LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა ჩამოვუყალიბოთ ბავშვს წიგნის მიმართ დადებითი დამოკიდებულება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

16

კითხვის პროცესის მიმართ ინტერესი მშეობლებმა შვილებს ადრეულ ასაკში უნდა  გაუჩინონ. წიგნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულებით მშბელი აძლევს მაგალითს შვილს. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი თეო ნუცუბიძე.

რას გულისხმობს კითხვის პროცესი?

კითხვა კომპლექსური პროცესია, რომლის ქვეშ უნდა მოვიაზროთ არაერთი კომპონენტი: ასოების ამოცნობა, დასახელება, ასოების მარცვალში გაერთიანება, მარცვლების სიტყვაში გაერთიანება, სიტყვის დასახელება და მისი მნიშვნელობის გაგება; სიტყვების წინადადებაში გაერთიანება- წინადადების შემადგენელი სიტყვების ერთმანეთთან დაკავშირება და წინადადების შინაარსის გაგება; ტექსტის შემადგენელი წინადადებების ერთმანეთთან დაკავშირება: კონკრეტული წინადადების მეხსიერებაში შენახვა და მასთან დაკავშირებული სხვა წინადადების/ ების წაკითხვის შემდეგ ტექსტის მთავარი სათქმელის გაგება…

როგორ უნდა ჩამოვუყალიბოთ ბავშვს წიგნის მიმართ დადებითი დამოკიდებულება?

ბავშვებში კითხვის უნარის განვითარებაზე ზრუნვა, სასურველია, ადრეული ასაკიდანვე იწყებოდეს. რაიმეს მიმართ დადებითი/ უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენა თავის თავში მოიაზრებს იმას, რომ არსებობს მისი მოწონების/ არ მოწონების საფუძველი. ამ საფუძველს კი ბავშვისთვის უფროსი ადამიანები ქმნიან. შესაბამისად, ბავშვისთვის მოსაწონია ხოლმე ის, რაც მოსწონთ მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს- მშობლებს, მზრუნველებს. ბავშვს უფროსები ვაცნობთ სამყაროსა და მასში არსებულ ობიექტებს როგორც „კარგებს“, ან როგორც „ცუდებს“; უფროსები ვაცნობთ წიგნს, როგორც „კარგს“, ან როგორც „ცუდს“, წიგნისადმი ჩვენი დამოკიდებულებით- როგორ ვკითხულობთ, როგორ ვუვლით, როგორი სიფრთხილით ვურთიერთობთ წიგნთან, გამოვხატავთ თუ არა ემოციას წიგნის კითხვისას და ა.შ. ბავშვებს, ადრეული ასაკიდანვე, სწორედ ასეთი „ცუდი“ ან „კარგი“ დამოკიდებულების მაგალითების გავლენით  უყალიბდებათ „წიგნი, როგორც კარგი“ ან „წიგნი, როგორც ცუდი“ კოგნიტური სქემები და, შემდგომში, მოსალოდნელია, რომ მათი ამ ადრეული გამოცდიელბის შესაბამისი იყოს წიგნისადმი, წიგნის კითხვისადმი მათი დამოკიდებულებაც.

გარდა იმისა, რომ მშობლები ბავშვებს უნდა აძლევდნენ წიგნისადმი დადებითი დამოკიდებულების მაგალითს,  ასევე,  მნიშვნელოვანია, ადრეული ასაკიდანვე, ხშირად უკითხავდნენ ასაკითვის შესაბამის ლიტერატურას, სხვადასხვა მოცულობისა და სირთულის მოთხრობებს, ზღაპრებს; ამასთან, კითხვისას ხმის ტემბრის ცვლილება, ემოციის გამოხატვა, არავერბალური ინფორმაცია ბავშვს ეხმარება წაკითხულის უკეთ გაგებასა და კითხვის, როგორც საინტერესო პროცესის განხილვაში.

კითხვის უნარის განსავითარებლად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდი მულტისენსორული მოდელია, სადაც ბავშვისთვის კითხვის სწავლაში დასახმარებლად არაერთი  სენსორული არხის გამოყენება ხდება: მაგალითად, შეხების, სმენითისა და მხედველობის მოდალობების ერთდროული გამოყენებით (ასოების გამოძერწვა, ასოების/ სიტყვების მიბაძვით გამეორება, ამობურცულ ზედაპირზე გამოსახულ ასოებზე თითის შემოყოლება, კარნახით ჩაწერა, ასოების პლაკატების ჩვენება და დასახელება, ასოებისგან სიტყვის შედგენა- ბარათებზე გამოსახული ასოების სხვადასხვაგვარი გადანაცვლებით, სიტყვებისგან წინადადების (მარტივის/ რთულის) შედგენა- მოცემული სიტყების სხვადასხვა კომბინაციით განხილვის შედეგად.

ასევე, ერთ-ერთი საინტერესო მეთოდია მთლიანობითი მოდელი, რაშიც ყურადღება სიტყვის მთლიანი ხატის დამახსოვრებაზეა გამახვილებული. ამ მეთოდით მუშაობისას,  ბავშვისთვის სიტყვის ხატის დასწავლაში დასახმარებლად, დაწერილ სიტყვას თან ახლავს ამ სიტყვით აღნიშნული საგანი, სურათი ან ნახატი; ხდება სურათზე მოცემული გამოსახულებისა ან საგნის სახელდება და მისი დაკავშირება დაწერილ სიტყვასთან. თუმცა, ამ მეთოდის გამოყენებისას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ მიხვედრით კითხვის ტენდენციას, რაც ზოგიერთ ბავშვს ახასიათებს- თუ ბავშვი მიხვედრით, მხოლოდ საგანზე, სურათზე დაყრდნობით, სიტყვის ამოკითხვის გარეშე კითხულობს, მაშინ შეგვიძლია მივაწოდოთ ისეთი ტიპის სავარჯიშოები, როგორიცაა, მაგალითად, შეცდომით დაწერილი სიტყვების მიწოდება და ინსტრუქციის მიცემა, რომ გაასწოროს არასწორად დაწერილი სიტყვები.

7 რჩევა თეო ნუცუბიძისგან:

  1. აღზარდეთ ბავშვი ისეთ გარემოში, სადაც კითხვა უყვართ; „მკითხველთა“ გარემოში მყოფი ბავშვი ხედავს, რომ მშობლები წიგნს მნიშვნელოვან ნივთად განიხილავენ, ხშირად კითხულობენ და ყიდულობენ მას, ე.ი. ის კარგია. შემდგომში ბავშვი, როგორც მიმბაძველი არსება, თავადაც დაინტერესდება კითხვით, რადგან მშობელთა მაგალითი მათზე დიდ გავლენას ახდენს.
  2. ადრეული ასაკიდანვე გააცანით ბავშვს წიგნი. მასალის სირთულე ცვალეთ ბავშვის ასაკისა და ინდივიდუალური თავისებურების შესაბამისად. ჯერ დაათვალიერებინეთ, შემდეგ წაუკითხეთ, ვიდრე თავად ისწავლიდეს კითხვას; ადრეულ ასაკში დაიწყეთ ნახატებით გაფორმებული, ლამაზი, ფერადი წიგნებით, სადაც მეტი თვალსაჩინოებაა, რადგან მცირეწლოვანი ასაკის ბავშვები ხელმძღვანელობენ აღქმით და აღქმით მიღებული ინფორმაცია მით უფრო საინტერესოა მათთვის, რაც უფრო მეტი თვალსაჩინოება ახლავს თან, შესაბამისად, სწორედ ფერადი, ლამაზი მოცემულობა იქცევს მათ ყურადღებას და იწვევს მათ ინტერესს.
  1. წაუკითხეთ ბავშვს მაშინ, როცა მას არ ეძინება ან არ აპირებს თამაშსს. დარწმუნდით იმაში, რომ ის დრო, რომლის გამოყენებასაც თქვენ მათთვის წიგნის წაკითხვისთვის ცდილობთ, ბავშვის საყვარელი თამაშისა ან მისთვის საინტერესო აქტივობის დროს არ ემთხვევა, რადგან ასეთ შემთხვევაში, ბავშვისთვის, წიგნის კითხვა ასოციაციურად საყვარელი საქმიანობის შეზღუდვასთან იქნება დაკავშირებული, რაც, საბოლოო ჯამშიი, კითხვის, როგორც არასასიამოვნო პროცესის გაგებას განაპირობებს ბავშვში.
  1. ესაუბრეთ ბავშვს უკვე წაკითხულის შესახებ; დაინტერესდით რა მოეწონა ან რა არ მოეწონა ზღაპარში/ მოთხრობაში; რა ემოციები დაეუფლა, რომელი პერსონაჟი იყო მისთვის საინტერესოა, რა იყო ამ პერსონაჟში საინტერსო და სხვ. აუცილებლად მიეცით საკუთარი აზრის გამოთქმისა და ემოციის გამოხატვის საშუალება, მოუსმინეთ ყურადღებით.
  1. ბავშვთან ერთად მოაწყვეთ წიგნის ყიდვის დღეები, აქციეთ ეს დღე ტრადიციად. როცა ბავშვი უკვე კითხვას ისწავლის, მიეცით მას არჩევანის გაკეთების საშუალება, თავად აირჩიოს მისთვის წიგნი. არ დაუწუნოთ მას არჩევანი, მთავარი ხომ ის არის, ბავშვმა ისწავლოს წიგნთან ურთიერთობა და დაიწყოს კითხვა. თქვენ, შესაძლოა, უბრალოდ დაუსახელოთ წიგნები, რომლებიც წაიკითხეთ ბავშვობაში მაშინ, როცა შვილის ასაკში იყავით და შესთავაზოთ, ბავშვის სურვილის შემთხვევაში, გაეცნოს მათ.
  1. როცა ბავშვი ეცნობა ამა თუ იმ მოთხრობას, ნაწარმოებსა თუ წიგნს, სასურველია, უფროსებიც მოემზადოთ და მოცემული ნაწარმოებისა თუ წიგნის ავტორის შესახებ ბავშვს მიაწოდოთ მეტი ინფორმაცია, რაც შეიძლება საინტერესოდ. ასეთ შემთხვევაში, მეტი იქნება იმის ალბათობა, რომ შემდგომში ბავშვი კიდევ დაინტერესდეს კონკრეტული ავტორის სხვა ნაწარმოებებითაც, ეს კი, თავის მხრივ, ბავშვის მიერ მეტი წიგნის წაკითხვას, დროთა განმავლობაში, კითხვისადმი მისი ინტერესისა და კითხვის უნარის განვითარებას შეუწყობს ხელს.
  1. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს დააძალოთ ბავშვს კითხვა; არ გააკრიტიკოთ მისი კითხვის მანერა; არ უსაყვედუროთ იმის გამო, თუ კონკრეტული წიგნი/ წიგნები არ აქვს წაკითხული, ან არ აქვს მისადმი ინტერესი; არ დაუთვალოთ წაკითხული წიგნების რაოდენობა და ამ რაოდენობის მიხედვით არ იმსჯელოთ მასზე, როგორც მკითხველზე; არ შეადაროთ მის მიერ წაკითხული წიგნების რაოდენობა, მისი კითხვის სისხარტე ან/ და წიგნის კითხვისთვის გამოყოფილი დრო სხვა ბავშვის შესაბამის მაჩვენებელს. კითხვის პროცესი ბავშვს სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს და არ უნდა გამოიყენებოდეს კრიტიკისა ან სხვებთან შედარების საფუძვლად.

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები