LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა ასწავლოთ ბავშვს თავაზიანობა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

29

მშობელი აღზრდისა და ყოველდღიური ურთიერთობების პროცესში შვილს უნდა ასწავლიდეს სოციალურ ნორმებს. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ ურთიერთობს მშობელი შვილთან, როგორ ესაუბრება მისი თანდასწრებით გარშემომყოფებს. ეს ყოველივე გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნების ჩამოყალიბების პროცესზე და ამასთანავე, გარკვეულწილად განაპირობებს მის მომავალ ურთიერთობებს როგორც მშობლებთან, ისე სხვა ადამიანებთან. თავაზიანობა – ეს არის აღზრდის, ტაქტის, ზრდილობის ერთობლიობა. გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია საგანმანათლებლო დაწესებულების, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრის ფსიქოლოგი, რუსუდან სამხარაძეა.

ოჯახის როლი…

იმისთვის, რომ ბავშვი თავაზიანი გაიზარდოს, აქცენტი უნდა გააკეთოთ კარგ მანერებზე, ბავშვმა უნდა იცოდეს სიტყვები: „გამარჯობა“, „ნახვამდის“, „ მადლობა“, „თუ შეიძლება“, „გთხოვ“, „ბოდიში“, „მაპატიე“ და ა. შ. ეს სიტყვები მშობელმა უნდა ასწავლოს, თუმცა საჭიროა თავად მშობელმაც იცოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ეს სიტყვა ურთიერთობაში. ბუნებრივია, ოჯახს დიდი როლი აქვს, რა გარემოში იზრდება ბავშვი, რა კატეგორიის, ინტელექტის ადამიანებთან უწევს მას კონტაქტი.

დააკვირდით როგორ საუბრობენ ბავშვები. გარემო, სადაც გამუდმებით გინება, სიცრუე, აურზაური, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკულ ნივთიერებაზე დამოკიდებული ადამიანები არიან, ადრე თუ გვიან ნეგატიურად აისახება ბავშვზე, ამიტომ ბუნებრივია, როცა ბავშვი ხედავს უწესობას, დაისწავლის სწორედ უწესობას.

მშობელი უნდა იყოს ბავშვისთვის მაგალითი. ნუ დაივიწყებთ, ბავშვი ახდენს თქვენი საქციელის მიბაძვა/კოპირებას, მისთვის მშობელი ეტალონია. ასწავლეთ ბავშვებს, მოექცნენ სხვას ისე, როგორც მათ თვითონ უნდათ, რომ მოექცნენ. 

რამდენად ეფექტურია თავაზიანობის თამაშით სწავლება?

ეფექტურია, განსაკუთრებით პატარა ასაკიდან. ყოველი ჩვენგანისთვის კარგად არის ნაცნობი “ჯადოსნური დამხმარეები“ – წიგნები, ზღაპრები, საბავშვო ლექსები, ფილმები და მულტფილმები, აქტივობები და თამაშები თავაზიანობასა და ზრდილობაზე. ბევრ სკოლამდელ დაწესებულებაში ტარდება სპეციალური „ზრდილობის“ გაკვეთილები, სადაც თამაშის ფორმატში ბავშვები ეცნობიან ეტიკეტის ძირითად ფორმებს და ახდენენ ამის დემონსტრირებას.

სჯობს აუხსნათ ბავშვს, თუ რატომ უნდა მოიქცნენ თავაზიანად. ასწავლო ბავშვს ზრდილობა, თავაზიანობა – ეს კიდევ ერთი არც ისე ადვილი ამოცანაა მშობლისათვის. ეს პროცესი მოითხოვს უფროსებისგან მოთმინებას, დროს და რაც მთავარია, პირად მაგალითს.  სოციალური დასწავლის თეორეტიკოსები ფიქრობენ, რომ ბავშვები მორალურ ქცევას მოდელირებით – იმ მოზრდილებზე  დაკვირვებითა და მიბაძვით (კოპირებით) სწავლობენ, რომლებიც შესაბამის ქცევას ავლენენ.

მშობლებს ხშირად უკვირთ, როცა ბავშვები გარკვეულ ასაკში არასასურველ ქცევას სწავლობენ, თუმცა ავიწყდებათ, რომ ამ მოდელს ბავშვები ოჯახში უყურებდნენ, ან იმ გარემოში (მეგობრები), რომელთანაც შეხება ჰქონდათ. ამიტომ გახსოვდეთ, გარემო, სადაც თქვენი შვილი იზრდება, უნდა იყოს ჯანსაღი. დააკვირდით, ვის ეკონტაქტება ბავშვი ყოველდღიურად, რა მოდელს სწავლობს. 

მნიშვნელოვანია მშობელმა შვილს ბავშვობიდან ასწავლოს საკუთარი შეცდომების აღიარება, ბოდიშის მოხდა. მაგალითად, როდესაც ბავშვი უნებართვოდ იღებს სხვის სათამაშოს ან უნებურად ხელს კრავს მეორეს, ასწავლეთ ბოდიშის მოხდა. მაგრამ მხოლოდ სიტყვიერი სწავლება არ არის საკმარისი. მშობლის ქცევა მისთვის არის მაგალითი. ამიტომ, როდესაც მშობელი ასწავლის შვილს შეცდომების აღიარებას (პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ საქციელზე, რაც აუცილებელია), ბოდიშის მოხდას, უპირველეს ყოვლისა, თავად მშობელმა უნდა დაიცვას ეს წესი, როგორც ზრდასრულმა, ჩამოყალიბებულმა ადამიანმა.

დაახლოებით 2 წლის ასაკიდან, ბავშვისთვის უკვე ნაცნობია დანაშაულის განცდა. 3 წლის ასაკიდან ბავშვი სწავლობს გააზრებულად ბოდიშის მოხდას, ამასთანავე, შესწევს უნარი გაანალიზოს საკუთარი ემოციები.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები