LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ხდება კადრების შერჩევა კომპანიისთვის – FM ქოუჩი

11
bibilashvili

ადამიანური რესურსების ხარისხს და მართვის ეფექტიანობას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც არ უნდა მომგებიანი და საინტერესო იდეა, ან დიდი ფინანსური შესაძლებლობები გააჩნდეს ორგანიზაციას, პროფესიონალი და მოტივირებული თანამშრომლების გარეშე გაუჭირდება საქმიანობის წარმართვა. რა როლი აქვს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს –  მარტა ქარუმიძის გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია HR პროფესიონალთა გილდიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლილი ბიბილაშვილი. 

რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერს?

ორგანიზაციის უმთავრესი კაპიტალი ეს არის ადამიანი თავისი უნარებით, გამოცდილებითა და ცოდნით. ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მომუშავე პირს უნდა ჰქონდეს ლოგიკური აზროვნება, ვინაიდან ლოგიკურ აზროვნებაში ჩანს სინდისი.  ლოგიკური აზროვნება სულ უნდა განავითარო, ეს პროცესი ჩვევაში უნდა გადავიდეს. HR უნდა იყოს ნაკითხი და განათლებული, იგი არის მენეჯმენტისა და დასაქმებულ პერსონალის შუამავალი, შესაბამისად ვითარებიდან გამომდინარე მან უნდა დაიკავოს მოგების მხარე ორივესთვის, ისე რომ არ დააზარალოს ბიზნესი.

როგორ ხდება კადრების მოძიება-შერჩევა?

რაც არ უნდა კარგი ცოდნა-გამოცდილება ჰქონდეს ადამიანს, თუ კომპანიისა და ადამიანის ღირებულებები ერთმანეთს არ ემთხვევა, რთულია თანაარსებობა. თუ თანაარსებობა არის დამძაბველი, შედეგი ვერ იქნება. ცოდნის მიღმა ადამიანს უნდა ჰქონდეს შემოქმედებითი მიდგომა, დღეს ძალიან ცვლადი გარემოა, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უნარი ადვილად მოახდინონ სიტუაციაში გარკვევა და სწრაფად გადაერთონ ერთი მდგომარეობიდან მეორეზე. HR მიმართავს შერჩევის ინტერვიუს, ამ დროს არსებობს სტანდარტული კითხვები, მაგალითად: გვიამბეთ თქვენს შესახებ, თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები…

გასაუბრების დროს ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი უნდა შეეცადოს, რომ ადამიანი მოეშვას და არ იყოს დაძაბული. შერჩევის დროს აქცენტი კეთდება პრეზენტაბელურობაზე, აზროვნების სისხარტეზე, მნიშვნელობა აქვს გუნდური მუშაობის უნარს, საყურადღებოა რამდენად შეუძლია ადამიანს თავისი კულტურული ღირებულებების მორგება კომპანიის ღირებულებებზე. ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი უნდა მიხვდეს, გასაუბრებაზე როდის გასცეს არაგულწრფელი პასუხი, ამას ადვილად ამოიცნობს „სხეულის ენით“, ჯესტიკულაციით, რომელიც სასურველია იცოდეს. 

როგორ უნდა მოახდინოს HR-მა ახალი თანამშრომლების ადაპტაცია კომპანიაში?

ადამიანის ადაპტაცია იწყება გასაუბრებიდანვე. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ადამიანის კეთილგანწყობა კომპანიის მიმართ. რაც უფრო სწრაფად მოერგება ადამიანი კომპანიას, მით უფრო მალე მოახდენს საკუთარი რესურსის მაქსიმალურ გამოყენებას. გამოსაცდელი ვადის პერიოდში ადამიანი იყენებს თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 30%-ს. ამ დროს კომპანია ბევრს კარგავს. თავიდანვე უნდა მოხდეს ახლად მოსული თანამშრომლის გარკვევა როგორი კულტურაა კომპანიაში, რისი თქმა შეიძლება და რისი – არა, რათა ადამიანმა თავიდანვე დაინახოს სად იწყებს მუშაობას.

რამდენად მნიშვნელოვანია თანამშრომლების მოტივაცია?

ნებისმიერი პროცესი, რომელიც ხორციელდება ორგანიზაციაში, დამოკიდებულია პირველ პირზე. ყოველი კომპანია არის პირველი პირის განათლების, გამოცდილებისა და ღირებულებების ანარეკლი. მოტივაცია შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური.

მატერიალური მოტივაცია, რიგ შემთხვევაში ხანმოკლეა, რადგან ადამიანებს უჩნდებათ სიახლისა და განვითარების სურვილი. რაც არ უნდა კარგი იყოს ნიადაგი, თუ ამ ნიადაგში დათესილ მცენარეს წყალს არ დაუსხამთ, ის ვერ გაიზრდება. საკმაოდ მნიშვნელოვანია არამატერიალური მოტივაცია, ანუ ადამიანის აღიარება, დაფასება, მისთვის მადლობის გადახდა. ადამიანმა უნდა იგრძნოს რომ ის არის ღირებული კადრი. ადამიანის მოპოვება უფრო ადვილია და შენარჩუნება რთული.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები