LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ ბავშვს დასწავლის პრობლემები აქვს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

19

დაბალი აკადემიური მოსწრების პრობლემა ბევრ მშობელს აწუხებს. ძირითადა ამ ჩივილის უკან  იგულისხმება სასკოლო მასალის დაძლევის სირთულეები. დაბალ აკადემიური მოსწრებას ძირითადად 2 მიზეზი აქვს: შემეცნებითი ფუნქციების განვითარების დეფიციტი და ემოციური სფეროს პრობლემები. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარი, ფსიქოლოგი მაია მაჭავარიანია.

რა არის დასწავლის უნარების დარღვევის მიზეზი?

ფსიქოლოგის თქმით, დასწავლის უნარის დარღვევები, თავის მხრივ, ჰეტეროგენური ანუ არაერთგვაროვანი ჯგუფია და მოიაზრებს წერის, კითხვის, მათემატუკური უნარების განვითარების გამოხატულ დეფიციტს. ხშირად, ამ პრობლემის საფუძველია ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქცია. აღნიშნული დისფუნქცია, არ ჩნდება სასკოლო ასაკში. ადრეულ ბავშვობაში ადგილი აქვს გარკვეულ ნიშნებს, თუმცა სკოლამდელ  ასაკში, ხშირად ამას არ ექცევა ყურადღება და თვალშისაცემი ხდება მას შემდეგ, რაც სასკოლო პროგრამის დაძლევის სიძნელეები იჩენს თავს.

“მშობლებზეც და მასწავლებლებზე ასეთი ბავშვები ხშირად ახდენენ უყურადღებო მოსწავლის შთაბეჭდილებას, ხშირად ბრალდებათ რომ ,,არ ინდომებენ“. რაც ხაზგასმით მინდა აღინიშნოს, სიმართლეს არ შეესაბამება. ვინაიდან, ამ შემთხვევაში, დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზი შემეცნებითი ფუნქციების განვითარების დეფიციტია, მათ უჭირთ ინფორმაციის გადამუშავება-შენახვა და უკვე არსებულ ცოდნასთან ინტეგრირება. შესაბამისად, მეცადინეობა მათთვის ძალიან უსიამოვნო პროცესია და ბუნებრივია, ბავშვი მაქსიმალურად ცდილობს თავი აარიდოს ამ უსიამოვნო პროცესს. არ უნდა სკოლაში წასვლა, ამას შესაძლოა ახლდეს ემოციური და სომატური გამოვლინებები. მაგ; ძალიან ნერვიულობს სკოლაში წასვლის წინ, შეიძლება ასტკივდეს თავი ან მუცელი, ამ დროსაც ხშირად მშობლებს ჰგონიათ რომ ბავშვი იტყუება,  სახლში მეცადინეობის დროს ასეთი ბავშვი ხშირად ცდილობს გადართოს მშობლის ყურადღება. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეთი ბავშვისთვის უფრო იოლია ერქვათ ,,უზნეო“ და აიტანონ სასჯელი, ვიდრე სამეცადინოდ დაჯდეს. ყოველივე ამის უკან ძალიან სერიოზული პრობლემა იმალება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბავშვებს არ აქვს ინტელექტის პრობლემა და გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე ბავშვებისაგან განსხვავებით, ძალიან კარგად აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს, მტკივნეულად რეაგირებენ კრიტიკაზე და შენიშვნებზე”, – აცხადებს ფსიქოლოგი.

როგორ უნდა ამოიცნოთ, რომ ბავშვს დასწავლის პრობლემა აქვს?

მნიშვნელოვანი მახასიათებელია განვითარების მოზაიკურობა. კერძოდ, ბავშვი ზოგიერთი ფუნქცია კარგად არის განვითარებული (შეესაბამება ასაკის მოთხოვნებს, ან წინ უსრებს ასაკობრივ ნორმას) ,ზოგიერთი კი შეფერხებით ვითარდება მაგ; მხედველობით-სივრცითი ფუნქციების განვითარების შეფერხების დროს ბავშვს შეიძლება უჭირდეს მარჯვენა-მარცხენა მხარეებში ორიენტაცია, ხატვა, სარკისებური ასოების გარჩევა , საათის ცნობა, არითმეტიკული ოპერაციების შესრულება. ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემა ენისა და მეტყველების განვითარების დეფიციტშია და ვლინდება წინადადებაში აზრის ჩამოყალიბების სიძნელეებში, სხვისი ინსტრუქციის გაგებაში, ბავშვს უჭირს მასწავლებლის მიერ ახსნილი მასალის გაგება, მითითებების შესრულება, გაკვეთილის მოყოლა, წაკითხული ტექსტიდან აზრის გამოტანა და ბევრი სხვა. სწორედ მოზაიკური განვითარების გამო, ხშირად ვერც მშობელი და ვერც მასწავლებელი ვერ ხვდება არსებულ პრობლემას, ვინაიდან ერთი და იგივე ბავშვმა შეიძლება ერთი შეხედვით უფრო რთულ ამოცანას გაართვას თავი, ხოლო გაცილებით იოლი ვერ გადაწყვიტოს და სწორედ ამის საფუძველზე ასკვნიან რომ ბავშვი “უინტერესოა ან არ ინდომებს”. დასწავლის დარღვევის მქონე ბავშვებს დიდი კომპენსატორული შესაძლებელობები გააჩნიათ და ერთი სფერო დეფიციტის კომპენსაციას სხვა განვითარებული ფუნქციების ხარჯზე ახდენენ. სწორედ ამის გამო პირველ კლასებში პრობლემა შეიძლება არც კი გამოვლინდეს, უფრო ხშირი დაბალი აკადემური მოსწრება მე -3 და უფრო მაღალ კლასებშია, როდესაც დასასწავლი მასალა იზრდება და კომპენსაცია ვეღარ ხერხდება.

აღნიშნულ მდგომარეობას შეიძლება ახლდეს  და ამძიმებედეს სხვა მდგომარეობები, როგორიცაა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, ქცევის დარღვევები, ემოციური პრობლემები.

 

ემოციური სფეროს პრობლემები…

დაბალი აკადემიური მოსწრების მნიშვნელოვანი მიზეზი შეიძლება იყოს ემოციური სფეროს პრობლემები. მათ შორის ყველაზე ხშირია მაღალი შფოთვა. აღნიშნული მდგომარეობა გავლენას ახდენს მოსწავლის მიღწევებზე. ცხადია სხვადასხვა ბავშვის შემთხვევაში შფოთვა შეიძლება სხვადასხვა სიტუაციასთან იყოს დაკავშირებული. მაგალითად, ზოგიერთი მოსწავლისთვის შეიძლება რთული იყოს აუდიტორიის წინ გაკვეთილის მოყოლა, ან დაფასთან გასვლა, სხვა ბავშვისთვის შეიძლება განსაკუთებით რთული აღმოჩნდეს  გამოცდების და ტესტების ჩაბარება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსუბუქი მღელვარება ტესტის წინ პრაქტიკულად ყველა ბავშვისთვის დამახასიათებელი ნორმალური ემოციური რეაქციაა. სასწავლო პროცესთან დაკავშირებული შფოთვა მაშინ ხდება პრობლემა, როდესაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის აკადემიურ მიღწევებზე.

 

7 რჩევა მაია მაჭავარიანისგან:

 

  1. პირველი რჩევა, რა საკვირველია არის პრევენცია. ამისათვის ვურჩევდი ყველა მშობელს ბავშვის სკოლაში შეყვანამდე სათანდო შეფასებას. იდეალურ შემთხვევაში  შეფასება უნდა მოხდეს მულტიდისპლინური გუნდის მიერ, რომელშიც იქნება ნევროლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი და მეტყველების თერაპევტი. სასურველია ბავშვის შეფასება სკოლაში შეყვანამდე 1 წლით, ან სულ მცირე, რამდენიმე თვით ადრე. ასეთ შემთხვევაში, თუკი ადგილი ექნება რაიმე სახის პრობლემა, გექნებათ დრო  მოაგვაროთ ეს პრობლემა.
  2. თუკი ხართ სკოლამდელი ასაკის ბავშვის მშობელი და ამჩნევთ, რომ ბავშვი ჩამორჩება თანატოლებს განვითარებაში: ვერ მეტყველებს ასაკის შესაბამისად, 4 წლის და მეტი ასაკის შემთხვევაში ვერ გამოთქვამს სწორად/ გამართულად ზოგიერთ ბგერას, არის მოუქნელი, არ უყვარს ხატვა, გაფერადება, უფრო ,,ბავშვურია“, ვიდრე მისი თანატოლები.  ნუ დაელოდებით 6 წელს, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, რაც უფრო ადრე დაეხმარებით მის განვითარებას სათანადო გარემოთი, მით უფრო მარტივად და შეუმჩნევლად აღმოიფხვრება არსებული დეფიციტი.
  3. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი უკვე დადის სკოლაში და უჭირს სასკოლო პროგრამის დაძლევა, პირველ რიგში უნდა მოხდეს ბავშვის რაც შეიძლება დროული და სწორი შეფასება და სათანადო დახმარების ორგანიზება, ეს შეიძლება იყოს სპეციალისტის დახმარება, შესაბამისი რეკომენდაციების მიცემა ბავშვის მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის. ვინაიდან ამ მდგომარების გამოვლინებები ძალიან მრავალფეროვანია, აუცილებელია ბავშის სუსტი და ძლიერი მხარეების შეფასება და ისეთი მდგომარეობების გამორიცხვა, როგორიცაა ქცევითი აშლილობა, აუტისტური სპექტრის აშლილობა,  ემოციური სფეროს დარღვევები, გონებრივი ჩამორჩენილობა, სენსორული დეფიციტი (მხედველობის, სმენის).
  4. ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა აუცილებელი გახდეს ინდივიდური სასწავლო გეგმის შემუშავება. საქართველოში უკვე რამდენიმე წელია არსებობს ინკლუზიური განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხდება  ბავშვების შეფასება და შესაბამისი ინდივიდური სასწავლო გეგმის შემუშავება, ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებებისა და შესაძლებელობების გათვალისწინებით.
  5. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ბავშვისათვის მშობლების და ოჯახის წევრების მხარდაჭერა და სწორი მიდგომა. მეცადინეობის პროცესში ეცადეთ მოერიდოთ პირდაპირ კრიტიკას, ვინაიდან ამ ბაშვებს ისედაც აქვთ დაბალი თვითშეფასება. შეეცადეთ წაუყენოთ მათი შესაძლებლობების შესაბამისი მოთხოვნები. წარუმატებლობის შემთხვევაში, გაამხნევეთ აღნიშნეთ, რომ ზოგჯერ ყველას ეშლება.  შეეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ  წარმატებებზე და არა შეცდომებზე. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ შეცდომის დაშვება ლეგიტიმურია და არ არის კატასტროფა.
  6. დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვები ხშირად არ არიან დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, მათთვის სკოლა იმედგაცრებასთან და დამცირებასთან არის ასოცირებული. ამიტომ დახმარების პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი  სფეროს მოძიება სადაც ბავშვი თავს კომფორტულად და წარმატებულად იგრძნობს. ზოგიერთი ბავშვისთვის ეს შეიძლება იყოს სპორტი, სხვა შემთხვევაში მუსიკა,  ცეკვა, ხატვა და სხვ. თუ ამჩნევთ ბავშვის ინტერესს, აუცილებლად დაუჭირეთ მხარი, იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი აზრით ეს სრულიად უსარგებლო ან ,,არასათანადოა“.  ნუ წაართმევთ ბავშვს შესაძლებლობას იყოს წარმატებული და ბედნიერი.
  7. ემოციური პრობლემების შემთხვევაში, როგორიცაა მაღალი შფოთვა, პირველ რიგში აუცილებელია დიფერენციალური დიაგნოსტირება, რომ განისაზღვროს დასწავლის უნარის დარღვევაა შფოთვის წყარო, თუ შფოთვის გავლენაა დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზი. იმ შემთხვევაში თუ ემოციური პრობლემები არის პირველადი, ბავშვს შესაძლოა დასჭირდეს ფსიქოთერაპევტის დახმარება. ასევე ბავშვის მშობელმა უნდა გაიაროს კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტებთან, რადგან ხშირად მშობლის რეაქცია  სხვადასხვა სიტუაციებზე  ამძაფრებს ბავშვის შფოთვას.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები