LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ნდობა ურთიერთობებში – FM ქოუჩი

24

ნდობის ფაქტორი მნიშვნელოვანია წარმატებული პირადი, სამსახურეობრივი თუ სოციალური ცხოვრებისთვის. როგორ მოვიპოვოთ და შევინარჩუნოთ ნდობა ურთიერთობებში – გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ვტრენერი ნათია ქოიავა.

რამდენად მნიშვნელოვანია ნდობა და სანდოობა?

ნდობის რეზერვს, რომელიც სხვა ადამიანებთან გვაქვს დაგროვებული, „ემოციურ საბანკო ანგარიშს“ ვუწოდებთ და შესაბამისად, ისევე, როგორც ჩვეულებრივ საბანკო ანგარიშზე, ჩვენ შეგვიძლია, „გამოვიტანოთ თანხები“ და „შევიტანოთ დეპოზიტები“ ემოციურ საბანკო ანგარიშზე.

„პირადი საბანკო ანგარიშისგან“ განსხვავებით, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავთან გვაქვს და ერთადერთია, „ემოციური საბანკო ანგარიში“ გვაქვს იმდენ ადამიანთან, რამდენთანაც გვაქვს ურთიერთობა. ზოგიერთ ადამიანთან, ეს „საბანკო ანგარიში“ შეიძლება იყოს მაღალი, სხვებთან – საშუალო, ან დაბალი.

მაღალი „პირადი საბანკო ანგარიში“, ე.ი. პირადი გამარჯვების მიღწევა, მნიშვნელოვანი წინაპირობაა იმისათვის, რომ ურთიერთობებშიც ნდობის მაღალი რეზერვი დავაგროვოთ, ანუ, ემოციური საბანკო ანგარიშებიც მაღალი გვქონდეს.

რატომ არის შენს თავთან წარმატება სხვა ადამიანებთან წარმატებისთვის ასეთი აუცილებელი? იმიტომ, რომ ურთიერთობებში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცალმხრივი არ არის, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორი ხარ შენ. პირადი გამარჯვება გაგვხდის დამოუკიდებელს, თავდაჯერებულს, პასუხისმგებელს საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მათ შედეგებზე, ხოლო საზოგადოებრივი გამარჯვება, ე.ი. ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მაღალი „ემოციური საბანკო ანგარიში“ დაგვეხმარება, გავხდეთ ურთიერთდამოკიდებული, ვისწავლოთ თანამშრომლობა სხვა ადამიანებთან, გავხდეთ გუნდის წევრი და ვიმოქმედოთ შეთანხმებულად.

გადახედეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ურთიერთობებს და შეაფასეთ, როგორია თქვენი „ემოციური საბანკო ანგარიში“ ამ ადამიანებთან. თუ სათანადოდ მაღალი არ არის, სასწრაფოდ დაიწყეთ ე.წ. „დეპოზიტების“ შეტანა. ეს „დეპოზიტები“ სხვადასხვა ადამიანისთვის შეიძლება განსხვავებული იყოს, მათი გემოვნებისა თუ ღირებულებათა სისტემის მიხედვით. ასევე, ცხადია ისიც, რომ „ემოციური საბანკო ანგარიშიდან“ გამოტანის შემთხვევაში, „დეპოზიტებს“ წარმოადგენს იმისი საწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც „გამოტანა“ მოხდა.

https://www.youtube.com/watch?v=R4KFaySyuJY&feature=youtu.be

რა ძირითადი “დეპოზიტებია” საყურადღებო?

არსებობს ძირითადი „დეპოზიტები,“ რომლებიც ყველა ადამიანისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია.

  • შეასრულე დაპირებები
  • გააკეთე პატარა სიკეთეები
  • იყავი ერთგული ადამიანების მიმართ
  • მოუსმინე სხვებს
  • მოიხადე ბოდიში
  • მკაფიო გახადე მოლოდინები

 

  • შეასრულე დაპირებები – ურთიერთობების შენება ან დაკარგული ნდობის აღდგენა სწორედ მიცემული დაპირებების შესრულებით უნდა დავიწყოთ. აუცილებლად, ყოველთვის შეასრულეთ მიცემული პირობა და თუ ვერ ასრულებთ, აცნობეთ ადამიანს ამის შესახებ და აუხსენით მიზეზი. როცა დაპირებებს მუდმივად ასრულებთ, გაქვთ რეპუტაცია, რომ თქვენ ხართ კეთილსინდისიერი ადამიანი და მიცემულ სიტყვას არასოდეს არღვევთ. შესაბამისად, ადამიანები ხელისშემშლელ მიზეზებს გაგებით მოეკიდებიან.

სამსახურეობრივი ურთიერთობებისას, ეს გამოიხატება პასუხისმგებლობის გრძნობაში, საკუთარ თავზე აღებული ვალდებულებების შესრულებაში, როგორც მენეჯმენტის, ისე – თანამშრომლების მხრიდან.

მენეჯმენტისთვისაც, რომელიც ინდუსტრიული ხანის ხისტი სტილით არ მართავს კომპანიას, გაცილებით უფრო კომფორტულია ასეთ ადამიანურ რესურსთან ურთიერთობა, რადგან მას არ სჭირდება მუდმივად თავზე დგომა და კონტროლი, იმისათვის, რომ დაკისრებული მოვალეობები ზედმიწევნით შეასრულოს.

თანამედროვე ცოდნის მუშაკისთვისაც შეუძლებელია მუდმივი კონტროლის ქვეშ მუშაობა, რადგან მას შეზღუდული აქვს აზროვნების, მოქმედების, ინიციატივის, საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომის შესაძლებლობა.

  • გააკეთე პატარა სიკეთეები – ზოგჯერ, შეიძლება, სულ მცირე რამემ – მისალმებამ, დადებითმა შენიშვნამ, ღიმილმა ან ქათინაურმა დიდი ცვლილება გამოიწვიოს. გამოხატეთ მადლიერება, შეაქეთ, გამოიჩინეთ ემპათია, მოეპყარით ისე, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგეპყრონ; როცა რამეს ჩუქნით ან სიურპრიზს უწყობთ, გაითვალისწინეთ მათი გემოვნება, ინტერესები და გააკეთეთ ის, რაც არის მისთვის „დეპოზიტი“ და არა ის, რაც თქვენ გინდათ, რომ გაუკეთოთ.

მენეჯმენტის შემთხვევაში, ეს გამოიხატება თანამშრომლებისადმი ინდივიდუალური მიდგომით. სხვადასხვა თანამშრომელზე, შესაძლოა, წახალისებისა და მოტივირების სხვადასხვა ფორმა მოქმედებდეს. შესაძლებელია, ეს იყოს შექება თანამშრომლების თანდასწრებით ან თათბირზე, პრემიის დანიშვნა, ხელფასის მომატება, პასუხისმგებლობების გაზრდა, დაწინაურება და ა.შ.

  • იყავი ერთგული ადამიანების მიმართ – არამარტო მათი თანდასწრებით, არამედ – მაშინაც, როცა ისინი იქ არ არიან. როცა ადამიანზე ზურგს უკან ცუდად ლაპარაკობ, შენს თავს ორნაირად ვნებ. პირველი – ყველას „ემოციური საბანკო ანგარიშიდან“ გამოგაქვს, ვინც კი შენს კომენტარებს ისმენს. ისინი აღარ გენდობიან. მეორე – ასევე გამოგაქვს იმ ადამიანის „ემოციური საბანკო ანგარიშიდან“, ვიზეც ზურგს უკან ლაპარაკობ.

ყოველთვის ეცადეთ, გამოექომაგოთ ადამიანს, რომელიც იმ დროს იქ არ არის, ან, სულ მცირე, არ დაუჭიროთ მხარი მათ, ვინც ამ ადამიანზე ცუდს ამბობს, რადგან აუცილებლად უნდა მოუსმინოთ მეორე მხარესაც, უნდა მისცეთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება. როდესაც ექომაგებით, ორმაგად შეგაქვთ დეპოზიტები 1) იმ ადამიანების „ემოციურ საბანკო ანგარიშზე“, ვისთანაც სხვებს ექომაგებით, რადგან ისინი ხვდებიან, რომ მათ არყოფნაში, მათ მიმართაც ასევე მოიქცევით და 2) იმ ადამიანის „ემოციურ საბანკო ანგარიშზე“, ვისაც ექომაგებით.

მით უმეტეს, გამოექომაგეთ ადამიანს, რომლის მიმართაც ადგილი აქვს უსამართლო დამოკიდებულებას. თუ თქვენ ხართ პროფესიონალი და ამასთანავე, პიროვნული განვითარების მაღალ დონეზე იმყოფებით, ე.ი. თქვენ საკმაოდ დაფასებული და პატივსაცემი ადამიანური რესურსი ხართ და ასეთი ქმედების გამო სამსახურის დაკარგვა ნამდვილად არ გემუქრებათ.  უფრო მეტიც, მენეჯერი, რომლის ღირებულებებიც მართვის თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება, თანამშრომლის ამ თვისებას სათანადოდ დააფასებს.

  • მოუსმინე სხვებს – მოსმენა, შესაძლოა, იყოს უზარმაზარი „დეპოზიტი“, რომელსაც „ემოციურ საბანკო ანგარიშზე“ შეიტანთ, რადგან არა კრიტიკით, არა განსჯით, არა გაკიცხვით, არა რეკომენდაციისა თუ რჩევის მიცემით, არამედ გულისყურით მოსმენით, ხშირად, ადამიანებს ტკივილს ვუყუჩებთ. ზოგჯერ, ადამიანებს მოსმენა ისე სჭირდებათ, როგორც – ჰაერი. თუ მათ ამ „ჰაერს“ მივაწვდით, შედეგად შესანიშნავ ურთიერთობას მივიღებთ.

ემპათიური დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურეობრივი ურთიერთობებისას. ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ გულისყურით მოსმენაა, რომლის ადამიანური საჭიროებაც ერთნაირად გააჩნია როგორც ზემდგომ პირებს, მენეჯმენტს, დამქირავებელს, ისე – დაქვემდებარებულ პერსონალს. არასწორ კომუნიკაციას ხშირად ახლავს ორაზროვნება და გაურკვევლობა; ინტერპერსონალურ კომუნიკაციაში, კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ არასათანადო მოსმენა შეიძლება გახდეს. სწორი კომუნიკაცია, პირველ რიგში, სწორ მოსმენაში გამოიხატება. მოსმენა უნდა მოხდეს არა შერჩევით, არა შენი საკუთარი გადასახედიდან, არამედ – გულისყურით, ემპათიურად, მოსაუბრის გადასახედიდან. ხელმძღვანელ პირს უნდა შეეძლოს, მოუსმინოს თანამშრომელთა პრობლემებს, საჩივრებს, საკითხებს, რაც მათ აწუხებთ; აღნიშნულ უნარს აუცილებლად უნდა ფლობდეს ყველა, ვისაც შრომით სიტუაციებში უხდება ადამიანებთან ურთიერთობა. იქნება ეს ნებისმიერი დონის ხელმძღვანელი, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი და ა.შ.

  • მოიხადე ბოდიში – შეცდომაზე ბოდიშის მოხდა „ანგარიშიდან“ გამოტანილ „თანხებს“ სასწრაფოდ შეავსებს. ეს, შეიძლება, სხვადასხვა ფორმულირებით გამოიხატოს: „შემეშალა“, „ბოდიშს ვიხდი“, „მაპატიე“, „ასე არ მინდოდა“, „ძალიან ვწუხვარ“ და ა.შ. ხშირად, ადამიანებს ბოდიშის მოხდა უჭირთ. თქვენს სიამაყეს ან სიმხდალეს არ მისცეთ უფლება, რომ ბოდიშის მოხდაში ხელი შეგიშალოთ, როცა ვინმე თქვენგან ნაწყენია ან თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, რადგან ამის შემდეგ, თავს თქვენც შესანიშნავად იგრძნობთ. შეურაცხყოფილი ადამიანი მზად არის, „შეიარაღდეს“ და თავს დაგესხათ, ან თავი დაიცვას. ბოდიშის მოხდით კი თქვენ მას განაიარაღებთ.

საკუთარი შეცდომების აღიარების უნარი ძალიან აუცილებელია წარმატებული ურთიერთობისთვის როგორც გუნდის წევრებს ასევე – ზემდგომსა და დაქვემდებარებულ პირებს შორის. ყოვლად გაუმართლებელია ხელმძღვანელ პოზიციაზე ყოფნით სარგებლობა და პერსონალისადმი დამოკიდებულება, რომ “შენ ყოველთვის მართალი ხარ.“

  • მკაფიო გახადე მოლოდინები – ზოგჯერ, სხვა ადამიანების მოლოდინი ჩვენ მიმართ გაურკვეველია. ყველაზე დიდი შეცდომა ურთიერთობაში არის ტყუილი დაპირებების მიცემა, იმისათვის, რომ ადამიანებს ასიამოვნოთ, რადგან შემდეგ, მათ იმედებს გაუცრუებთ. ნდობის მოსაპოვებლად, საჭიროა, არ გავუშვათ ბუნდოვანი გზავნილები, ასევე, არ ვიგულისხმოთ ის, რაც სიმართლე არ არის ან არასოდეს მოხდება.

ახალი სამსახურის ან ურთიერთობების დაწყებისას, ნათლად ჩამოაყალიბეთ თქვენი მოლოდინები, რადგან კონფლიქტების 95% და „ემოციური საბანკო ანგარიშიდან“ გამოტანა სწორედ მაშინ ხდება, როცა ერთი მხარე ერთ რამეს გულისხმობს, მეორე  კი მის სხვაგვარ ინტერპრეტაციას აკეთებს. ყველა ახალი ურთიერთობის შემთხვევაში, მკაფიოდ უნდა გაცხადდეს თითოეული მხარის უფლებები და მოვალეობები, რას უნდა მოელოდეს ერთი მხარე მეორისგან და პირიქით.

რეკომენდაციები ნდობის მოპოვებისთვის…

  1. ნუ დაელოდებით, როდის მოხდება „თანხების გატანა“ „ემოციური საბანკო ანგარიშიდან“, როდის გაუჩნდება ურთიერთობებს ბზარები და ნაპრალები იმისათვის, რომ „დეპოზიტების” შეტანაზე ზრუნვა დაიწყოთ. გრძელვადიანი ურთიერთობები ძვირფას და მნიშვნელოვან ადამიანებთან სწორედ „დეპოზიტების“ განუწყვეტლივ შეტანას მოითხოვს.
  2. ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვებაში ძალიან დიდ როლს თამაშობს ის, თუ როგორ დამოკიდებულებას ავლენთ კონკრეტული ადამიანის მიმართ მაშინ, როცა ის იქ არ იმყოფება. ამიტომ, როცა ასეთ ადამიანზე საუბრობთ, წარმოიდგინეთ, რომ მას ესმის, რასაც მასზე ამბობთ. თუ ამას წესად აქცევთ და ყოველთვის გაითვალისწინებთ, აშკარად იგრძნობთ, როგორ გაიზრდება თქვენდამი ადამიანების კეთილგანწყობისა და ნდობის კოეფიციენტი.

გადაცემა ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1919257238099096/

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები