებელია იყო ავტორიტეტი, როდესაც ადამიანს მოუწოდებ რაღაც სწორად გააკეთოს, თუნდაც ცვლილებები განახორციელოს და შენ არაფერს აკეთებ ამისთვის. ანუ შენ ითხოვ საზოგადოებისგან, ხალხისგან, ადამიანებისგან იმას, რასაც თავად არ ასრულებ. ამ დროს მანიპულატორი ხარ, ან ეგოისტი, ან ორივე ერთად.

აქცენტი კეთდება საკუთარ ძლიერ მხარეებზე, საკუთარ შინაგანში, არაცნობიერში ძლიერი მხარეების აღმოჩენაზე, გააზრებაზე, მათ კიდევ უფრო გაძლიერებაზე, მავნე ჩვევების დაძლევაზე, თეთრი ლაქების ამოვსებაზე. შენ შესაძლოა ძალიან მაგარი ხარ 2017 წლის მონაცემებით, შენი უნარები და განათლება 2018 წელს მხოლოდ გადაგარჩენს, ხოლო 2019 წელს მშიერი დარჩები. იმისათვის რომ მუდამ წინ იარო – მუდამ უნდა ვითარდებოდე, მხოლოდ მაშინ გაქვს სწავლების, რჩევა-დარიგების, მენტორობის უფლება, როცა შენ თავად აკეთებ ამას, როცა შენ თავად ცხოვრობ ასე. ჩვენ ხშირად ვურჩევთ მეგობრებს, როგორ უნდა მოაგვარონ პრობლემები პირად ცხოვრებაში და ამ დროს საკუთარი პირადი “აწეწილი” გვაქვს, ვარიგებთ როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ მენეჯერთან და ამ დროს საკუთარ უფროსებთან ვერ მოგვიგვარებია პრობლემები, ვკიცხავთ ადამიანებს კონკრეტული საქციელის გამო და ზუსტად იგივეს ვაკეთებთ მეორე წუთში და ა.შ… ცვლილებები იწყება შენით!

რამდენად დიდ როლს თამაშობს მიზანდასახულობა?

მიზანდასახულობა – ეს არის უზარმაზარი ენერგია შენს შიგნით, გონებაში, რომელიც გიბიძგებს, გაიძულებს რომ იმოძრაო, არ მოგასვენებს, ღამეებს გაგატეხინებს, მავნე ჩვევებს დაგაძლევინებს, თავს ზემოთ ძალას გაპოვნინებს, შიშს გატეხს, კომპლექსს მოგიხსნის… თუ მთელი გულით გინდა რამე, თუ მას სწორად დაგეგმავ, თუ ძლიერია შენი მიზანი. ეს არ უნდა იყოს საკუთარ თავზე ორიენტირებული და სხვების საზიანოდ, მისკენ მიმავალ გზაზე ვერაფერი შეგაჩერებს. დიდი მიზნის გარეშე ადამიანი ვერ ხედავს ე.წ. თავს ზევით ძალის პოვნის საჭიროებას და ცხოვრების დინებას მიყვება, რასაც ცხოვრება შეთავაზებს –  იმას იღებს, თან მუდამ უკმაყოფილოა, რადგან ცხოვრება ვერასოდეს შემოგთავაზებს ვერც ისეთ და ვერც იმაზე უკეთესს, როგორიც საკუთარი არჩევანით მიღწეული შედეგები და ეფექტიანობაა. მიზანდასახულობა ჩვევაა, რომელიც მიზნის დასახვისას და მისი აღსრულების დისციპლინისას გამომუშავდება.

როგორ დავუსვათ საკუთარ თავს შეკითხვა სწორი ფორმით,  ვინ მინდა გამოვიდე თუ რას შემიძლია მივაღწიო?

ზოგადად, ორივე შეკითხვაა მნიშვნელოვანი: ვინ მინდა გამოვიდე  – ნიშნავს რა ტიტული, რა ბერკეტი, რა წოდება, რა თანამდებობა მექნება, ხოლო მეორე შეკითხვა კი ლუსტრაციას უკეთებს იმას, რისთვის გინდა ეს ბერკეტი, თანამდებობა, ძალაუფლება? ძალაუფლება ძალაუფლებისათვის, უპირატესობები მხოლოდ პირადი კომფორტისთვის, თანამდებობები ეგოს გაზრდისთვის, ფსიქოლოგიის სწავლა ხალხის უკეთ მართვისთვის, მანიპულაციის ხერხებისა და ჟესტების ენის ცოდნა უკეთ მოტყუებისთვის და პირადი მოგებისთვის.  ეს ყოველივე ადამიანის, საზოგადოების, სოციუმის, სამყაროს დამღუპველი ეგოისტური შხამია, რომლის მატარებელიც თითქმის ყველა ადამიანია. ბერკეტი, რომელიც ლეგიტიმაციას მოგცემს – აუცილებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია ვინ გახდები ამ ბერკეტის ხელში აღების შემდეგ.

ხშირად რეალობა ასეთია, ადამიანები ელოდებიან ცვლილებებს, თუმცა მის განსახორციელებლად არაფერს აკეთებენ…

დიახ, ადამიანებს აქვთ ბევრი სურვილი, ნატვრა, ოცნება, შესაძლებლობაც, მაგრამ არაფერს აკეთებენ მათ განსახორციელებლად, შესაძლებლობების გამოსაყენებლად, უბრალოდ ოცნებობენ, ფიქრებით პარალელურ სამყაროში ცხოვრობენ, მერე აწყდებიან „რეალობას“, რომელიც ასევე მათი შექმნილია დიდწილად და აქვთ „მიზეზები“, რომ ყველაფერი უაზრობაა და მხოლოდ გადარჩენისთვის იბრძვიან. ცვლილება ფსიქოლოგიური გაგებით მხოლოდ პოზიტივისკენ წარმართული მოვლენაა, სიტყვა Change პირდაპირ პოზიტიურ ცვლილებებს ნიშნავს. იმისათვის, რომ ცვლილება განახორციელო, კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე, გამოწვევები დაძლიო, გაიზარდო, ახალი უნარები შეიძინო… ჩვენ კარგად ვიცით ჩვენი უფლებები, მაგრამ არაფერს ვამბობთ ჩვენს მოვალეობებზე…

ეფექტიანი ადამიანები განვითარებისათვის პერიოდულად ამოდიან ე.წ. “კომფორტის ზონიდან” და გადაინაცვლებენ ე.წ. “გამბედაობის ზონაში”. კომფორტის ზონა წარმოადგებს იმ საქმეთა ნუსხას, რაც ჩვენთვის კარგად ნაცნობია და რისი კეთებაც დიდი ხანია ადვილად გამოგვდის. გამოწვევები გამბედაობის ზონაშია, სადაც პირველად უწევს ადამიანს რაღაც მნიშვნელოვანის კეთება. გამბედაობის ზონა რისკი, თავგადასავალი და გამოწვევაა, ყველაფერი ის, რაც ადამიანს თავს არაკომფორტულად აგრძნობინებს. ემპირიული დაკვირვებითაც კარგად ჩანს, რომ ადამიანები, რომლებიც იშვიათად ცდილობენ რამე ახალ გააკეთონ, ცხოვრობენ მშვიდი, მაგრამ მოსაწყენი ცხოვრებით, ყოველთვის “კომფორტის ზონაში” ცხოვრობენ და “გამბედაობის ზონაში” გადასვლას მაქსიმალურად არიდებენ თავს.

მიზნის მისაღწევად რამდენად მნიშვნელოვანია კონკრეტული გეგმის შედგენა?

თანამედროვე ადამიანი ძალიან დაკავებულია, ბევრი უნდა მოასწრო, რათა ცხოვრების რიტმს და განვითარებას არ ჩამორჩე. ჩატარებული კვლევების მიხედვით ადამიანებს ყველაზე მეტად უჭირთ ჩაეტიონ მოცემულ დროში და დაგეგმონ ცხოვრება, რომ მოასწრონ პირადი და პროფესიული საქმეები ერთდროულად. გახსოვდეთ, კარგად ჩალაგებულ ჩემოდანში მეტი ნივთი ეტევა. ამისათვის საჭიროა საქმეები დალაგდეს პრიორიტეტების მიხედვით და კონკრეტულ დროებში გაიწეროს. ზუსტად ამას ემსახურება  ჩვევა, რომელსაც ჰქვია “გააკეთე პირველ რიგში ყველაზე მთავარი”.  საზოგადოებისა და საერთოდ, კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ორიენტირებულია სასწრაფოდ გასაკეთებელ საქმეებზე. ზოგჯერ კი იმდენ დროს კარგავენ ამ ნერვულად არაფრის კეთებაში, რომ მთავარი მიზანი მხედველობიდან რჩებათ.

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები