LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა შეარჩიოთ ძიძა თქვენი შვილისთვის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

31

ცხოვრების აქტიური სტილისა და გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო დედები ხშირად ბავშვებს აღსაზრდელად ძიძებს აბარებენ. ძიძა არის ადამიანი, რომელიც ბავშვთან  დიდ დროს ატარებს და პასუხისმგებლობას იღებს მასზე. როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც თქვენს შვილს ანდობთ, ფორტუნას ფსიქოლოგი თამარ ისაკაძე ესაუბრა.

რა სტერეოტიპები არსებობს ძიძის შესახებ?

არსებობს ერთგვარი სტერეოტიპები, რომლებიც ქმნის თითქოს „იდეალური“ ძიძის შესახებ წარმოდგენას, მაგალითად, შუა ხნის ასაკის, ყოფილი მასწავლებელი, ექთანი, მოკრძალებულად ჩაცმული… სინამდვილეში ეს  მხოლოდ სტერეოტიპია და ძიძად მუშაობის დასაწყებად მხოლოდ პირადი გამოცდილება ან ცხოვრებაზე მაღალი მორალური შეხედულებები საკმარისი არ არის. ადამიანმა, რომელიც ძიძად მუშაობა გადაწყვიტა უნდა გაეცნოს ბავშვის ფსიქოლოგიასა და განვითარების ეტაპების შესახებ აიმაღლოს ცოდნა.

არსებობს ერთგვარი წარმოდგენა, რომ ძიძის და მშობლების ცხოვრებისეული შეხედულებები უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს. თუ ღირებულებათა თანხვედრა იქნება, ეს რა თქმა უნდა უკეთესია, თუმცა მშობელსა და ძიძას შორის არსებული აზრთა განსხვავებაც მისაღებია, თუკი ისინი მიმღებლური იქნებიან ერთმანეთის მიმართ. თუმცა, მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ბავშვის აღზრდის საკითხებში ისინი შეთანხმდნენ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა დღის რეჟიმი, კვება, ჰიგიენური ნორმების დაცვა, გასეირნება, თამაშისა და მეცადინეობების აქტივობები.

რაც შეეხება, გარეგნულ იერსახეს, მნიშნელოვანია, რომ ძიძა იყოს ბავშვთან ყოფნის პერიოდში მოხერხებული ტანსაცმლით, რათა ადვილად შეძლოს მოძრაობა, ასევე ფეხსაცმელი ჰქონდეს დაბალძირიანი და რბილი, ბავშვთან ერთად მას შეიძლება მოუწიოს იატაკზე ჯდომა და თამაში, ტანსაცმელი ხელს არ უნდა უშლიდეს მოძრაობაში. ტანსაცმელი ჯობია იყოს ღია ფერის, ბუნებრივი მასალის, არ არის რეკომენდებული, რომ ფიგურირებდეს მუდმივად შავი ფერი ძიძის ტანსაცმელში. თმა უმჯობესია იყოს შეკრული, სამკაულები მინიმალური და უსაფრთხო, ფრჩხილები არ უნდა იყოს გრძელი, მაკიაჟი და სუნამო  არ უნდა იყოს შემაწუხებელი, შეიძლება ამან გამოიწვიოს ბავშვის ალერგიული რეაქცია.

როგორი უნდა იყოს ძიძა ბავშვთან მიმართებაში?

აუცილებელია ძიძა ფლობდეს ინფორმაციას ბავშვის აღზრდის საკითხებზე, იცოდეს ქცევის სწორი მენეჯმენტი, შემუშავებული ჰქონდეს დღის მოქნილი რეჟიმი, მშობლებთან შეთანხმებული უნდა იყოს აქტივობები.

ძიძა არა მარტო უნდა ზრუნავდეს ბავშვის ბიოლოგიურ განვითარებაზე, როგორიცაა კვება, ძილი, სუფთა ჰაერზე გასეირნება, ასევე უნდა ავითარებდეს ბავშვის ემოციურ და ინტელექტუალურ უნარებს, უკითხავდეს წიგნებს, მასთან ერთად ათვალიერებდეს სურათებს, თამაშობდეს, უვითარებდეს აზროვნებას, ასევე ხელს უნდა უწყობდეს სხვა ბავშვებთან მის კომუნიკაციას. ბავშვს უნდა ჰქონდეს მისი ნდობა. მნიშვნელოვანია, ძიძას უყვარდეს ბავშვი, ზრუნავდეს ბავშვის უსაფრთხოებაზე, ასწავლიდეს საზოგადოებაში მოქცევის წესებს, თუმცა კარგია, თუ ამ ყველაფერს თამაშის სახე ექნება და არა ავტორიტარული.

ძიძასთან შეგუების ეტაპები

ძიძამ ბავშვს მისთვის საინტერესო აქტივობები უნდა შესთავაზოს. ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია, ამიტომ კარგი იქნება, თუ ყველა აქტივობას თამაშის ფორმას მისცემთ. შეჩვევის პროცესი განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ასაკის არის ბავშვი. 3-4 წლის ბავშვს სხვა ინტერესები აქვს, განსხვავებით 1 წლის ბავშვისგან. თუმცა, საერთო ინტერესების გამონახვა ყველა ასაკის ბავშვთან შეიძლება.

მშობელმა  უნდა აგრძნობინოს  ბავშვს, რომ ძიძის მიმართ მასაც აქვს ნდობა. არაკორექტული და ზიანის მომტანია ბავშვის თანდასწრებით ძიძის საქციელის განხილვა ან კრიტიკა, მსგავსი საუბარი მშობელსა და ძიძას შორის განცალკევებულად უნდა ჩატარდეს.

ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს სანდო მიჯაჭვულობა ძიძის მიმართ, უნდა იყოს მისთვის სანდო ადამიანი, ვისაც მიმართავს დახმარებისთვის, თავს უნდა გრძნობდეს მასთან უსაფრთხოდ, არ უნდა იყოს გაუცხოებული, სწორი რეჟიმიდან გამომდინარე ბავშვი თვითონ აცნობიერებს და კარგად არჩევს მშობლებს ძიძისგან, მშობლებიც ყურადღებით უნდა უსმენდნენ ბავშვს, ისინიც გამოხატავდნენ ინტერესს, აძლევდნენ არჩევანის საშუალებას, პოზიტიურ უკუკავშირს, აქებდნენ მის სასურველ ქცევას და სხვ.

მნიშნელოვანია, ძიძა ხშირად არ იცვლებოდეს, რადგან ბავშვს ერთ პიროვნებასთან სანდო ურთიერთობა ჩამოუყალიბდეს, თუმცა რეალობიდან გამომდინარე, ოჯახს ზოგჯერ უწევს ძიძის გამოცვლა და ბავშვის სხვადასხვა პირთან შეგუება შესაძლოა დამატებითი სტრესი იყოს.

7 რჩევა თამუნა  ისაკაძისგან:

  1. ძიძასა და ბავშვს შორის უნდა იყოს ჩამოყალიბებული ჰარმონიული ურთიერთობა, ბავშვი უნდა ენდობოდეს ძიძას, მასთან თავს გრძნობდეს უსაფრთხოდ.
  2. ძიძა უნდა ზრუნავდეს, როგორც ბავშვის მოვლაზე (კვება, ძილი, ჰიგიენა, გასეირნება), ასევე ხელსაყრელ გარემოს ქმნიდეს მისი ემოციური და ინტელექტუალური განვითარებისთვის, თამაშობდეს მასთან ერთად და ასევე ხელს უწყობდეს ბავშვს თანატოლებთან კომუნიკაციის დამყარებაში;
  3. სასურველია ძიძა ფლობდეს ინფორმაციას ბავშვის განვითარებისა და პოზიტიური აღზრდის შესახებ;
  4. დააკვირდით, ხომ არ შეიცვალა ბავშვის ქცევები ძიძის გამოჩენის შემდეგ, მაგალითად ხომ არ დაეწყო შიშები, ღამე წამოყვირება, ხომ არ გახდა ჩაკეტილი ან აგრესიული, შესაძლოა ამის მიზეზი ძიძის მიერ ბავშვის მიმართ გამოყენებული ნეგატიური დამოკიდებულების შედეგი იყოს (მაგ. აშინებდეს, ან ხშირად აკრიტიკებდეს).
  5. თუ ბავშვი ძიძასთან თავისუფლად და ხალისით რჩება, ე. ი. მათ შორის დადებითი ურთიერთობაა, მიაქციეთ ყურადღება, რომ ძიძა სწორად იყენებდეს ბავშვთან შექების სტრატეგიებს, ყურადღებით უსმენდეს, ესაუბრებოდეს მშვიდი ტონით, აკრძალვების შემთხვევაში უხსნიდეს, თუ რატომ არ შეიძლება გარკვეული ქცევა.
  6. ძიძის შერჩევისას დაინტერესდით არა მხოლოდ მომავალი კანდიდატის ასაკით, გამოცდილებით, გარეგნობით და სხვ; არამედ იმით, თუ რა იცის მან ბავშვის აღზრდისა და განვითრების შესახებ. ჩაუტარეთ მოკლე გასაუბრება, შეგიძლიათ დაუსვათ სიტუაციური შეკითხვები, კითხეთ, როგორ მოიქცევა, თუ ბავშვი არ ჭამს საჭმელს ან ჭირვეულობს და ტირის?
  7. სასურველია, თუ იარსებებს ძიძების გადამზადების პროგრამები, სადაც კანდიდატები, რომელთაც ამ მიმართულებით დასაქმებას გადაწყვეტენ, დაეუფლებიან ინფორმაციას ბავშვის განვითარების შესახებ, სწავლებისა და განვითარების სტრატეგიებს, ქცევის პოზიტიურ მართვას, ზრუნვის ელემენტებს და სხვ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები