LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს არტ-თერაპია ადამიანებზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

51

გადაცემის ლაივი LIVE

არტ-თერაპია ფსიქოლოგიაში ბოლო პერიოდში დამკვირდდა. ფსიქოლოგები სულ უფრო ხშირად მიმართავენ მას. როგორ მოქმედებს არტ-თერაპია ადამიანებზე – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია “კამარას” ფსიქოლოგი სალომე ფანჯიკიძე.

რას ნიშნავს არტ-თერაპია?
 
შთაბეჭდილება, რომელსაც სამყარო ახდენს ადამიანზე, ფორმდება ფსიქიკაში სიმბოლური სახით. ჩვენი მოგონება, აზროვნებითი პროცესი, ემოციური დამოკიდებულებები, განპირობებულია ზუსტად ამ სიმბოლური კავშირით, რომელიც დავამყარეთ ჩვენ თავსა და გარემოს შორის. აქედან გამომდინარე, ხშირად, ერთი და იგივე გამოცდილება, სხვადასხვა ადამიანში, სხვადასხვანაირად აისახება და ვლინდება. არტ-თერაპია, ეს არის პროექციული და ექსპრესიული მეთოდი თერაპიაში, რომელსაც წვდომა აქვს ჩვენი სულიერი სამყაროს არავერბალურ, სიმბოლურ ნაწილთან. მისი მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია ჩავწვდეთ ფსიქიკის ღრმა შრეებს. ფერების და ფორმების გამოყენებით, რომელსაც ადამიანი არტ-თერაპიის პროცესში იყენებს საკუთარი თავის გამოსახატად, მნიშვნელოვანი შინაარსის წამოღება შეუძლია სულის სიღრმიდან, რომელიც ეხმარება მას გაიაზროს საკუთარი თავი, აღმოაჩინოს თავისი პიროვნების მნიშვნელოვანი მხარეები და ამასთან ერთად გათავისუფლდეს მძიმე განცდებისგან, რომელიც მას შეიძლება აწუხებდეს. არტთერაპია არის მათთვის, ვისაც განტვირთვა უნდა ყოველდღიური სტრესისგან, ვისაც სურს ჩაიხედოს საკუთარ თავში უფრო ღრმად, ბავშვებისთვის, რომლებსაც შეიძლება აწუხებდეთ ემოციურიბა, აგზნებადობა, აგრესიულობა, ასევე ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სულიერი პრობლემები.

რამდენად მნიშვნელოვანია არტ-თერაპიისთვის ფერები?

ფერები ასოციაციურ კავშირს ამყარებენ იმ შინაარსებთან, რომელიც ფსიქიკაშია გაფორმებული. სპეციალური ტექნიკების გამოყენებით, არტ თერაპიაში ჩართული ადამიანი იწყებს იმ ფერების არჩევას, რომლითაც მას სურს შეასრულოს ნახატი. ამ დროს მისი ფერების არჩევანი არის განპირობებული სრულიად არაცნობიერი მოტივით, რადგან თვალს იზიდავ ის ფერი, რომელიც მასში ჰპოვებს იმ გრძნობის ან შინაარსის გააქტიურებას, რომლითაც ის არის დაკავშირებული მასთან ასოციაციურად. ამრიგად, არაცნობიერიდან გადმოედინება ის სიმბოლური შინაარსი, რომელიც მნიშვნელოვანია. პროცესი ადამიანისთვის არის საინტერესო, სასიმოვნო და ბევრი აღმოჩენის საფუძველი.

როდის გამოიყენება არტ-თერაპია?

არტ თერაპიის გამოყენება ძალიან ეფექტურია ყველა მდგომარეობის დროს, იქნება ეს კლინიკური დეპრესია, სხვადასხვა სახის ნევროზები, ფსიქოზური რეგისტრის აშლილობები, ბავშვებში გამოხატული სხავდასხვა პრობლემები და ა.შ. ასევე, ყოველდღიური სტესის, გაღიზიანების და გადაღლის დროს. არტ-თერაპია შეიძლება იყოს, როგორც წამყვანი თერაპია, ასევე შემადგენელი ნაწილი ეკლექტური მიდგომისას.
არტ თერაპია, ეს არის თერაპია, რომელიც მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია რომ ჩაატაროს კლიენტთან და პაციენტთან, აქედან გამომდინარე, თუ თქვენ თვლით რომ გაქვთ პრობლემა, რომელსაც მარტო ვერ წყვიტავთ, ჯობია მიმართოთ ფსიქოლოგს და სპეციალისთან ერთად იმუშაოთ პრობლემის გადაწყვეტაზე.

 

7 რჩევა სალომე ფანჯიკიძისგან:

1. ადამიანისთვის ბუნება და მისი ფერები არის ყველაზე ბუნებრივი გარემო. ქალაქში მაცხოვრებლებს უფრო ხშირად გვიწევს ნაცრისფერი ბეტონის ყურება, რაც ცხადია დამთრგუნველად აისახება ჩვენს ცნობიერ და არაცნობიერ პროცესზე. აქედან გამომდინარე შეეცადეთ მეტი ბუნებრივი ფერი შეიტანოთ თქვენს სახლის თუ სამსახურის გარემოში, სხვადასხვა მცენარეები, ყვავილები, სიმწვანე.
2. თითებში ნერვული დაბოლოებებია, რომელიც რეაგირებს შეხებაზე. იმისთვის, რომ მოხდეს ნეგატიური ენერგიის განმუხტვა, მნიშვნელოვანია მიწასთან ურთიერთობა. ჩვენს ცენტრში, ხშირად არტ თერაპიის პროცესში ვიყენებთ თიხას. გირჩევთ, კვირაში ერთხელ მაინც ხელებში ათამაშოთ თიხის გუნდა, მიწასთან გქონდეთ კავშირი. პირველ რიგში ის ბუნებრივი ელემენტია და დადებით გავლენას ახდენს ორგანიზმზე, თან ნერვული დაბოლოების მასაჟირებაც ხდება. დაგეხმარებათ ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლებაში.
3. არტ-თერაპიის ნაწილია მუსიკაც. თავის ტვინის გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ სხვადასხვა მუსიკას, სხვადასხვა გავლენის მოხდენა შეუძლია ტვინის ფუნქციონირებაზე. გირჩევთ, სამუშაო პირობებშიც კი, ან სახლში ყოფნისას, დაბალ ხმაზე ჩართოთ ბუნების ხმების ან სამედიტაციო მუსიკა, რომელიც ხელს არ შეგიშლით საქმის კეთებაში, თუმცა ტვინი მაინც შეძლებს მის აღიქვამს. ეს პროცესი დაგეხმარებათ ბალანსის აღდგენაში.
4. სტრესის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის გადაღლა. ამიტომ საკმაოდ მნიშვნელოვანია დასვენება. ადამიანმა უნდა დაისვენოს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქიკურადაც. კვირაში ერთხელ მაინც შეძელით ცოტა ხნით ბუნებაში გავლა, ფეხით სეირნობა, ბუნებრივ ფერებთან და სამყაროსთან მეტი კონტაქტის დამყარება.
5. რჩევა მშობლებს: თუ თქვენ შვილებს აქვთ წუხილი, რომელიც გამოიხატება მუდმივ გაღიზიანებაში, უმართავ ქცევაში, აგრესიულობაში, გადაჭარბებულ სევდიანობაში, მაგრამ ვერ ხსნით რისი ბრალი შეიძლება იყოს, არტ-თერაპია არის ყველაზე ეფექტური საშუალება ამ დროს. ბავშვებს და მოზარდებს არ აქვთ საშუალება ვერბალურად აღწერონ და ბოლომდე გამოხატონ თავისი წუხილის მიზეზები, აქედან გამომდინარე, არტ-თერაპია მისცემთ მათ საშუალებას პროექციულად გადმოსცენ, ფერების და ფორმების გამოყენებით, ის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ვერ ახსნეს. ცხადია, არა მხოლოდ დიაგნოსტირება ხდება ამ დროს, არამედ თერაპიული ჩარევაც.
6. გადაჭარბებული ემოციურობის, გაღიზიანების, სტრესის დროს, ძალიან ეფექტურია არტთერაპიის გამოყენება. სახლის პირობებში შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი, შეიძინეთ გუაშის ან აკვარელის საღებავები და ვატმანის ფორმატები, თვალს მიეცით საშუალება აირჩიოს ფერი, თავისუფალ ასოციაციებს მიჰყევით და დახატეთ. პროცესი საკმაოდ სასიამოვნო და ემოციებისგან განსატვირთად, კარგი საშუალებაა.
7. გახსოვდეთ, თუ გრძნობთ რომ მარტო ვეღარ ერევით თქვენს პრობლემებს, უნდა მიმართოთ სპეციალისტს. იცოდეთ, რომ გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობს. თუ არსებობს თქვენი ნება, ყველანაირი მდგომარეობიდან გამოიყვანთ თავს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები