LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა დაძლიოთ საგნებსა და ადამიანებზე მიჯაჭვულობა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

105

ადამიანი თავის დამოკიდებულებას ადამიანების, საგნების, მოვლენებისა თუ პროცესების მიმართ აყალიბებს მთელი ცხოვრების განმავლობაში, ჩნდება მიჯაჭვულობა. თუმცა რიგ შემთხვევაში ამან შეიძლება მძიმე ფორმები მიიღოს, რომლის დასაძლევადაც სპეციალისტის დახმარებაა საჭირო. რომელია ყველაზე რთულად დასაძლევი დამოკიდებულებები და როგორ უნდა გადაიჭრას მასთან დაკავშირებული პრობლემები,
გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარი ფსიქოლოგიური ცენტრის  „იდილიას“ ფსიქოლოგი, ნინო ახალაიაა.

რა არის მიჯაჭვულობა და დამოკიდებულება?

ფსიქოლოგი ამბობს, რომ მიჯაჭვულობა ეს არის ემოციური კავშირი ადამიანებს შორის და იგულისხმება, რომ ეს კავშირი გამოწვეულია ერთმანეთზე დამოკიდებულებით. ხოლო დამოკიდებულება ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც ვლინდება აკვიატებულ და განმეორებად სწრაფვაში განახორციელოს გარკვეული ქმედებები, ქცევები. თუმცა ქცევის ეს ფორმა არის დესტრუქციული, რადგან აბრკოლებს ადამიანის პიროვნულ ზრდას. დამოკიდებული ადამიანი არ არის თავისუფალი, მას არ შეუძლია მართოს საკუთარი ცხოვრება.

რა სახის დამოკიდებულებები არსებობს?

თუ კი თავიდან ტერმინი ,,დამოკიდებულება ” – ნარკომანიასთან ან ალკოჰოლიზმთან მიმართებაში გამოყენებოდა, ახლა საკმაოდ ფართო დატვირთვა მიიღო. თანამედროვე ცხოვრებამ თავისი რეჟიმით, რიტმით, დაძაბულობით, ძნელად დასაძლევი სტრესების მრავალფეროვნებით ადამიანს ბევრი ცდუნება შესთავაზა, რა სახითაც რეალობიდან გაქცევას შესძლებს და თავს შეაფარებს. არსებობს ინტერნეტ-დამოკიდებულება, სასიყვარულო ურთიერთობაზე დამოკიდებულება, აზარტულ თამაშებზე, საყიდლებზე დამოკიდებულება – შოპოჰოლია, სპორტზე დამოკიდებულება – აკვიატებული ფიზიკური ვარჯიში და სპორტულ დარბაზებში გატარებული დღეები; სამუშაოზე დამოკიდებულება – ვორქოჰოლია, გადაქანცვამდე მუშაობა; კვებითი დამოკიდებულებები და ა.შ.

„ყველა ტიპის დამოკიდებულება, მათ შორის ნარკოდამოკიდებულება და ალკოჰოლიზმი არის რეალობიდან გაქცევა. ასეთი ადამიანების გარიყვა, კრიტიკა, მათთვის დანაშაულის გრძნობის გაღვივება უარესს ფორმებს იღებს. ამ დროს საჭიროა ოჯახის თანადგომა. მეტისმეტი მიჯაჭვულობა ვინმეზე – მშობლებზე, საყვარელ ადამიანზე, შვილებზე, მეგობრებზე , დამოკიდებულება ნივთებზე, ქცევებზე, ქიმიური დამოკიდებულებები, მათ შორის პრეპარატებზე , ალკოჰოლზე, ნიკოტინზე, კოფეინზე – ეს არის ერთგვარი მონობა, რომელიც ზღუდავს, აბრკოლებს  და დეგრადაციისკენ უბიძგებს ადამიანს, რადგან ის არ არის თავისუფალი, გარბის და ტყვეობაში ექცევა. შედეგად ზარალდება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანი, ზიანდება ოჯახი, ოჯახები, საზოგადოება“, – აცხადებს ნინო ახალაია.

7 რჩევა ნინო ახალაიასგან:

  1. მშობლების საზრუნავი დაბადებიდანვე არის ხელშეწყობა და ზრუნვა პატარას ფსიქოფიზიკურ განვითარებაზე – როგორც კი დამოუკიდებელი მოქმედების სურვილს ავლენს, მას უნდა მისცეთ შესაძლებლობა – ჭამოს თავისი ხელით, გადადგას ნაბიჯები, გატეხოს სათამაშო, წაიქცეს , ჩახტეს გუბეში, შეიგრძნოს ცხოვრება.
  2. გაითვალისწინეთ, აღზრდის პროცესში ორი მტერია – ჰიპერმზრუნველობა, გადაჭარებებული, თავისუფლების შემზღუდველი მზრუნველობა, რომელიც სულაც არ არის სიყვარული და ჰიპომზრუნველობა – სრული იგნორირება და უზრუნველობა.
  3. აუცილებელია შექმნათ სიყვარულით და მიმღებლობით, ნდობით სავსე გარემო, სადაც შეცდომის დაშვებისთვის გარეთ არ აგდებენ, არ შეურაცხყოფენ, არამედ ასწავლიან სიტუაციის გამოსწორებას, სტრესის დაძლევას, გამოსავალზე ორიენტირებას.
  4. მუდმივი სტრესი, ოჯახური კონფლიქტები, ფიზიკური და ვერბალური აგრესია, დაცინვა, კრიტიკა, შენიშვნები, დაძაბულობა, მორალური ძალადობა იწვევს ადამიანში გაქცევის სურვილს.
  5. ძალიან მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდა და არა მხოლოდ სიტყვიერი.
  6. დიდი გავლენა აქვს სამეგობრო წრეს, თანატოლებს. გარდამავალი ასაკის კრიზისის დაძლევისას ოჯახის როლი შეუცვლელია.
  7.  თუ კი დღეს პრობლემა არსებობს , რომელიც უკვე დამოკიდებული ქცევის სახით არის ჩამოყალიბებული, მას სჭირდება დახმარება და არა უარყოფა. პრობლემის მოგვარება არ ხდება გაგდებით, იგნორირებით, გაუთავებელი დასჯით, დამწყვდევით. თუ კი თქვენს ახლობელს აქვს დამოკიდებულების პრობლემა,  სპეციალისტების დახმარებით მთელმა ოჯახმა უნდა იმუშაოს. აუცილებელია სპეციალისტების დროული ჩართვა.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები