როგორ უნდა შეარჩიოთ საბავშვო ბაღი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

როგორ უნდა შეარჩიოთ საბავშვო ბაღი – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

საბავშვო ბაღის შერჩევის პროცესი მშობლისთვის საპასუხისმგებლო საქმეა. იმისთის, რომ ბავშვს გაუადვილდეს ბაღთან შეგუების პროცესი, გარემო უნდა იყოს მისთვის კომფორტული და მიმზიდველი. ბაღებში ბავშვებისთვის ადაპტაციის პროცესზე ფსიქოლოგებიც ზრუნავენ. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარი, 112- ე საბავშვო ბაღის ფსიქოლოგი თეო გუბიანურია. 

 

როგორ უნდა შეარჩიოს მშობელმა ბაღი?

საბავშვო ბაღის შერჩევისას მშობლებმა, პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინონ ადგილმდებარეობა:  ბაღი უმჯობესია იყოს საცხოვრებელთან ახლოს, რომ დილიდან არ დავღალოთ პატარა ტრანსპორტირებით. ასევე, ბაღის სიახლოვე მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის გამოყვანისას, რადგანაც ხშირად მათ უწევთ მშობლების ლოდინი და ეს შესაძლოა იქცეს მათთვის სტრესულ ფაქტორად.

შემდეგ ეტაპზე უნდა დავრწმუნდეთ, რომ საბავშვო ბაღს აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოფილია ყველა იმ საჭიროებით, რაც აუცილებელია ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის. მაგალითად, სასურველია ბაღს ქონდეს დიდი ეზო მწვანე საფარითა და სათამაშო მოედნებით, ასევე კეთილმოწყობილი აღსაზრდელთა ოთახები.  ამის შემდეგ აუცილებელია მომუშავე პერსონალის გაცნობა, როგორც ადმინისტრაციის წარმომადგენლების, ასევე უშუალოდ აღმზრდელების. ეს საშუალებას მოგცემთ საბოლოოდ დარწმუნდეთ, რომ თქვენი პატარა უსაფრთო და ჯანსაღ გარემოში მიგყავთ.

 

როგორ უნდა მიაჩვიოს მშობელმა ბავშვი იმ აზრს, რომ ბაღში მოუწევს სიარული?

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ბავშვისთვის ნებისმიერი მისთვის უცხო გარემო მოითხოვს გარკვეულ ადაპტაციურ, შეგუების პერიოდს. სასურველია ბავშვის აღზრდის პროცესშივე იმუშაოთ ამ საკითხზე, რომ გაჩნდეს უსაფრთხო მიჯაჭვულობა მშობლების (აღმზრდელის) მიმართ. ეცადეთ სულ თქვენთან ერთად არ იყოს, დატოვეთ ის გარკვეული პერიოდით ბებიასთან ან ბაბუსთან, ან მისთვის ახლო ადამიანთან. შეაჩვიეთ აზრს, რომ თქვენ საკუთარი საქმეები გაქვთ, მაგრამ მათი შესრულების შემდეგ თქვენ აუცილებლად უკან დაბრუნდებით. განშორების პერიოდების დრო შეგიძლიათ ნელ-ნელა გაზარდოთ.

გახსოვდეთ, რომ საბავშო ბაღში მისვლა ბავშვისთვის ცხოვრების პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რადგან ის იწყებს სოციალურ ცხოვრებას მშობლებისგან დამოუკიდებლად. სწორედ ამ დროს გამოვლინდება იმ მიჯაჭვულობის (მშობელსა და შვილს შორის არსებული ურთიერთობის) შედეგი, რაც ცხოვრების განმავლობაში ჩამოუყალიბდა.

ბავშვი, რომელიც მიჩვეულია, რომ მშობელი შეიძლება წავიდეს საქმეზე, დატოვოს ის გარკვეული დროით და შემდეგ ისევ მობრუნდეს, შედარებით მსუბუქად გადაიტანს ადაპტაციურ პერიოდს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ უპრობლემოდ ჩაივლის ადაპტაციის პროცესი.

მნიშვნელოვანია, ასევე ყურადღება მიაქციოთ რა დოზით აწვდით საბავშვო ბაღზე ინფორმაციას. ეს არ უნდა იყოს დამთრგუნველი. კითხვები, როგორიცაა: „ხომ არ იტირებ?“ „ხომ არ გეშინია?“ ბუნებრივად აღძრავს ბავშვში შიშის გრძნობას. შეეცადეთ არ დაანახოთ მას, რომ ნერვიულობთ.

აუცილებელია ბაღში მიყვანამდე მივაჩვიოთ საბავშო ბაღის გარემოს. გაასეირნეთ ბავშვი ბაღის ეზოში, გააცანით გარემო. კარგი იქნება თუ აღმზრდელსაც გააცნობთ.

დაანახეთ ბავშვს, რომ თქვენ ძალიან გსიამოვნებთ ამ გარემოში ყოფნა, მეგობრულად ესაუბრეთ აღმზრდელს, ბავშვი უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენ აღმზრდელს ენდობით.

 

რა პირობები უნდა ქონდეს ბავშვს ბაღში, რომ ადვილად  ადაპტირდეს?

საბავშვო ბაღის გარემო უნდა იყოს თბილი და მეგობრული, ბევრი მხიარული ფერითა და სათამაშოებით. აუცილებელია მომუშავე პერსონალი იყოს კეთილგანწყობილი თითოეული აღსაზრდელის მიმართ,  საჭიროა იმის გაცნობიერება, თუ რას განიცდის ბავშვი ბაღში მისვლის პირველ დღეს.  შესაძლოა პატარამ იტიროს, ეს ბუნებრივია, თუმცა, მშობელთა უმეტესობა ძალიან განიცდის ამ ფაქტს, ესეც გასაგებია. ამისთვის შეგიძლიათ გაესაუბროთ ბაღის ფსიქოლოგს, რომლის ერთ-ერთი მოვალეობაც არის დაეხმაროს მშობლებსა და ბავშვებს.

 

რა თვისებები უნდა ჰქონდეს აღმზრდელს და როგორ უნდა იქცეოდეს ის ბავშვებთან?

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, აღმზრდელს უნდა უყვარდეს ბავშვებთან ურთიერთობა, აღმზრდელებმა უნდა იცოდნენ ბავშვის განვითარების სტადიები საკმაოდ კარგად, თუ რა თავისებურებებია დამახასიათებელი საბავშვო ბაღის ასაკისთვის, რაც დაეხმარება მათთან სწორ კომუნიკაციაში. აუცილებელია, აღმზრდელს შეეძლოს საკუთარი თავის კონტროლი, ხშირად არის ისეთი შემთხვევა, რომდესაც ჯგუფში ბავშვების რაოდენობა საკმაოდ ბევრია, ბუნებრივია აღმზრდელს უჭირს მათი გაკონტროლება. აღმზრდელებს გაანალიზებული უნდა ქონდეთ ის პასუხისმგებლობა, რაც მათ ეკისრებათ. მათ პატარების აღზრდა ევალებათ ძალიან სენსიტიურ პერიოდში, ეს ის ასაკია, რომელიც ბევრით განსაზღვრავს მომავალი თაობის ფუნქციონირებას.

აღმზრდელს უნდა შეეძლოს თითოეული ბავშვი აღიქვას, როგორც ცალკეული ინდივიდი, რომელსაც აქვს მისი საკუთარი პრობლემები. ამ პრობლემების დანახვა და გაანალიზება ბავშვთან ურთიერთობისას ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, აღმზრდელს აქტიური კონტაქტი ქონდეს ბაღის ფსიქოლოგთან და მშობლებთან. გამორიცხულია მათი მხრიდან ბავშვზე ფიზიკური ან ფსიქიკური ძალადობა.

ნებისმიერი პრობლება, განსაკუთრებით კი „ცუდი ქცევა“, რაზეც ყველაზე ხშირად ჩივიან აღმზრდელები, არის მოგვარებადი ყოველგვარი ძალადობის გარეშე. ამისთის საჭირო აღმზრდელის მხრიდან მონდომება, საკმაოდ დიდი ნებისყოფა, მშობლების თანამშრომლობა და ორივე მხარის აქტიური კომუნიკაცია ფსიქოლოგთან.

 

7 რჩევა თეო გუბიანურისგან:

  1. მშობლებო, ჩამოუყალიბეთ თქვენს შვილებს უსაფრთო მიჯაჭვულობა.
  2. გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი დამოუკილებელი ადამიანი უნდა გაიზარდოს, მიეცით მას საჭირო თავისუფლება.
  3. ეცადეთ თქვენი ემოციური ფონი თავს არ მოახვიოთ ბავშვს.
  4. გახსოვდეთ, რომ ბავშვის ნებისმიერ ქცევას აქვს მიზეზი, ეცადეთ, პირველ რიგში, ამ მიზეზების გარკვევას.
  5. საბავშვო ბაღი არის ბავშვისთვის ის მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც აუცილებელია იმ სოციალური უნარების ჩამოსაყალიბებლად, რაც შემდგომ წლებში აუცილებლად დაჭირდება. ნუ იტყვით უარს ბაღზე.
  6. საბავშვო ბაღში სიარულისას, თუ შეამჩნევთ ბავშის ქცევაში დამაფიქრებელ ცვლილებებს, აუცილებლად მიმართეთ ბაღის ფსიქოლოგს, რომელიც დაეხმარება როგორც აღმზრდელს, ასევე მშობელს, რომ ერთობლივად მოაგვარონ პრობლემა.
  7. საბავშვო ბაღის მოვალეობაა ბავშვის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა. აღმზრდელებო, ეცადეთ გააკონტროლოთ საკუთარი თავი ბავშვთან ურთიერთობისას, შესაძლებელია თითქოს “უწყინარმა” გამოთქმებმაც კი, დიდი გავლენა მოახდინონ პატარაზე.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

7 აგვისტო, 2017

სხვა ჩანაწერები