LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ გავხსნათ მაღაზია თბილისში – FM ქოუჩი

26

მაღაზიის გახსნა თბილისში არ არის მარტივი საქმე. მოიპოვო და შეინარჩუნო მომხმარებლის ნდობა ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, დიდი ძალისხმებას მოითხოვს. გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ყვავილების მაღაზია „ამელის” თანადამფუძნებელი ნუკა ბარბარე ჩოხელი.

საიდან წამოვიდა მაღაზიის გახსნის იდეა?

ძალიან სპონტანურად და დაუგეგმავად გაჩნდა ეს იდეა. სხვათა შორის, ეს ამბავი უკავშირდება თქვენი გადაცემის წინა სტუმარს, აკო ახალაიას, რომელსაც ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის ძალიან კარგი დახურული კლუბი – ფორვარდი ჰქონდა. ამ კლუბში სხვადასხვა საინტერესო და გამოცდილი ადამიანები თავიანთ და სხვა – წარმატებულ ქეისებზე საუბრობდნენ და ჩვენც ინსპირირებულმა და მოტივირებულებმა ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ საკუთარი ბიზნესის გაკეთება გადავწყვიტეთ. ეს იყო ყვავილების ონლაინ მაღაზიის გაკეთების იდეა, რომელიც ორი წლის წინ, საკმაოდ იშვიათი რამ იყო. გავაკეთეთ საიტი, გადავიღეთ ფოტოები და განვათავსეთ სოციალურ ქსელში, ძალიან მალე მოვიპოვეთ პოპულარობა და მოგვეცა სტიმული, რომ ეს საქმე გაგვეგრძელებინა. დღეს ჩვენს გვერდს სოციალურ ქსელში ჰყავს ასი ათასი ლაიქერი.

რამდენად რთულია მართო მაღაზია, ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით?

მაშინ, როდესაც ჩვენ ვიწყებდით არც თუ  კონკურენტული, პირიქით – ძალიან თავისუფალი ბაზარი იყო და შეიძლება ითქვას მომხმარებლის გემოვნებას მეტწილად ჩვენ ვაყალიბებდით. ახლა კი, როდესაც ახალი მაღაზიები გაჩნდნენ გვიწევს უფრო ფხიზლად ყოფნა, ბევრად მობილიზებულებს. ლოიალური კავშირი, რომელსაც ჩვენ ჩვენს კლიენტებთან ვინარჩუნებთ არის ერთგავრი ძალა. ჩვენ მუდმივად სიახლეების ძიებაში ვართ, იქნება ეს უცხოეთიდან ყვავილების შემოტანა თუ ადგილობრივ ბაზარზე გამორჩეული ყვავილების შეთავაზება კლიენტებისთვის. კვირაში ორჯერ ჩამოდის ახალი ყვავილები და ვანახლებთ კოლექციას. ყვავილები არის სეზონური პროდუქცია, ზამთარში მათი შეოტანა გაცილებით ძვირი ჯდება.

სირთულეები, რომელიც მაღაზიის მართვის პროცესში არსებობს?

პირველ რიგში კადრების ნაკლებობა. თავისუფლად ვამბობ, რომ ჩვენ ყველაზე მაგარი ფლორისტები გვყავს, რომლებსაც გამოსდით, უყვართ საქმე და სიამოვნებას ანიჭებთ მომხმარებლებთან ურთიერთობა. თუმცა მათი პოვნა არ იყო ადვილი. მეორე მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ყვავილების მაღაზია ნელ-ნელა გახდა ივენთ კომპანიაც, ბაზარზე კი ამ მხრივ კონკურენცია უფრო დიდია.  ჩვენ მეტწილად გაგვიმართლა, რადგან ჩვენი პროდუქცია იყო ერთგვარი სიახლე. ახლა კი, გაცილებით რთულია დაიწყო და თავი დაიმკვიდრო, რადგან კონკურენცია საგრძნობლად გაიზარდა, როგორც უშუალოდ ბაზარზე – ასევე სოციალურ ქსელში. პირველ რიგში სწორი ადგილმდებარეობა უნდა შეირჩეს, ზუსტად უნდა იცოდე, რომ დანამდვილებით გინდა ამის კეთება, ყვავილები ჭკნება, ფუჭდება, ხმება და მზად უნდა იყო ცუდი დღეებისთვის, მანამ სანამ ზუსტად გეცოდინება რა სეზონზე რა რაოდენობის ყვავილი მოიტანო მაღაზიაში. თუმცა ალბათ მთავარი, მაინც ხარისხია და ბრენდი, რამდენად გემოვნებიანად არის ის შექმნილი. ამიტომ, ვფიქრობ მაღაზიის გახსნამდე ცუდი არ იქნება, თუ ზედმეტი რისკისგან თავს დაიზღვევთ, ჯერ ონლაინ მაღაზიას გააკეთებთ და ძირითად ინვესტირებას თავიდან კარგ საიტში და კადრებში ჩადებთ, შემდეგ უკვე კი – მაღაზიაში.

 

გადაცემის ლაივი

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები