LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ხდება ნატიფი მოტორიკის განვითარება ბავშვებში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

319

მოტორული განვითარება, განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც გამოიხატება ადამიანის დახვეწილ მოძრაობებსა და აქტივობებში. აქტივობა მჭიდროდ არის დაკავშირებული მეტყველების განვითარებასთან, ინტელექტუალურ ზრდასთან და ამასთან, შეიძლება ხელი შეუწყოს ან შეუშალოს ადამიანის სრულფასოვან ფუნქციონირებას. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარი ფსიქოლოგი თეონა ნუცუბიძეა.

 

მოტორული სფეროს განვითარების ეტაპები…

მოტორული სფერო მოიცავს მსხვილ (უხეშ) და წვრილ (ნატიფ) მოტორიკას. განსხვავებით მსხვილი მოტორიკისგან, რომელშიც დიდი კუნთების საშუალებით განხორციელებადი მოქმედებები (დგომა, სიარული, სირბილი, ხტომა და სხვ.) მოიაზრება, ნატიფი მოტორიკა შედარებით გვიან და რთულად ვითარდება, ის უფრო დიდ მომზადებას მოითხოვს, ამდენად უფრო მეტ ყურადღებასა და ძალისხმვას საჭიროებს როგორც ბავშვის, ისე მშობლის, აღმზრდელისა თუ მზრუნველის მხრიდან.

ნატიფი მოტორიკა წვრილი კუნთების ამოქმედებასთანაა დაკავშირებული, შესაბამისი მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა თვალისა და ხელის კოორდინირებული მუშაობა, ჩაცმა, გახდა, ხატვა, წერა, მეტ სიზუსტეს მოითხოვს, ამდენად გასაკვირიც არ არის, რომ ბავშვებს მცირეწლოვან ასაკში უძნელდებათ ამ მოქმედებებისათვის თავის გართმევა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ ამის პოტენციალი არ აქვთ. მაგალითად, თუ თვალს ვადევნებთ ბავშვის მოტორიკის განვითარებას, შევამჩნევთ, რომ 2 თვის ასაკის ბავშვები ხელს ურტყამენ სათამაშოს; 5 თვის ასაკში  მთლიანი ხელის მტევნით შეუძლიათ სათამაშოს დაჭერა; 1-2 წლის ასაკში ბავშვს შუძლია წიგნის გადაფურცვლა, ასევე შეუძლიათ კუბიკების ერთმანეთზე დადება; 3-4 წლისთვის ბავშვებს მძივების ძაფზე წამოცმის მოქმედების შესრულებაც გამოსდით; წინასასკოლო ასაკში, ბავშვს შეუძლია ღილებისა და ელვის გახსნა/ შეკვრა, მაკრატლით ფიგურების გამოჭრა, წერისას კონტურების დაცვა და სხვ. ნატიფი მოტორიკა განსაკუთრებით ინტენსიურად 6-7 წლის ასაკისთვის ვითარდება. ამ ასაკში, ბავშვებს უკვე თავისუფლად შეუძლიათ პლასტელინით, ფანქრით მუშაობა, თუმცა ზოგიერთ 5–6 წლის ჯანმრთელ ბავშვსაც შეიძლება გაუჭირდეს სხვადასხვა  ფიგურის დახატვა ან ასოების კარგად გამოყვანა.

 

 

რა შესაძლებლობები მოიაზრება ნატიფ მოტორულ უნარებში?

  1. აკადემიური უნარები- მაკრატლის, ფანქრის, კალმის სწორად ჭერა, ხატვა, გაფერადება, წერა, გამოჭრა;
  2. თამაში – პაზლების, ლეგოს აწყობა/დაშლა, თოჯინის ჩაცმა/გახდა, ძერწვა, კუბიკებით და მძივებით თამაში;
  3. ჰიგიენა – კბილების გახეხვა, თმის დავარცხნა…
  4. თვითმომსახურება: ჩაცმა/გახდა (ღილების შეკვრა, ფეხსაცმლის ჩაცმა, ელვა-შესაკრავის გამოყენება).
  5. კვება – კონტეინერის გახსნა/დახურვა, ჩანგლის/კოვზის ხმარება და ა.შ.

 

 რა განაპირობებს მოტორული უნარების დაუფლებას?

მზაობა- იმისთვის, რომ ბავშვი დაეუფლოს ახალ მოტორულ უნარს,  აუცილებელია ბავშვი იყოს ამისთვის მზად. თუ ახალი მოტორული აქტივობის დაუფლება მოხდება  მზაობის პერიოდში, ბავშვი მას დაეუფლება სწრაფად, დაძაბულობის გარეშე, ხალისით ისწავლის თითოეულ აქტივობას, სიხარულით შეხვდება წარმატებას. არის თუ არა ბავშვი მზად ამა თუ იმ ახალი მოტორული უნარის ასათვისებლად, ამაზე მიგვანიშნებს თავად ბავშვის ქცევა-მზაობის შემთხვევაში ბავშვი იწყებს მოქმედების მიბაძვას, მაგალითად, ჩანგლის გამოყენებასა ან წერას.

აქტივობა-  აუცილებელია მოტორული განვითარებისთვის. თუ ბავშვი არ ახორციელებს აქტივობას, ან არ აქვს შესატყვისი პირობები, ფიზიკური თუ სოციალური, შესაძლოა, მოტორულ განვითარებაში სირთულეებს ჰქონდეს ადგილი.

ყურადღება- მოტორული უნარის დაუფლების ეფექტურობისთვის მნიშვნელვანი ფაქტორია ყურადღება. შესაბამისად, საჭიროა, უფროსმა ადამიანმა ბავშვს ყურადღება მიაქცევინოს იმ აქტივობაზე, რომლის დასწავლინებასაც სცდილობს მისთვის. ამისთვის, მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უკეთესად შეუძლიათ ყურადღების კონცენტრაცია, თუ ისინი აქტიურად იმეორებენ სხვის მოქმედებას. დაწყებითი სკოლის ასაკის წლებიდან კი ბავშვს შეუძლია ვერბალურ ინსტრუქციასაც მიაქციოს ყურადღება.

უკუკავშირი- ბავშვი ამა თუ იმ აქტივობას, მათ შორის მოტორულს, ასრულებს ინტერესის, ცნობისოყვარეობისა ან წახალისების მიღების გამო. ადრეულ ასაკში, ბავშვების ქცევა უფრო მეტად გარეგანი მოტივაციით იმართება, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის თუ როგორი იქნება უფროსების მხრიდან რეაგირება, მათ მიერ შესრულებულ მოტორულ აქტივობაზე, შეაქებენ თუ არა მას, გაუღიმებენ თუ არა მას, დაუფასებენ თუ არა მას მცდელობას, თუ ეტყვიან რომ არ გამოსდით ესა თუ ის აქტივობა და ამის გამო ის უმაქნისია… უკუკავშირი (გაღიმება, შექება, ჯილდო), რომელსაც ბავშვები იღებენ უფროსებისგან ან თანატოლებისგან,  ამყარებს მიღწევის მოტივაციას. ბავშვის შექებისას უნდა მივუთითოთ ის კონკრეტული წარმატება, რასაც ბავშვმა მიაღწია. ეს გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანს ბავშვს, ვიდრე ზოგადი შექება. მაგალითად, შენ დღეს უკეთ დაწერე ასო “ა”; კარგად შეასრულე თითების ვარჯიში; „ნახე, გაფერადებისას დაიცავი კონტური“ და არა – “ყოჩაღ”.

 

7 რჩევა თეონა ნუცუბიძისგან:

  1. დაადგინეთ ბავშვის მზაობის დონე- დავაკვირდეთ ბავშვის ქცევებს, როცა უფროსი ასრულებს ამა თუ იმ მოტორულ აქტივობას, აქვს განმეორების მცდელობა თუ არა? შევთავაზოთ მას, ჩვენ მსგავსად, აიღოს მაგალითად კოვზი ხელში, დავაკვირდეთ, აქვს თუ არა ამის გაკეთების სურვილი? მზაობის დადგენა დაგვეხმარება იმაში, თუ რა სახის სავარჯიშოები და აქტივობები უნდა გამოვიყენოთ ბავშვთან ნატიფი მოტორული უნარების გასავითარებლად.

 

  1. არ დააძალოთ ბავშვს ასაკისთვის შეუფერებელი აქტივობის შესრულება- გამომდინარე იქიდან, რომ, როგორც განვითარების სხვა სფეროების, ნატიფი მოტორული უნარების განვითარებაც თანდათანობრივი პროცესია, შესაბამის უნარებსაც ბავშვი ეტაპობრივად განავითარებს და არა ერთბაშად. ბავშვზე ჭარბი ზემოქმედება და მისთვის, ასაკისა და უნარების შეუსაბამო, მოთხოვნების წაყენება, უარყოფითად აისახება მის თვითშეფასებაზე და მომავალში ხელს შეუშლის მის მცდელობას, აქტივობის განხორციელებასთან მიმართებაში. ნუ დავაძალებთ 3-4 წლის ბავშვს ღილების შეკვრას (თუ რა თქმა უნდა თავად არ იჩენს ინიციატივას) ან სკოლამდელი ასაკის ბავშვს ასოების პირნათლად წერას.

 

  1. გამოიჩინეთ მოთმინება- როცა ბავშვი მის ახლადგანვითარებულ ნატიფ მოტორულ უნარს მოქმედებაში გამოხატავს, ის დაკვირვებით და ნელი ტემპით ასრულებს მას. ნუ დააჩქარებთ და ხელს ნუ შეუშლით დავალების კეთებაში, დროთა განმავლობაში, უნარის დახვეწასთან ერთად, უკეთ გაართმევს მოცემულ დავალებას თავს და ნაკლები დრო დასჭირდება მის შესასრულებლად.

 

  1. ნუ გააკეთებთ ბავშვის ნაცვლად- მშობლური გადამეტებული „მზრუნველობა“ ხშირად ხელს გვიშლის იმაში, რომ ბავშვს მივცეთ საშუალება, დამოუკიდებლად განახორციელოს ესა თუ ის აქტივობა. ნუ გამოვტაცემთ ჩანგალს/ კოვზს ხელიდან, როცა თავადაც შეუძლია მისი გამოყენება; ნუ გამოვართმევთ კალამს, როცა თავადაც შეუძლია ასოების სწორი მოყვანილობით დაწერა… მართალია, მოცემულ ეტაპზე, თქვენ უკეთ გამოგდით ეს საქმიანობა, მაგრამ ასე ხელს შევუშლით ბავშვის პროგრესს ნატიფი მოტორული უნარების განვითარების გზაზე.

 

  1. ნუ უსაყვედურებთ ბავშვს- უნარის განვითარების დასაწყის ეტაპზე, ბავშვი შეცდომებით ასრულებს აქტივობას, მაგალითად, ეღვრება წვნიანი კოვზის პირთან მიტანამდე, ვერ იცავს კონტურს გაფერადებისას და სხვ. ეს ბუნებრივი პროცესია. ნუ უსაყვედურებთ და ნუ დასჯით ბავშვს დასვრილი მაგიდის გამო, უთხარით რომ თავადაც გეღვრებოდათ წვნიანი, როცა კოვზის ამ მიზნით გამოყენებას სწავლობდით და მიეცით იმედი, რომ მას ეს აუცილებლად გამოუვა.

 

  1. არ დაგრჩეთ შეუმჩნეველი, ბავშვის მხრიდან, მისი ახლად განვითარებული უნარის შესაბამისი აქტივობის გამოვლენის მცდელობა- ნუ დაელოდებით სრულყოფილ შესრულებას, წაახალისეთ ნებისმიერი მცდელობა- ხშირად, უფროსები ბავშვის მხრიდან მოვითხოვთ აქტივობის უშეცდომოდ შესრულებას და გვავიწყდება ის, რომ სრულყოფილ შესრულებამდე მისასვლელად შესაბამისი უნარის განვითარება და დახვეწა არის საჭირო, სწორედ ამ გზაზე სჭირდება ბავშვს ჩვენი მხარდაჭერა მცდელობების წახალისებით. ამდენად, წაახალისეთ ბავშვის თითოეული მცდელობა. გამოიყენეთ შექების კონკრეტული და არა ზოგადი ფორმა, რათა ბავშვისთვის გასაგები იყოს, კონკრეტულად, რა აქტივობაა სასურველი მოცემულ შემთხვევაში.

 

  1. გამოიყენეთ მასალები- თიხა, მძივები, პაზლები, ფურცლები, ფანქრები და სხვ.- თითოეული მათგანის დანიშნულებისამებრ გამოყენება, ხელს შეუწყობს ბავშვის ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას. გამოვნახოთ დროს ბავშვებთან ერთად პაზლების ასაწყობად, მძივებისგან სხვადასხვა „სამკაულის“ გასაკეთებლად, გასაფერადებლად… აღნიშნული, ერთი მხრივ, დადებითად აისახება ბავშვთან ურთიერთობისა და ემოციური კავშირის გაძლიერებაზე, მეორე მხრივ, მოგვცემს ბავშვის ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები