LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა დაიწყოთ პიროვნული განვითარება – FM ქოუჩი

104

პიროვნული განვითარება ყველა ადამიანისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს ფაქტორი მოქმედებს როგორც პირად ცხოვრებაზე, ასევე ეფექტურ სამსახურეობრივ ურთიერთობებზე. გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ტრენერი ნათია ქოიავა.

როგორ იწყება პიროვნული განვითარება?

პიროვნული ზრდა საკუთარი თავის შეცნობით იწყება. პრობლემები ჩვენშია, ჩვენს მიდგომებში, ჩვენს დამოკიდებულებებში, ისინი სხვა ადამიანებში თუ გარემოებებში არ უნდა ვეძებოთ. წარმატება და წინსვლაც მხოლოდ ჩვენშია. ჯერ პირად გამარჯვებას უნდა მიაღწიო, ე.ი. ჩაუღრმავდე საკუთარ თავს, დახარჯო ძალისხმევა, დაძლიო შიში, განამტკიცო საკუთარი თავის რწმენა და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის საზოგადოებრივი გამარჯვება. მნიშვნელოვანი ცვლილებები საკუთარი თავის შეცვლით უნდა დავიწყოთ. როცა გარემოს ან სხვა ადამიანების შეცვლა გვინდა, ჯერ საკუთარი თავი უნდა შევცვალოთ, ყველა ცვლილება იწყება ჩვენით, ეს შიგნიდან გარეთ ხდება და არა – გარედან შიგნით.

„ცვლილებები იწყება შენით“ – ეს არის პიროვნული განვითარების კურსის დევიზი, რომელსაც უკვე წლებია ვუძღვები. ჩვენი განწყობა თუ დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ, საბანკო ანგარიშს ჰგავს. იმისდა მიხედვით, თუ რას ვფიქრობთ, ვამბობთ ან ვაკეთებთ, ჩვენ შეგვიძლია, „შევიტანოთ დეპოზიტები“ ან „გამოვიტანოთ“ „პირადი საბანკო ანგარიშიდან“.

საკუთარი თავის შეცნობა, გარკვეულწილად, იმასაც მოიცავს, დავფიქრდეთ, როგორია ჩვენი „პირადი საბანკო ანგარიში“, ე.ი. ჩვენი ნდობის რეზერვი საკუთარ თავთან. მაღალია თუ დაბალი? თუ საერთოდ ბანკროტები ვართ?

დაბალი „პირადი  საბანკო ანგარიშის“ შესაძლო სიმპტომებია: ადვილად ექცევით სხვა ადამიანების გავლენის ქვეშ; ხშირად გაქვთ არასრულფასოვნების განცდა; ზედმეტად ღელავთ იმაზე, თუ რას იტყვიან თქვენზე სხვები; ქედმაღლურად იქცევით, რათა დაფაროთ საკუთარი არასრულფასოვნების განცდა; გშურთ სხვა ადამიანების, როცა ისინი წარმატებას აღწევენ…

მაღალი „პირადი საბანკო ანგარიშის“ სიმპტომებია: შეგიძლიათ საკუთარი თავის, საკუთარი პოზიციების დაცვა, ადვილად არ ექცევით სხვისი გავლენის ქვეშ; ზედმეტად არ ხართ დაინტერესებული იმით, რომ პოპულარული იყოთ; თქვენთვის ყოველდღიური ცხოვრება, ძირითადად, პოზიტიური გამოცდილებაა (ჭიქა ნახევრად სავსეა); ენდობით საკუთარ თავს; გაქვთ მიზნები და ხართ მათზე ორიენტირებული; გიხარიათ სხვების წარმატება.

თუ თქვენი „პირადი საბანკო ანგარიში“ დაბალია, ნუ შეგეშინდებათ, დღეიდანვე დაიწყეთ მცირე „დეპოზიტების“ შეტანა.

რას მოიცავს  „პირადი საბანკო ანგარიში“?

ძირითადი დეპოზიტებია:

  • შეუსრულე შენს თავს დაპირებები;
  • გააკეთე პატარა სიკეთეები;
  • გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი, ამიტომ, აპატიე შენს თავს;
  • ნუ მოიტყუები, იყავი კეთილსინდისიერი;
  • განაახლე საკუთარი თავი
  • თუ შენს თავს დაპირებას არ უსრულებ, კარგავ ნდობას საკუთარი თავის მიმართ. ისევე, როგორც იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მუდმივად რაღაცას გპირდება და არ გისრულებს.
  • ფსიქოლოგები გვირჩევენ, თუ დეპრესიაში ხართ, გააკეთეთ რამე ვინმესთვის. რატომ? იმიტომ, რომ როცა ვინმეზე ზრუნავ, დეპრესიაში ვერ ჩავარდები. სხვების დახმარებით, შედეგად იმას ვიღებთ, რომ თავს შესანიშნავად ვგრძნობთ. როდესაც გავცემთ, არამარტო სხვის, არამედ საკუთარ ცხოვრებასაც ვალამაზებთ და ვაჯანსაღებთ.
  • აპატიე შენს თავს, როცა შეცდომას დაუშვებ. ნუ განსჯი ზედმეტად მკაცრად, როცა რამე არ გამოგივა. ყველაფერს იმედიანად მიუდექი და დღეს თუ არა, ხვალ აუცილებლად გამოგივა. ისწავლე გაცინება საკუთარ შეცდომებზე და ყოველთვის გახსოვდეს, „არ არსებობს შეცდომები, არსებობს მხოლოდ უკუკავშირი“. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთი და იგივე შეცდომა განმეორებით ჩავიდინოთ, საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ და აღარასოდეს გავიმეოროთ, მაგრამ მათ საკუთარი თავი არ უნდა გადავაყოლოთ. ხშირად, საჭიროა წარსული შეცდომების დავიწყება, იმისთვის, რომ მომავალში უფრო მშვიდად იცხოვრო; წარსულის ტვირთი უნდა მოიშორო, რათა წინსვლასა და აღმასვლაში ხელი არ შეგიშალოს.
  • პირველ რიგში, საკუთარ თავთან იყავი პატიოსანი, გულწრფელი და კეთილსინდისიერი და მერე – სხვების მიმართ. არასოდეს მოიტყუო, იყავი გულწრფელი და თავს შესანიშნავად იგრძნობ. არ შეიძლება, ცუდად მოიქცე და თავი კარგად იგრძნო. გაცილებით ძლიერი ხარ, როცა გული და სინდისი სუფთა გაქვს.
  • გამოყავი დრო იმისთვის, რომ მოდუნდე, განიტვირთო, დაისვენო, ძალები მოიკრიფო. ეს ყველა ადამიანის შემთხვევაში ინდივიდუალურია. შეგიძლიათ განმარტოვდეთ, გაისეირნოთ ბუნებაში, ირბინოთ, იცეკვოთ, დახატოთ, წაიკითხოთ, დაუკრათ მუსიკალურ ინსტრუმენტზე, ფილმს უყუროთ და ა.შ.

გუნდური მუშაობისა და კოოპერაციის უნარი სწორედ მაშინ გაქვს, როცა საკუთარი თავის მიმართ ნდობა მაღალია. ასეთ შემთხვევაში, ორგანიზაციაში არავის ეჯიბრები და პირიქით, ყოველთვის მზად ხარ დახმარებისთვის, გამოცდილების გაზიარებისთვის, სწავლებისთვის; არ გეშინია იმის, რომ ვინმე გაჯობებს, შენ აკეთებ შენს საქმეს მთელი გულმოდგინებით, კეთილსინდისიერად და მაღალ დონეზე და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური რესურსი ხარ ორგანიზაციისთვის. მაღალი „პირადი საბანკო ანგარიშის“ ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სიმპტომია ის, რომ გიხარია სხვების წარმატება. ასეთ შემთხვევაში, შენ ზრუნავ არამარტო საკუთარ, არამედ სხვა ადამიანების წარმატებაზეც, შენს ორგანიზაციაში. შესაბამისად, მთელი გუნდის წარმატებულობა მთლიანად ორგანიზაციის წარმატებულობაზე აისახება.

რამდენად მნიშვნელოვანია “პაუზის ღილაკი” პიროვნული განვითარებისთვის?

როცა „პირადი საბანკო ანგარიში“ მაღალია, ადამიანი უფრო გაწონასწორებულია და გაცილებით მეტი შანსია იმისა, რომ არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. მაგალითად, როცა ვინმეზე ვბრაზდებით, საიდან ვიღებთ იმის ძალას, რომ უხეშად არ ვუპასუხოთ? დასაწყისისთვის დააჭირეთ „პაუზის ღილაკს“, რომელიც ყველა ადამიანს თანდაყოლილი აქვს, უბრალოდ, მისი სათანადოდ გამოყენება უნდა ვისწავლოთ. ცხოვრება ისე სწრაფად მიდის, რომ დაუყოვნებლივ ვრეაგირებთ ყველა სტიმულზე, ანუ გამღიზიანებელზე. თუ ვისწავლით „პაუზის ღილაკზე“ დაჭერას, საკუთარი თავის კონტროლს და დავფიქრდებით იმაზე, თუ როგორ გვინდა, რომ ვუპასუხოთ, გაცილებით უფრო ჭკვიანურ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. სწორედ ამ შემთხვევაში შევძლებთ ემოციების გარდაქმნასაც (ნეგატიური ემოციის პოზიტიურად გარდაქმნა). როდესაც აბრაამ ლინკოლნი გარდაიცვალა, მის უჯრაში აღმოაჩინეს 200–ზე მეტი გაუგზავნელი წერილი. როცა ის ვინმეზე ბრაზდებოდა და საყვედურის წერილს სწერდა, ჩვევად ჰქონდა, რომ მაშინვე არ გაეგზავნა. მოგვიანებით, როცა ამ წერილს კითხულობდა, მისი გაგზავნა აღარ უნდებოდა. გაუგზავნელ წერილებს უჯრაში ინახავდა, ხოლო მათ კორექტირებულ ვარიანტს ხელახლა წერდა და ადრესატებთან აგზავნიდა. რაც უფრო ხშირად და გონივრულად ვიყენებთ პაუზის ღილაკს, მით უფრო ნაკლებად ვნანობთ მიღებულ გადაწყვეტილებებს. თავდაპირველად, გვიწევს ამაზე ძალისხმევის დახარჯვა, საკუთარი თავის იძულება, რომ პაუზის ღილაკს დავაჭიროთ, მაგრამ თუ ამას ხშირად გავაკეთებთ, საბოლოო ჯამში, ის ჩვენს ჩვევად იქცევა და ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, ავტომატურად მოხდება.

„პაუზის ღილაკის“ გამოყენება გვეხმარება ეფექტურ კომუნიკაციაში, როგორც პირად, ისე საქმიან ურთიერთობებში, ორგანიზაციაში. სამსახურში, პაუზის ღილაკის გამოყენება გვეხმარება, ვიყოთ მოქნილი და არა – ხისტი გადაწყვეტილებების მიღებასა თუ თანამშრომლებთან ურთიერთობაში, თავიდან ავიცილოთ უკმაყოფილებები და კონფლიქტები; ტონს არ ავუწიოთ, როცა რამე ან ვინმე გაგვაბრაზებს; შევინარჩუნოთ  სიმშვიდე, როცა მეორე მხარე აღელვებულია; აგრესიაზე აგრესიით არ ვუპასუხოთ; არ დავკარგოთ წონასწორობა, როცა რამე არ გამოდის, საქმე გეგმის მიხედვით არ მიდის და ა.შ. ეს ეხება როგორც ხელმძღვანელ პირებს, ისე – რიგით თანამშრომლებს. ამ კონტექსტში, ისინი ერთმანეთისგან არ უნდა გაიმიჯნოს, უბრალოდ, უნდა აღინიშნოს, რომ იმას, ვისაც უფრო მაღალი თანამდებობა უჭირავს, პასუხისმგებლობაც მეტი აქვს. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნული, მას  უფრო მეტად მოეთხოვება.

თანამედროვე მენეჯმენტში, ინდუსტრიული ხანის ხისტი სტილით მართვა გამართლებული არ არის. ცოდნის მუშაკებით დაკომპლექტებულ ორგანიზაციაში ხისტი მენეჯმენტი ეფექტიანი და შედეგის მომტანი ვერ იქნება. დღეს, პრობლემის გადაჭრა ჩხუბით, ყვირილით, ძალიან ცუდ ტონად ითვლება. მუშაობს ურთიერთგაგება, წახალისება, თანადგომა, გუნდურობა. ასე შედეგებიც გაცილებით სწრაფად და ეფექტურად მიიღწევა.

რას ნიშნავს “გარდამავალი ადამიანი” ?

თუ ხელმძღვანელი თანამდებობა არ გიჭირავთ, თქვენ შეგიძლიათ, იყოთ ე.წ. „გარდამავალი ადამიანი“, ე.ი. ცვლილებების ლიდერი იმ ორგანიზაციაში, სადაც მუშაობთ. მაგალითად, შეიძლება გყავდეთ ძალიან ცუდი ბოსი ან თქვენი სამუშაო გარემო იყოს არამარტო არასასიამოვნო, არამედ – უსამართლოც. თუმცა, თქვენი პიროვნული განვითარების მაღალი დონით და სტიმულსა და რეაქციას შორის პაუზის ჭკვიანური გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ, ძლიერი გავლენა მოახდინოთ თქვენს ბოსზე და შეცვალოთ ეს გარემო; ან, სულ მცირე, მოახდინოთ საკუთარი თავის იზოლაცია არასასიამოვნო გარემოსგან, არ შეხვიდეთ კონფლიქტში, თავიდან აიცილოთ უსიამოვნო სიტუაციები, თუ ამ ეტაპზე, სამსახურის შეცვლას ვერ ახერხებთ.  ზოგადად, თუ სიტუაციის შეცვლა თქვენთვის შეუძლებელია, რეკომენდირებულია, მოშორდეთ იმ გარემოს, სადაც თქვენი და საყოველთაო ადამიანური ღირებულებები ირღვევა.

როცა პირადი საბანკო ანგარიში მაღალია, ადამიანს სულაც არ აშინებს და პირიქით, უხარია სხვების წარმატება, ეხმარება მათ ამაში, ორგანიზაციაში, ერთ გუნდში, ეს მით უმეტეს მნიშვნელოვანი და აუცილებელია.  თუ ორგანიზაციის თანამშრომლები, კოოპერირების ნაცვლად, ერთმანეთს ეჯიბრებიან, გამოცდილებას არ უზიარებენ,  ერთმანეთის წარმატებას ხელს არ  უწყობენ, ეს იგივეა, რომ ფეხბურთის გუნდში, თანაგუნდელები ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობდნენ, საგოლე პასებს არ აწვდიდნენ.

თუ ხელს შეუწყობთ სხვა ადამიანებს ეფექტიანად და წარმატებით მუშაობაში, გაამხნევებთ და წაახალისებთ მათ, ასევე, დაეხმარებით ძლიერი მხარეების აღმოჩენაში, შემატებთ მათ საკუთარი თავისა და შესაძლებლობებისადმი რწმენას, თქვენ შეასრულებთ ქოუჩის როლს ორგანიზაციაში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ სულაც არ გიჭირავთ ხელმძღვანელი თანამდებობა. ასეთი ადამიანი მმართველ გუნდზეც ახდენს ძლიერ დადებით გავლენას და როგორც წესი, ორგანიზაციაში შეუმჩნეველი არასოდეს რჩება. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ ადამიანებს დაწინაურების გაცილებით მეტი შანსი აქვთ.

 

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები