LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი ბაღისთვის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

629

თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში ფსიქოლოგები იმუშავებენ. გადაწყვეტილება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ მიიღო.  ფსიქოლოგის თანამდებობაზე იმუშავებენ ის პირები, რომლებსაც აქვთ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება, იცნობენ ქცევის ანალიზის სტრატეგიებს, ქცევის პოზიტიური მართვის მიდგომებს და  აქვთ კარგი კომუნიკაციის უნარი, როგორც ბავშვებთან, ასევე მშობლებთან.

ბავშვის ბაღისთვის მომზადება არც ისე მარტივია. ხშირად პატარებს უჭირთ ახალ გარემოსთან შეგუება. როგორც ფორტუნას 83-ე საჯარო ბაღის გადამზადებულმა ფსიქოლოგმა ანა მიდელაშვილმა განუცხადა, მნიშვნელოვანია, მშობლებმა ბავშვის ბაღისთვის მომზადება დაიწყონ ბაღში მიყვანამდე რამდენიმე კვირით ადრე.

როგორ უნდა მოამზადოთ ბავშვი ბაღისთვის?

ფსიქოლოგი ამბობს, რომ მშობლები ბაღის განრიგს უნდა გაეცნონ ერთი ან ორი თვით ადრე. იმისთვის რომ ბავშვისთვის სტრესული არ იყოს დღის განრიგის ცვლილება და სხვა განრიგზე გადასვლა, სასურველია მშობელმა სახლშიც იმავე დროს დააძინოს და აჭამოს ბავშვს, რა დროსაც მოუწევს ბაღში შესვლის შემდეგ.  ასევე მნიშვნელოვანია მშობლებმა ხელი შეუწყონ ბავშვის იმ ძირითადი უნარების ათვისებას, რაც ბავშვს უფრო დამოუკიდებელს და თავდაჯერებულს გახდის (მაგ: დამოუკიდებლად ჩაცმა და გახდა, ხელების დაბანა, ჩანგლის და კოვზის ხმარება).

„ბავშვს უნდა  ესაუბროთ ბაღზე, აუხსნათ რა უნდა აკეთოს მან იქ. მშობლებმა უნდა გააცნონ  შვილებს ის აქტივობები, რითიც შეიძლება დაკავდდნენ ბაღში, მაგალითად ესაუბრონ იმაზე, რომ იქ არის ბევრი სათამაშო, რომ შეუძლია დახატოს, ითამაშოს ბავშვებთან. ბაღის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სასურველია მშობლებმა ბავშვს  დაათვალიერონ ბაღი, ნახონ როგორ გამოიყურება ოთახები. ასევე მისცეს საშუალება ითამაშოს, თუ ამის სურვილი ექნება. სასურველია, პირველ დღეებში ბავშვის ბაღში ყოფნის პერიოდი არ იყოს ხანგრძლივი“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.

როგორი უნდა იყოს ბაღის აღმზრდელი?

ფსიქოლოგი ამბობს, რომ ბაღის მასწავლებლებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ. მშობელმა რაც არ უნდა მოამზადოს ბავშვი ბაღისთვის, თუ მას იქ კეთილგანწყობილი და პოზიტიური გარემო არ დახვდა, გაუჭირდება ადაპტაცია.  ამ გარემოს შექმნაზე კი მასწავლებელმა უნდა იზრუნოს. „უნდა დაამყაროს ბავშვთან პოზიტიური კომუნიკაცია. უნდა იყოს ყურადღებიანი, იცნობდეს თითოეული ბავშვის ინტერესებს, რათა მშობლის წასვლის შემდეგ ადვილად მოახერხოს ბავშვის ყურადღების გადართვა მისთვის სასურველ აქტივობაზე. თამაში საუკეთესო საშუალებაა ბავშვის შფოთვის დონის დასაწევად. საწყის ეტაპზე აღმზრდელის ჩარევა იქნება საჭირო, რომ ბავშვებმა ერთობლივ თამაშში მიიღონ მონაწილეობა. დროთა განმავლობაში აღმზრდელს უფრო პასიური როლი ექნება ბავშვები თამაშში“ – აღნიშნა ფსიქოლოგმა.

ადაპტაციის საშუალო პერიოდად ორი კვირაა მიჩნეული, თუმცა მაინც ინდივიდუალურია და ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში შეიძლება ერთი კვირაც იყოს საკმარისი. ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, კერძოდ, როგორ არის ბავშვი მომზადებული ბაღისთვის, რამდენად კვალიფიციურები არიან ბაღის აღმზრდელები. ბავშვებს, რომლებსაც სოციალური უნარები ნაკლებად აქვთ განვითარებული შედარებით უჭირთ ადაპტაცია,  ასევე მნიშვნელოვანია ჯგუფში ბავშვების რაოდენობა, იმისთვის რომ აღმზრდელებმა თანაბარი დრო დაუთმონ თითოეულ ბავშვს.

რა ასაკში უნდა მიიყვანოთ ბავშვი ბაღში?

საუკეთესო ასაკის განსასაზღვრად გაითვალისწინეთ ბავშვის განვითარების დონე, ძლიერი მხარეები, თვითმოვლის უნარ-ჩვევები, სოციალური უნარები. ასევე, რამდენად დამოუკიდებელია ბავშვი, რამდენად შეუძლია მშობლების გარეშე დროის გატარება. ფსიქოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ უმჯობესია ბავშვი 3 წლის ასაკიდან შეიყვანოთ ბაღში, რადგან ამ ასაკში უფრო დამოუკიდებლები, სოციალურ-ემოციურად უფრო მეტად განვითარებულები არიან და მეტი შანსი აქვთ დაამყარონ პოზიტიური ურთიერთობა როგორც თანატოლებთან, ასევე მოზრდილებთან, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, სასურველია მშობელი კარგად იცნობდეს საკუთარ შვილს, მის განვითარების დონეს და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება.

7 რჩევა ანა მიდელაშვილისგან :

  1. დაიწყეთ ბავშვის მომზადება საბავშვო ბაღისთვის ერთი ან ორი თვით ადრე. ესაუბრეთ ბაღზე, იმ აქტივობებზე, რითიც დაკავდება ბაღში შესვლისას.
  2. გაეცანით ბაღის დღის განრიგს რამდენიმე თვით ადრე და ეცადეთ იგივე განრიგი გქონდეთ სახლში, რათა შემდგომ ბავშვს არ გაუჭირდეს რუტინის და განრიგის ცვლილება.
  3. რამდენიმე დღით ადრე დაათვალიერეთ ბაღი ბავშვთან ერთად, დაათვალიერებინეთ ოთახები, გააცანით მასწავლებელი, ანახეთ სად მოუწევს დაძინება და სურვილის შემთხვევაში მიეცით საშუალება ითამაშოს.
  4. წაახალისეთ და დაეხმარეთ, რათა განავითაროს თვითმოვლის უნარ-ჩვევები, ასე უფრო თავდაჯერებულად და დამოუკიდებლად იგრძნობს თავს.
  5. დილით ესაუბრეთ, რა აქტივობებით შეეძლება რომ დაკავდეს და ყოველთვის უთხარით დრო, როდესაც მიაკითხავთ.
  6. შეიმუშავეთ დამშვიდობების რიტუალი, მაგ; კოცნა, ჩახუტება.
  7. საწყის ეტაპზე ნუ დატოვებთ ბავშვს ხანგრძლივი დროით საბავშვო ბაღში, ეცადეთ დრო ნელ-ნელა გაზარდოთ, რომ ადაპტაციის პერიოდმა ნაკლებ მტკივნეულად ჩაიაროს.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები