LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მივცეთ ჩვენ ცხოვრებას სწორი მიმართულება – FM ქოუჩი

72

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ მივცეთ ჩვენ ცხოვრებას სწორი მიმართულება – ეს საკითხი ბევრ ადამიანს აინტერესებს. წარმატების მიღწევა და იმ საქმის პოვნა, რომელიც ცხოვრებისეულ რუტინაში არ გადაგვიყვანს  თითოეული ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია პიროვნული განვითარების ტრენერი  ნათია ქოიავა.

რისი გაცნობირებაა პირველ რიგში საჭირო?

ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე: დღე პირველი – როცა ამ ქვეყანას მოევლინება და დღე მეორე – როცა მიხვდება, თუ რისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანმა უნდა იპოვოს თავისი ცხოვრებისეული მისია, ფუნქცია, რის საკეთებლადაც ის ამქვეყნად მოვიდა, იპოვოს ცხოვრების საზრისი. სამწუხაროდ, ადამიანები ისე მიდიან ხოლმე ამ ქვეყნიდან, რომ საკუთარ მისიას ვერ პოულობენ. ისინი დროს არ უთმობენ საკუთარი თავის შეცნობას, ძლიერი მხარეების აღმოჩენას, დანიშნულების პოვნას, მისიისა და მისგან გამომდინარე მიზნების განსაზღვრას. შესაბამისად, ასეთი ადამიანების ცხოვრება ჩვეულებრივი რუტინაა, სიარული სამსახურში, რომელიც არ უყვარს, მაგრამ იძულებულია იმუშაოს და წუწუნი, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ წვალებაა. სინამდვილეში, ცხოვრება არ არის მხოლოდ პრობლემები და ამ პრობლემების  მოგვარება. მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ადამიანის დაბადება უკვე მისი პირველი გამარჯვებაა, რომ სამყაროს სწორედ ამ ადამიანის დაბადება სჭირდებოდა. თითოეული ჩვენგანი ამ ქვეყნად კონკრეტული მისიით და დანიშნულებით მოვიდა.

ყოველდღიურ პრობლემებში და ფაციფუცში ჩართულ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ადამიანის მოთხოვნილება არ არის მხოლოდ ფიზიკური საჭიროებების დაკმაყოფილება. გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული მისი  სულის მოთხოვნილებაა. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი სრულფასოვნად ცხოვრობს. სინამდვილეში, იმისათვის, რომ ეფექტიანად ვიმოქმედოთ, უსარგებლო და ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებზე არ დავხარჯოთ ჩვენი ძვირფასი რესურსი და ენერგია, ეფექტიანად გადავანაწილოთ და ვმართოთ დრო, აუცილებელია ვიცოდეთ, რა არის ჩვენი მისია. როცა ზუსტად იცი შენი საბოლოო დანიშნულების ადგილი, ასეთ შემთხვევაში ადვილია სწორი არჩევანის გაკეთება, ადვილია „არას“ თქმა ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეებზე, რაც სინამდვილეში ნიშნავს „კის“ თქმას უფრო მეტად მნიშვნელოვან საქმეებზე. არსებობს ასეთი გამოთქმა, „ვინც არ იცის საით გაცუროს, მას ზურგის ქარიც არ ეხმარებაო“. როცა ზუსტად იცი, რა გინდა, საით მიდიხარ, შენი მისია არის კეთილშობილური და ემსახურება საყოველთაო სიკეთეს, ასეთ შემთხვევაში გამართლება და იღბალიც შენს მხარეს არის, სამყაროც გეხმარება, რომ დანიშნულების ადგილამდე მიხვიდე.

ალბათ, ყველას გვახსოვს ნაწყვეტი წიგნიდან და მულტფილმიდან „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“: ალისას და კატის დიალოგი:

ალისა: – ხომ ვერ მეტყვი, აქედან რომელი გზით წავიდე?

კატა: – ეს დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ სად გინდა მისვლა.

ალისა: – სულ ერთია, სად მივალ.

კატა: – მაშინ სულ ერთია, რომელი გზით წახვალ.

რატომ არის საბოლოო სურათის წარმოსახვა მნიშვნელოვანი?

წარმოიდგინეთ,1 000 ნაწილისგან შემდგარი „პაზლი“ გაქვთ და მისგან სურათის აწყობა გსურთ. ნაწილები მაგიდაზე გაშალეთ, კოლოფი გადმოაბრუნეთ და მასზე სურათი არ აღმოჩნდა. წარმოიდგინეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ასეთ დროს მთლიანი სურათის დანახვას. ახლა კი თქვენი ცხოვრების 1000 ნაწილზე დაფიქრდით. გაქვთ თუ არა წარმოდგენილი, ვინ გინდათ იყოთ და რას გინდათ აკეთებდეთ 5 ან 10 წლის შემდეგ?

საბოლოო სურათის დახატვა ორი მიზეზის გამოა აუცილებელი: პირველი – დადგება დრო, როცა აღმოჩნდებით თქვენი ცხოვრების კრიტიკულ გზაგასაყარზე და არ გეცოდინებათ, რომელი გზა აირჩიოთ. არადა, სწორედ ამ არჩევანმა, შესაძლოა მთელ თქვენს დანარჩენ ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.  მეორე – თუ თქვენ მომავალს თავად არ გადაწყვეთ, ამას თქვენ მაგივრად ვინმე სხვა გააკეთებს: მეგობრები, მშობლები, გარემო და ა. შ. თუ ცხოვრების დინებას გაჰყვები, დიდი შანსია, რომ შენს დანიშნულების ადგილზე არ აღმოჩნდე, რადგან დინება მიგიყვანს იქ, სადაც თავად მიდის და სადა შეიძლება სულაც არ მოგეწონოს.

შესაძლებელია თუ არა ეფექტურად და ნაყოფიერად მუშაობა და წარმატების მიღწევა, როცა ზუსტად არ გაქვს დახატული საბოლოო სურათი?

როცა მიდიხარ A წერტილიდან B წერტილში, ახალი, კარგად გამართული მანქანით,  ამინდიც შესანიშნავია, საწვავიც ხარისხიანი და შენც საკმაოდ კარგი და გამოცდილი მძღოლი ხარ, შენ შეგიძლია მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად გაიარო გზა, მაგრამ თუ B წერტილი, ანუ დანიშნულების ადგილი არის რომელიღაც ქალაქი დასავლეთით და შენ დაადგები აღმოსავლეთის გზას, ზუსტად ასეთივე წარმატებული მგზავრობის შემდეგ აღმოჩნდები არასწორ ადგილას.

ზოგჯერ დიდ მიზანს ვაღწევთ, მაგრამ შინაგანად თავს ცარიელად ვგრძნობთ. ამ მიღწევას ჩვენთვის ის კმაყოფილება, ბედნიერების და შინაგანი სიმშვიდის განცდა არ მოაქვს. არადა, თითქოს დიდი ძალისხმევის ფასად ავცოცდით წარმატების კიბეზე, იყო გათენებული ღამეები, დიპლომების დაცვა, დაწინაურებები, დავიპყარით კიბის ყველა საფეხური და როცა ბოლო საფეხურზე ავედით, სწორედ მაშინ აღმოვაჩინეთ,  კიბე არასწორ კედელზე გვაქვს მიდგმული. ამას „არასწორ კედელზე მიდგმული კიბის სინდრომს“ ვუწოდებთ.

შესაძლებელია თუ არა ამ სინდრომის პრევენცია?  

შესაძლებელია, თუ გამოვიყენებთ ადამიანის ე.წ. ოთხ „იარაღს“ რომელიც ყველა ჩვენგანს თანდაყოლილი აქვს. ესენია:

  1. საკუთარი თავის შეცნობა, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ზუსტად გაიგო, რისი კეთება გინდა, რა გამოგდის ყველაზე კარგად, რომელი საქმის კეთებით იღებ ყველაზე დიდ სიამოვნებას. „აირჩიე პროფესია, რომელიც გიყვარს და შენი ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ მოგიწევს მუშაობა“, – კონფუცი;
  2. წარმოსახვის უნარი, იმისათვის, რომ მოახდინო საბოლოო სურათის, შენი დანიშნულების ადგილის ვიზუალიზაცია და დახატო იქ მისასვლელი რუკა;
  3. სინდისი, შინაგანი ხმა, რომელიც ყოველთვის შეუცდომლად გკარნახობს, ეთანხმება თუ ეწინააღმდეგება შენი მიზნები და საქმიანობა საყოველთაო ზნეობრივ პრინციპებს.
  4. თავისუფალი ნება, რომ ამ ყველაფრის შემდეგ ადგე და შენი საკეთებელი ბოლომდე მიიყვანო, ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, რომლის გარეშეც დანარჩენი სამი „იარაღის“ მუშაობის შემთხვევაში, ადამიანი წარუმატებელ მეოცნებედ დარჩება.

მისია აუცილებლად ქაღალდზე უნდა დაიწეროს, „მისიის განაცხადის“ სახით. რატომ არის აუცილებელი მისიისა და მიზნების ქაღალდზე გადატანა? იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, დაუწერელი მიზანი მხოლოდ სურვილია, ხოლო ქაღალდზე გადატანილ მიზნებს 10-ჯერ მეტი ძალა აქვს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები