LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მართოთ ტკივილი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

34

ტკივილი ეს არის ორგანიზმის სენსორული (შეგრძნებითი) და ემოციური რეაქცია  იმ მავნე გამღიზიანებელზე, რომელიც აზიანებს, ან საფრთხეს უქმნის ორგანულ ქსოვილს.  ტკივილის აღქმა საჭიროა ჩვენი გადარჩენისთვის. იშვიათად გვხვდება შემთხვევები, როდესაც ადამიანი ვერ გრძნობს ტკივილს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ტკივილის მართვა შესაძლებელია. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია, ფსიქოლოგი თეო გუბიანური.

 

რამდენი სახის ტკივილი არსებობს?

არსებობს სამი სახის ტკივილის შეგრძნება – ნოციცეპტური, ნეიროპათიური და ფსიქოგენური. ნოციცეპტურ ტივილის იწვევს რაიმე გამღიზიანებელი, მაგალითად, ნემსის ჩხვლეტა, სხეულის დაწვა, წელის ტკივილი; ამ დროს აქტიურდებებიან ტკივილის რეცეპტორები – ნოციცეპტორები, რომლებიც ჩვენი ქსოვილის ზედაპირზე არის განლაგებული და ინფორმაციას აგზავნის ჯერ ზურგის ტვინში, შემდეგ კი თავის ტვინში, სადაც ფიქსირდება ტკივილის შესახებ ინფორმაცია და გადამუშავდება სამოქმედო გეგმა. (ლოკაცია, სიმწვავე, რა რეაქცია უნდა მოყვეს ამ საშიშროებას), ამავდროულად, ეს იწვევს არტერიული წნევის და  გულისცემის სიხშირის მატებას, სისხლში ეპინეფრინის და გლუკოზის მომატებას, თვალის გუგების გაფართოებას და ოფლიანობას, შიშს, შფოთვას და განრიდების რეაქციას ( მაგ: გაქცევა, ხელის გაწევა ნემსიდან).

ნეიროპათიურ ტივილს იწვევს დაზიანებული ცენტრალური ან პერიფერიული ნერვული სისტემა, მაგალითად,  ონკოლოგიური დაავადების (კიბო)  შემთხვევაში. ასეთ ტკივილის მოხსნა შეუძლია მედიკამენტებს.

ფსიქოგენური ტკივილისას შესაძლებელია ადამიანს ზიანს აყენებდნენ, მაგრამ ის ტკივილს ვერ აღიქვამდეს, ან პირიქით, არ არსებობდეს გამღიზიანებელი, მაგრამ ადამიანი ტკივილს აღიქვამდეს. ფსიქოგენური ტკივილის სახეებია: ქრონიკული ტკივილი, ტკივილი დეპრესიისას,  ფანტომური ტკივილები – ასეთი სახის ტკივილი შეძლება შეიგრძნოს ადამიანმა იმ ადგილში, რომელიც მოკვეთილი აქვს. მაგალითად, ამპუტირებული ჰქონდეს ფეხი, თუმცა აღიქვამდეს მის მწვავე ტკივილს. საინტერესოა ის, რომ განსხვავებულ ეთნიკურ ჯგუფებში ოპერაციის შემგომ ტკვილს განსხვავებულად აღიქვამენ.

 

არის თუ არა ტკივილი ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე დამოკიდებული?

ტკივილის შეგრძნება დამოკიდებულია სხვადასხვა პირობებზე და რეაგირების იმ ჩვევებზე, რომლებსაც გამოვიმუშავებთ.  მაგალითად, კბილის ტკივილს დღის განმავლობაში იმდენად მწვავედ არ აღვიქვამთ, როგორც დაძინებისას. ეს ჩვენი ფსიქოლოგიური რეაქციაა. ასეთ დროს სამკურნალოდ და ტკივილის შესამცირებლად იყენებენ ჰიპნოზს, ღრმა რელაქსაციას, ყურადღების გადატანას. ტკივილზე ყურადღების კონცენტრირება აძლიერებს ტკივილის შეგრძნებას.

შფოთვა, შიში და დანაკარგის განცდაც ხელს უწყობს ტკივილის შეგრძნების გაძლიერებას.

ტკივილი შესაძლებელია იყოს უფრო ნასწავლი რეაქცია, ვიდრე ფიზიკური პრობლემა. მაგალითად, კიბოთი დაავადებულ პაციენტებს აქვთ გულის რევის რეაქცია ქიმიოთერაპიის დაწყებამდე და აღიქვამენ ტკივილს ფიზიკური გამღიზიანებლის არარსებობისას. მსგავსი რეაქცია შესაძლებელია ჰქონდეს ნებისმიერ ჩვენგანს, თუკი ერთხელ უკვე განგვიცდია რაიმე სახის ტკივილი, ჩვენ წინასწარ გვაქვს განწობა იმისა, რომ უნდა გვეტკინოს, მაგალითად, კბილის ექიმთან ვიზიტისას. ამას ხელს უწობს ის დამატებითი სტიმულები, რომლებიც ჩვეულებრივ ვიცით, რომ ახლავს ტკივილს, იქნება ეს ბურღის ხმა თუ რომელიმე კონკრეტული იარაღის აღება ექიმის მიერ, ჩვენ წინასწარ ვიცით, რომ ბურღის ხმის გაგონებისას უნდა გვეტკინოს და შესაბამისად, ტკივილს უფრო მწვავედ განვიცდით. ამ ტიპის ტკივილის თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ ყურადღების გადატანის ან რელაქსაციის ტექნიკას (ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა), რაც ფსიქოლოგიურ მზადყოფნაში მოგვიყვანს.

 

რამდენად შესაძლებელია ტკივილის მოლოდინის ეფექტის გაკონტროლება?

ტკივილის მოლოდინის ეფექტის გაკონტროლება შესაძლებელია ექიმის მიერ. კვლევებიდან ჩანს, რომ თუ ექიმი წინასწარ აფრთხილებს პაციენტს მოსალოდნელი ტკივილის შესახებ და მაშინვე აყენებს ტკივილს, შეგრძნება არ არის ისეთი მწვავე, ვიდრე იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული დროის მანძილზე გვიწევს ლოდინის რეჟიმი, ასეთ დროს ორგანიზმი სრულ მობილიზებას იწყებს და ყურადღება მთლიანად ტკივილის აღქმაზეა მიმართული, ტკივილსაც მწვავედ აღვიქვამთ.

მაგალითად, მთამსვლელები, როდესაც დაჭიმული ბაწარი ხელს უზიანებთ, ხელს მაინც არ უშვებენ მას. მათ გამომუშავებული აქვთ ეს რეაქცია, რადგან ორგანიზმი მიმართულია გადარჩენისკენ და ხელის დაზიანება და ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ბაწარზე ხელის გაშვებას მოჰყვეს.

ტკივილის აღქმაზე მოქმედებს სოციალური ფაქტორებიც. მაგალითად, თუ ვხედავთ რომ ვინმეს მწვავე რეაქცია აქვს რაიმე ტკივილზე, ჩვენც, შეიძლება განვეწყობით რომ უნდა გვეტკინოს.

ტკივილთან გამკლავების ფსიქოლოგიური ასპექტია, რომ არ აღვიქვათ ტკივილი, როგორც კატასტროფული მოვლენა, ვმართოთ საკუთარი თავი, არ წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი „ავადმყოფად“. ალბათ, გქონიათ შემთხვევა, როდესაც ექიმთან მიდიხართ ჩივილებით, გამოვკლევები კი აჩვენებს რომ არაფერი გჭირთ და ტკივილიც ქრება.

ქრონიკული ტკივილი უმეტესწილად არის ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორების ერთობლიობით გამოწვეული პრობლემა. არაჯანსაღი ცხოვრების წესი, სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა, დეპრესია, ნივთიერებათა ბოროტად გამოყენება ასევე ქრონიკული ტკივილების წინაპირობებად ითვლება.

 

7 რჩევა თეო გუბიანურისგან:

  1. ტკივილს აღქმა არის ადამიანის თავდაცვითი რეაქცია, თუმცა გახსოვდეთ, რომ მისი პათოლოგიური აღქმაც დამაზიანებელია.
  2. იცოდეთ, რომ ტკივილზე ყურადღების კონცენტრირება, შფოთვა და შიში აძლიერებს ტკივილის შეგრძნებას, ამიტომ შეეცადეთ ყურადღება გადაიტანოთ სხვა ფაქტორებზე.
  3. ტკივილის მართვა შესაძლებელია ჩვენი ფსიქოლოგიური მზადყოფნით ტკივილის მიმართ.
  4. ქრონიკული ტკივილების მიზეზი, უმეტესწილად არის ფსიქოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული.
  5. ტკივილის აღქმაზე მოქმედებს ალკოჰოლის მოხმარება, უძილობა, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ამიტომ ხშირად დაისვენეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.
  6. ტკივილთან გამკლავებას ეხმარება სოციალური მხარდაჭერა, სხვა ადამიანების ჩართულობა, ამიტომ ნუ მოგერიდებათ თქვენს ტკივილზე საუბარი.
  7. ტკივილის აღქმასთან დაკავშირებით, თუკი მას არ აქვს რეალური ფიზიკური მიზეზი, მიმართეთ ფსიქოლოგს.

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები