LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ განქორწინებამ უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ბავშვზე – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

9

დღევანდელ რეალობაში  მნიშვნელოვნად შეცვლილია გარემო პირობები, გაზრდილია სტრესორების რიცხვი,  არასტაბილური სოციალური პირობებიდან გამომდინარე მოიმატა ოჯახში  ემოციურმა დაძაბულობამ, კონფლიქტებმა და  დღითიდღე იზრდება განქორწინების რიცხვი. როგორ უნდა მოიქცეთ, რომ განქორწინებამ უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს ბავშვზე – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია, ფსიქოლოგი რუსო სამხარაძე.

 

ოჯახში მშობლებს შორის კონფლიქტი არის თუ არა სტრესული ბავშვისთვის?

ბავშვები ხედავენ დასუსტებულ ურთიერთობას სახლში. უმეტეს შემთხვევაში, ქცევითი და ემოციური თავისებურებების საფუძველს წარმოადგენს ოჯახური და სოციალური გარემო. ოჯახური გარემო მიიჩნევა ბავშვის უახლოეს მჭიდრო ურთიერთობად და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს გამოცდილებით სივრცეს მოზარდისთვის. თანამედროვე კვლევები ბავშვისა და მოზარდის პრობლემური განვითარების უმნიშვნელოვანეს რისკ- ფაქტორად, სხვა ფაქტორებთან ერთად, ოჯახში ხშირ კონფლიქტებს  მიიჩნევენ. ისეთ სიტუაციაში ბავშვის აღზრდას, სადაც დაუმთავრებელი კონფლიქტებია, სჯობს ოჯახის ფუნქციონირება დასრულდეს განქორწინებით.

თანამედროვე  „ოჯახის ფუნქციონირების“ მკვლევარების, ასევე, საზოგადოებრივი აზრის თანახმად, ოჯახური ურთიერთობების ცენტრალური მნიშვნელობა მოზარდის განვითარებისთვის დღეისათვის კამათის საგანს აღარ წარმოადგენს. ოჯახური გარემო  სოციალიზაციის ცენტრალური ინსტანციაა ბავშვებისათვის და მოზარდებისთვის. მოზარდის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე არსებით გავლენას ოჯახის შიგნით ინტერაქცია და კომუნიკაცია ახდენს. ის არის როგორც პოზიტიური განვითარების რესურსი, რომელიც სტრესულ სიტუაციაში თავის წევრებს მხარდაჭერას სთავაზობს, დაძლევის სტრატეგიების ათვისებისა და ნეგატიური ზეგავლენის რედუცირებაში ეხმარება და, ასევე, პოტენციური სტრეს-ფაქტორიცაა. შეიძლება ითქვას,  რომ მოზარდის ფსიქიკური სტატუსისთვის, ოჯახურ სტრუქტურას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ადამიანი დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე ურთულეს გზას გადის, საბაზისო გამოცდილებას  თავდაპირველად ოჯახში, სააღმზრდელო გარემოში  ეყრება საფუძველი. გამომდინარე იქედან, რომ დღევანდელი გარემო და ფსიქოლოგიური კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა, გაიზარდა სტრესორების რიცხვი, იმატა ოჯახურმა კონფლიქტებმა, გაიზარდა გაყრილი ოჯახების რიცხვი.

პრაქტიკული მუშაობის პროცესში  დაკვირვებით ჩანს, რომ ქართულ ოჯახებში საკმაოდ ხშირია კონფლიქტები, რომელიც ნეგატიურად აისახება მოზარდის ფსიქიკაზე, რადგან როგორც წესი ბავშვების მოთხოვნილებები ამ დროს დაუკმაყოფილებელი რჩება, რაც პიროვნების განვითარებას, თვითგამოხატვას აფერხებს, შესაბამისად, შემდომში თვითრეალიზაციის შეფერხების საფრთხეს ქმნის. მშობლებს შორის კონფლიქტის, დაშორების მიზეზად ბავშვები საკუთარ თავს მიიჩნევენ, რაც იწვევს ბავშვებში განგაშის შეგრძნებას. დაძაბულობას, აგრესიას, რომელიც მოზარდის ფსიქო-სომატურ მოცემულობაზე უარყოფითად ზემოქმედებს.

როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები განქორწინების შემდგომ?

ოჯახი რთული, მრავალპროფილიანი ფენომენია, რომელიც მოიცავს პასუხისმგებლობათა და მოვალეობათა ჯაჭვს, ოჯახური როლიდან გამომდინარე მოლოდინებისა და კონტროლის მექანიზმებს და ასევე პიროვნებათა შორის ურთიერთობების მთელ კომპლექსს. ოჯახის დაშლით გამოწვეული ამ მთლიანობის რღვევა მის ყველა წევრზე და, განსაკუთრებით, ბავშვებზე აისახება. ცნობილია, რომ  ამგვარი ოჯახები გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, როგორიცაა აღმზრდელობითი ზემოქმედების ცალმხრივობა, მშობლთა გრძნობების გამოვლენის დაუბალანსებლობა და ა.შ.

ოჯახური კონფლიქტებიდან და განქორწინებებიდან გამომდინარე აგრესია მშობლებსა და შვილებს შორის არასასურველი ურთიერთობებისა და დამოკიდებულებების განმაპირობებელი ხდება.  იმისთვის, რომ  ბავშვმა და მოზარდმა სრულფასოვანი ფუნქციონირება განაგრძოს მნიშვნელოვანია ორივე მშობელმა  შეინარჩუნოს აღზრდაში მაღალი ხარისხის ჩართულობა, შეიმუშაონ  აღზრდის  შეთანხმებულ და  თანმიმდევრულ სტილზე.

აქედან გამომდინარე ფოკუსი უნდა გაკეთდეს მშობლის და ბავშვის ურთიერთობებზე, მათ დამოკიდებულებებზე განქორწინებულ და სრულ  ოჯახებში, რადგან  სწორედ ბავშვობის წლებში აღზრდაში დაშვებული შეცდომებია პასუხისმგებელი იმ ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და დანაშაულებებზე, რომელიც მოზარდ ასაკში იჩენს თავს.

 7 რჩევა რუსო სამხარაძისგან:

  1. განქორწინების შემდეგ წარმატებული ადაპტაციის მთავარ ფაქტორს წარმოადგენს ორივე მშობლის შეთანხმებული ( არა ცალმხრივი) აზრდის სტილი.
  2. აღზრდის პროცესში საჭიროა, ორივე მშობლის ჩართულობის მარალი ხარისხი, რომელშიც თითოეული მშობელი იყენებს აღზრდის ავტორიტეტულ სტილს.
  3. საუკეთესო შედეგის მომტანია ორივე მშობლის აქტიური, თანმიმდევრული არა ურთიერთგამომრიცხავი ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში.
  4. ერთობლივი მეურვეობის წარმატება ითხოვს თანამშრომლურ ურთიერთობებს განქორწინებულ მშობლებს შორის.
  5. მშობლებს შორის კონფლიქტის მოგვარება ხელს უწყობს წარმატებულ მშობლობას. მტრული ოჯახური ატმოსფერო  ახდენს არასასურველ ზემოქმედებას ბავშვის განვითარების პროცესზე.
  6. როდესაც გაცილებული მშობლები უარს ამბობენ თავიანთ აზრთა სხვადასხვაობაზე და მხარს უჭერენ ერთმანეთს აღზრდის საკითხებში, ბავშვებს მეტი საშუალება აქვთ გაიზარდონ კომპეტენტურ, გაწონასწორებულ და ბედნიერ ადამიანებად.
  7. ყურადღრება და გულთბილი დამოკიდებულება გარშემომყოფებისგან, ოჯახის წევრებისგან ( ბებია, ბაბუა, ნათესავები), სიბლინგებისგან, მეგობრებისგან და მასწავლებლებისგან აგრეთვე ამცირებს იმის ალბათობას, რომ გაცილება გამოიწვევს გრძელვადიან დარღვევას. თანმიმდევრული აღზრდა და სიყვარულის გამომჟღავნება მშობლების მხრიდან დაეხმარება  ბავშვს უკეთ გაუმკლავდეს განქორწინების სტრესს და მაქსიმალურად  შემცირდება ადაპტაციული პრობლემები.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები