LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ უნდა შეიქმნათ სასიამოვნო სამუშაო გარემო სამსახურში – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

40

ზრდასრული ადამიანები დროის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებენ, ამიტომ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ გრძნობენ ისინი თავს სამუშაოს შესრულებისას, რამდენად მოტივირებულები და კმაყოფილები არიან მუშაობის პროცესში და რამდენად ახერხებენ საკუთარი თავის ამა თუ იმ სფეროში რეალიზებას. როგორ უნდა შექმნათ სასიამოვნო სამუშაო გარემო და ვისზეა ეს დამოკიდებული, გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარი ადამიანური რესურსის მენეჯმენტის ცენტრის პროექტების კოორდინატორი, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის სპეციალისტი ელენე ოყროშიძეა.

 

რამდენად  მნიშვნელოვანია შრომითი მოტივაცია?

 

ფსიქოლოგი ამბობს, რომ შრომითი მოტივაცია უზრუნველყოფს ადამიანის მიერ შრომითი საქმიანობის განხორციელებას. ძლიერად მოტივირებული თანამშრომელი გულისხმობს ადამიანს, რომელიც ცდილობს კარგად შეასრულოს სამუშაო, აღიარებს ორგანიზაციის მიზნებს და მთელ ძალასა და მონდომებას მათ მისაღწევად მიმართავს.

„ნებისმიერი ორგანიზაციის ყველაზე ღირებული კაპიტალი – ადამიანური რესურსია. შესაბამისად ორგანიზაციის ფინანსურ მდგომარეობას, მოგებას, ზრდასა და განვითარებას განსაზღვრავს ის, თუ როგორ მუშაობენ მისი თანამშრომლები. თანამშრომელთა შესრულების ხარისხი და შრომის ეფექტიანობა დიდწილად დამოკიდებულია მათ მოტივაციაზე. შესაბამისად, თანამედროვე მენეჯმენტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანი არის თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებაზე ზრუნვა. თითოეული ორგანიზაცია, მისი მიზნებიდან, ამოცანებიდან, მუშაობის სტილიდან და საქმიანობის სფეროდან გამომდინარე ინდივიდუალურია. შესაბამისად, სხვადასხვა ორგანიზაციისათვის განსხვავებული მართვის სტილი, სამოტივაციო პოლიტიკა და კორპორატიული კულტურაა  ადეკვატური, თუმცა შესაძლებელია იმ ზოგადი რჩევების შესახებ საუბარი, რომლებიც დაეხმარება ორგანიზაციათა უმეტესობის ხელმძღვანელობას თანამშრომელთა შრომითი მოტივაციის, კმაყოფილების გაზრდასა და შესაბამისად მაღალ მაჩვენებელთა მიღწევაში”,  – აცხადებს ფსიქოლოგი.

 

რა როლი აქვთ თანამშრობლებს სამსახურში დადებითი ატმოსფეროს შექმნაში?

 

ორგანიზაციში დადებითი ატმოსფეროს შექმნაში, პროგრესული ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებაში თანამშრომლებს დიდი წვლილი მიუძღვით. ნებისმიერმა ადამიანმა თავის მხრივ იმისათვის, რომ მიაღწიოს წარმატებას პროფესიაში, შეძლოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა და თვითრეალიზაცია, მენეჯმენტის მხარდაჭერის მიღმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე ფაქტორი.

ფსიქოლოგის თქმით, პროფესიის არჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა თქვენს ცხოვრებაში, ვინაიდან ამ გადაწყვეტილების სისწორეზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული  მომავალი კარიერა, წარმატება. პროფესიის არჩევისას ადამიანმა კარგად უნდა შეისწავლოს სხვადასხვა პროფესიის მოთხოვნები და სპეციფიკა, უნდა შეიმეცნოს საკუთარი თავი და თავისი სურვილებიდან, მიდრეკილებებიდან და ღირებულებებიდან გამომდინარე მიიღოს  გადაწყვეტილება. „სამწუხაროდ პროფესიის არჩევა ძალიან მცირე ასაკში ხდება და ახალგაზრდები მშობლების ან სხვა სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას, რაც შეცდომაა და აპრიორი განაპირობებს შემდგომ დემოტივაციასა და შესრულების დაბალ ხარისხს. პროფესია და ადამიანი ისე უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს, როგორც გასაღები კლიტეს. პროფესიული ორიენტაცია არის დარგი, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანისა და სამუშაოს შესაბამისობას თითეული მათგანის შესწავლისა და ანალიზის გზით“, – აცხადებს ფსიქოლოგი.

რა როლი აქვს მენეჯმენტს ?

ფსიქოლოგი ამბობს, რომ მენეჯმენს თანამშრომლების მოტივაციაზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია. ამისთვის კი რამდენიმე მიმართულების გათვალისწინებაა საჭირო. ორგანიზაციაში დაგეგმეთ შერჩევისა და თანამშრომელთა როტაციის სწორი პოლიტიკა, იმისათვის, რომ ყველა თანამშრომელი იყოს მისთვის ადეკვატურ პოზიციაზე. შეეცადეთ გახადოთ სამუშაო საინტერესო და ყველა თანამდებობის ფუნქციები გასაგები იყოს თანამშრომლებისათვის. ჩართეთ თანამშრომლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

 

7 რჩევა ელენე ოყროშიძისგან:

  

  1. საინტერესო საქმე აღძრავს ადამიანის შინაგან მოტივაციას. თანამშრომელი მეტად მოტივირებულია როდესაც მან იცის, რას მოელის მისგან მენეჯმენტი, რა წვლილი შეაქვს მას ორგანიზაციის საერთო მიზნების მიღწევის პროცესში და მისი სამუშაო საინტერესოა. ამისათვის შექმენით ნათელი თანამდებობრივი ინსტრუქციები და გაამდიდრეთი ისინი საინტერესო ფუნქციებით; დაამკვიდრეთ ორგანიზაციაში დემოკრატიული მართვის სტილი: ჩართეთ თანამშრომლები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. მიეცით მათ ავტონომია მუშაობის დროს, თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და საკუთარი საქმის თავად დაგეგმვის საშუალება განაპირობებს მის უფრო ეფექტიანად და მეტი ენთუზიაზმით შესრულებას (სწორედ ამიტომ, ევროპის ბევრ ქვეყანაში ორგანიზაციაათა დიდი ნაწილი მოქნილ სამუშაო გრაფიკზე გადავიდა).
  2. შეინარჩუნეთ ორგანიზაციაში სამართლიანობისა და თანასწორობის მასტიმულირებელი გარემო. უსამართლობის განცდა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დემოტივაციის გამომწვევი ფაქტორია. თანასწორობა გულისხმობს იმას, რომ ადამიანი სამუშაოს შესრულებისათვის მიღებულ ჯილდოს მის მიერ გაწეული ძალისხმევის საპირწონედ მიიჩნევს. თანასწორობა კი გულისხმობს ორგანიზაციაში ყველა თანამშროლის წვლილისა და შედეგის თანაბრობას.
  3. შეფასების სისტემა აუცილებლად დაუკავშირეთ სამოტივაციო პოლიტიკას და ორგანიზაციაში შეფასება გახადეთ დაჯილდოებასა და პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული. პროფესიონალურად ჩატარებული და ჯილდოზე ორიენტირებული შეფასება უზრუნველყოფს განსაკუთრებით მაღალი შედეგების მქონე თანამშრომელთა დაჯილდოებას, ხოლო დაბალი შეფასების მქონე თანამშრომელთა სწავლასა და განვითარებას, რაც საერთო ჯამში მამოტივირებლად მოქმედებს ყველაზე.
  4. ხშირად ჩაატარეთ ორგანიზაციული კვლევები და იკითხეთ – რა ხდება თქვენს ორგანიზაციაში. გააანალიზეთ ორგანიზაციული კვლევის შედეგად გამოვლენილი ინფორმაცია. შეეცადეთ შეინარჩუნოთ თქვენი ძლიერი მხარეები და აუცილებლად იფიქრეთ უკმაყოფილების გამომწვევი ფაქტორების მიზეზებსა და პრობლემების ოპერატიულად გადაჭრის გზებზე. ამით თქვენს თანამშრომლებს ექნებათ მეტი ნდობა და პატივისცემა მენეჯმენტის მიმართ.
  5. გამოცხადებული ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში დასაქმების მსურველმა ადამიანმა უნდა დაიწყოს ინფორმაციის მოგროვება ამ ორგანიზაციის შესახებ. გაეცნოს მის ვებგვერდს, არაფორმალურად მოიძიოს სხვადასხვა სახის ინფორმაცია. დაფიქრდეს ამ ორგანიზაციაში არსებულ კულტურაზე და იმაზე, რამდენად კარგად იგრძნობს იგი თვს ამ ორგანიზაციაში მუშაობისას. ანაზღაურება შრომის მნიშვნელოვანი მოტივატორია, მაგრამ არა ერთადერთი. ისეთ ორგანიზაციაში, სადაც არსებული კუტურა არ შეესაბამება ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებს, ღირებულებებს, შეხედულებებს ვერ შეძლებს თანამშრომელი მუშაობას მხოლოდ ანაზღაურების სანაცვლოდ.
  6. ნუ იცრუებთ გასაუბრების დროს საკუთარი გამოცდილების, უნარებისა და პიროვნული მახასიათებლების წადგენისას. ნუ იცრუებთ სამსახურის შოვნისათვის, რადგან ეს საქმე თქვენგან იმას მოითხოვს, რაც თქვენ არ მოგწონთ და რისი კეთებაც თქვენ არ მოგწონთ და გეზარებათ. ეს შეუსაბამობა გამოიწვევს იმას, რომ თქვენი მუშაობის პროცესი იქნება სრულიად ნებისყოფით წარმართული და გამოიწვევს თქვენი ძალების გაცვეთასა და განლევას, რასაც მივყავართ პროფესიულ სტრესამდე და ხშირად სომატურ დაავადებებამდე. მუშაობისას შეეცადეთ თვით-მოტივაციას, გაამახვილეთ ყურადღება სამუშაოს თქვენთვის საინტერესო ასპექტებზე, მოიხსენით დაძაბულობა და შეისვენეთ ხოლმე მუშაობის პროცესში.
  7. მოეკიდეთ სამუშაოს მაღალი პასუხისმგებლობით და გააცნობიერეთ, რომ თქვენ საერთო საქმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს აკეთებთ. თქვენი სამუშაოს რგოლის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ორგანიზაციული მიზნების მიღწევა. მენეჯმენტის მიერ მიღებული რაციონალური და სწორი გადაწყვეტილებები თქვენს მიერ უნდა იქნეს უშუალოდ შესრულებული. თქვენ, თქვენი თანამშრომლები და მენეჯმენტი ერთი გუნდი ხართ, რომლებიც ერთ მიზანს ემსახურებით და თქვენს მიერ შესრულებული სამუშაო აისახება საბოლოო პროდუქტის ხარისხზე.

 გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები