როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვს სკოლასთან შეგუების პრობლემები აქვს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვს სკოლასთან შეგუების პრობლემები აქვს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

სკოლასთან პირველკლასელის ადაპტაცია სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები და ღირებულებები განსაზღვრავს ბავშვის მთელი სასკოლო ცხოვრების ხასიათს, რამდენად საინტერესო და მიმზიდველი იქნება მისთვის სკოლა და სწავლა.  გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარი საგანმანათლებლო დაწესებულების, მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურეობის ცენტრის ფსიქოლოგი, რუსუდან სამხარაძეა.

 

რამდენად რთულია ბავშვისვის პირველი სასწავლო წელი სკოლაში?

ბავშვის ცხოვრებაში პირველი სასწავლო  წელი  არის ძალიან რთული და კრიტიკული პერიოდი. იცვლება მისი ადგილი სოციუმში, იღებს ახალ გამოცდილებას სოციალურ  ურთიერთობეში. იცვლება  ჩვეული ცხოვრების რეჟიმი, რუტინა, რაც ბავშვისთვის ფსიქო-ემოციური სტრესია.

სასწავლო წლის დასაწყისში ბავშვს უწევს ბევრ  ახალ გამოწვევასთან  გამკლავება, შეგუება. ადაპტაცია – ეს არის შეგუება, ახალ  გარემოსთან, ახალ სიტუაციასთან, ამ დროს ხდება ახალი როლის მორგება. ადაპტაციის პერიოდი შეიძლება  2-3 კვირიდან ნახევარ წლამდე გაგრძელდეს. უნდა ითქვას, რომ ადაპტაციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ამასთან, არ არსებობს რეცეპტები, რომლებიც  საერთო იქნებოდა და ამ საფეხურზე მყოფი ნებისმიერი ბავშვისთვის ეფექტური აღმოჩნდებოდა.

შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს ადაპტაციის პროცესის ხასიათსა და ხანგრძლივობაზე.

 

სკოლასთან ადაპტაციის განმსაზღვრელი ფაქტორები:

  • ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები;
  • მისი ხასიათი, ტემპერამენტი;
  • უფროსი და-ძმის გამოცდილება;
  • ბავშვისთვის სწავლის შეყვარების პროცესში მთავარი როლები მშობლებს და მასწავლებელს აკისრიათ;
  • მშობლების დამოკიდებულება: ადაპტაციის პროცესში ბავშვის ქცევაში აღმოჩენილი სირთულეების გამო მშობლებს ხშირად უჩნდებათ უკმაყოფილების განცდა და ამას არც ბავშვთან მალავენ, რაც ბავშვს შფოთვას და შიშს უძლიერებს, კერძოდ, რომ მშობლებს იმედები გაუცრუა, ეს კი, თავის მხრივ, აქვეითებს თვითშეფასებას და კიდევ უფრო ართულებს  ადაპტაციის პროცესს. ნუ გაგაღიზიანებთ ბავშვის წარუმატებლობა. ეცადეთ, მისი სასწავლო საქმიანობა მხოლოდ დადებითად შეაფასოთ, მაშინაც კი, თუ გეჩვენებათ, რომ მიღწეული წარმატება საკმარისი არ არის. ეცადეთ, მშვიდად შეხვდეთ მის მარცხს, რადგან ბავშვი  მტკივნეულად განიცდის მშობლის განაწყენებას;
  • სასკოლო მზაობა: ბავშვს მინიმალურად მაინც უნდა ქონდეს გამომუშავებული დისციპლინის დაცვის უნარი. უნდა შეეძლოს  გარკვეული დროის განმავლობაში  კონკრეტული აქტივობების შესრულება; როგორიცაა ხატვა, ძერწვა, გაფერადება, და. ა.შ. ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია წესების დამორჩილება, სოციალური ადაპტაცია, შეიძლება ბავშვი გონებრივად კარგად  განვითარებულია, მაგრამ ემოციურად და ფსიქიკურად მზად არაა სკოლისთვის;
  • საბავშვო ბაღის გამოცდილება: მნიშვნელოვანია, დადიოდა თუ არა ბავშვი ბაღში.  თუ არ დადიოდა,  შეიძლება შედარებით გაუჭირდეს შეგუება სკოლასთან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბავშვი ცნობისმოყვარეა და ბუნებრივად აინტერესებს სიახლის გაცნობა, მნიშვნელოვანია, როგორ მიაწოდებს ამ სიახლეს მშობელი და  მასწავლებელი;
  • სკოლისათვის ბავშვის მზაობის დონე: პირველკლასელები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან სკოლისათვის მზაობის დონით. აქ იგულისხმება არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ფიზიკური, პიროვნული და სოციალური მზაობაც. ბავშვის წარმატებულ ადაპტაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს პედაგოგის პოზიტიური დამოკიდებულება და პროფესიული უნარები (ეს შესაძლებელია თამაშით, ბავშვისთვის საინტერესო განმავითარებელი აქტივობების გამოყენებით);
  • თვითმომსახურების უნარ-ჩვევების განვითარება: ხშირად პედაგოგისთვის სასწავლო პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა არა მხოლოდ ის, რომ ცალკეულ ბავშვებს ასაკის შესაფერის დონეზე არ აქვთ განვითარებული ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება და სხვა ფსიქიკური პროცესები, არამედ ისიც, რომ მათ უმრავლესობას არ გააჩნია თვითმომსახურების ჩვევები – არ შეუძლია დამოუკიდებლად სასწავლო ნივთების ამოლაგება, ჩალაგება, დამოუკიდებლად ჩაცმა, გახდა, ჭამა. პირველკლასელების ბავშვების საკმაოდ დიდ ნაწილს ასევე განუვითარებელი აქვს ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარი, რაც საგაკვეთილო პროცესის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს. მაგალითად, მასწავლებლის მარტივი ინსტრუქცია: ამოიღეთ ჩანთიდან რვეული, წიგნი და ა.შ. – ბავშვმა შესაძლოა ვერ შეასრულოს მარტივი ინსტრუქცია.

 

სკოლასთან წარმატებული ადაპტაციის ნიშნები:

 

  • ბავშვი მხიარული, მშვიდი და ხალისიანია;
  • სწრაფად პოულობს მეგობრებს თანაკლასელებს შორის;
  • სიამოვნებს მასწავლებლებსა და თანაკლასელებზე საუბარი;
  • დაუძაბავად ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და ადეკვატურად რეაგირებს შენიშვნებზე;
  • სიხარულით მიდის სკოლაში;
  • მოსწონს სასკოლო ცხოვრების წესი;
  • დღის ახალი რეჟიმი მისთვის კომფორტულია (არ ტირის დილაობით, არ უჭირს ღამით ჩაძინება და ა.შ.);
  • არ აქვს სკოლასთან, მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან დაკავშირებული შიშები.

 

სკოლასთან დეზადაპტაციის ნიშნები/ შეგუების პრობლემები:

  • ბავშვი სწრაფად და ხშირად იღლება;
  • უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე;
  • შესაძლოა, უჩიოდეს თავის ტკივილს, უმადობას;
  • უჭირს საღამოს ჩაძინება და დილით გაღვიძება;
  • არ ყავს მეგობრები;
  • წუწუნებს მასწავლებლის მოთხოვნებზე;
  • ხშირად ჭირვეულობს;
  • უჭირს სასკოლო მოთხოვნების შესრულება, ვერ იცავს სასკოლო წესებს;

 

 

7 რჩევა რუსუდან სამხარაძისგან:

  1. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება გააკეთოს მშობელმა, დაუთმოს შვილს დრო და  ყურადღება, იყოს მხარდამჭერი და გაუწიოს დახმარება სირთულეების დაძლევაში.
  2. მშობლების დადებითი დამოკიდებულება სკოლასთან, მასწავლებლებთან გაუიოლებს ბავშვს სკოლასთან ადაპტაციის პროცესს;
  3. აუცილებელია, სკოლაში ყოფნის პირველივე დღეებში დავეხმაროთ ბავშვს, ირწმუნოს საკუთარი ძალების, საკუთარი შესაძლებლობების; დაეხმარეთ ბავშვს თანატოლებთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში.
  4. ნუ ეჩხუბებით იმის გამო, რომ რაღაც კარგად ვერ გაიგო ან ვერ გააკეთა; წაახალისეთ ბავშვი დადებითი კომენტარებით, შექებით. (ყოჩაღ, რა კარგია, კარგად გამოგივიდა და ა.შ.)   გაითვალისწინეთ თქვენი შვილის ტემპერამენტი და ტემპი.
  5. სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დღის რეჟიმის სწორად შედგენა. დატვირთვის შესამცირებლად და გადაღლის თავიდან ასაცილებლად სასურველია დღის რეჟიმის  ორგანიზება (ძილის, გაღვიძების, ჭამის და ა.შ.). საშინაო დავალებები უნდა შესრულდეს არა გვიან საღამოს, ძილის წინ, არამედ შუადღისას. გარდა ამისა, ბავშვს უნდა რჩებოდეს დრო თამაშისთვის, მულტფილმების საყურებლად, სასეირნოდ და ა.შ.
  6. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ფიზიკურ აქტივობებს. პატარები ყველაზე დიდი გატაცებით მოძრაობით თამაშებს თამაშობენ. სკოლაში სწავლის დაწყებასთან ერთად, გაკვეთილებზე შესვენებების  მიუხედავად, ბავშვის მოძრაობითი აქტივობა შესამჩნევად მცირდება, რაც შესაძლოა საზიანო აღმოჩნდეს მისი ზრდისა და განვითარებისთვის,  აუცილებელია, ბავშვი სკოლის გარეთაც იყოს დაკავებული მოტორული აქტივობებით და თამაშებით.
  7. ხელი შევუწყოთ ბავშვის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას და ვასწავლოთ მას სასკოლო სირთულეებისთვის დამოუკიდებლად თავის გართმევა; ეცადეთ უპასუხოთ ბავშვის ყველა კითხვას, ვინაიდან ცნობისმოყვარეობას ამ ასაკში საზღვრები არ გააჩნია;  არასოდეს არავის შეადაროთ საკუთარი შვილი. ასეთი შედარებებით შეიძლება საკუთარი თავის რწმენა დაააკარგვინოთ და თვითშეფასებაც დაუქვეითოთ. შეიძლება მხოლოდ ბავშვის დღევანდელი მდგომარეობის შედარება მის წარსულ მიღწევებთან პოზიტიურ კონტექსტში.

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

16 აგვისტო, 2017

სხვა ჩანაწერები