LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლობა – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

32

დამოუკიდებლობის ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვის განვითარებაში. ყველა მშობელი იმედოვნებს, რომ მისი შვილი გაიზრდება დამოუკიდებელი, საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანი. ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობის განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში მშობლის როლია დაეხმაროს ბავშვს „თვითონ აკეთოს“ და არ იმოქმედოს მის ნაცვლად. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი, მეგი ქავთარაძე.

 

რამდენი სტადია არსებობს ბავშვისთვის დამოუკიდებლობის განვითარების გზაზე?

 

განურჩეველი ერთიანობა – სრული დამოკიდებულება. ამ სტადიაზე ბავშვს დედასთან სრული კონტაქტი სჭირდება. როდესაც ყველაფერი კარგად მიდის, ბავშვს ომნიპოტენტურობის, სრული კონტროლის განცდა აქვს მაშინ, როდესაც დედა მოთხოვნილებებს უკმაყოფილებს.

ტრანზიციული, გარდამავალი სტადია – ეს არის გარდამავალი სტადია სრული დამოუკიდებლობიდან დამოუკიდებლობამდე. თუ სრული კავშირის ილუზია სწრაფად გაქრება, ეს შესაძლოა ძალიან მტკივნეული აღმოჩნდეს ბავშვისთვის, ამიტომ დამოუკიდებლობაზე გადასვლა რაც შეიძლებ ეტაპობრივად უნდა მოხდეს. ამ სტადიაზე ბავშვი თავის დამოუკიდებლობას აცნობიერებს და დანაკარგის შესახებ იგებს. მცირე დოზით ბავშვისგან შორს ყოფნით, დედა ეხმარება მას დამოუკიდებლობის განცდის ჩამოყალიბებაში. ამ სტადიაზე ბავშვს ეხმარება გარდამავალი ობიექტის არსებობა, რომელიც დედის ჩანაცვლებას წარმოადგენს. ეს ეხმარება ბავშვს „მე“-ს განვითარებასა და ადრეული ყოვლისშემძლეობის განცდის დაძლევაში.

დამოუკიდებლობის სტადია – თუ გარდამავალმა პერიოდმა ეფექტურად ჩაიარა, დგება დამოუკიდებლობის პერიოდი. დედის როლია დაეხმაროს ბავშვს ამ სტადიების გავლაში, სრული დამოკიდებულებიდან – დამოუკიდებლობამდე. დამოუკიდებლობას სპეციალური სწავლება არ სჭირდება, იგი თვითმომწიფებადი უნარია, რომელიც ბავშვებს ბუნებრივად უჩნდებათ. ბავშვებს სპონტანურად უჩნდებათ სურვილი თვითონ ჭამონ, ჩაიცვან, ითამაშონ და ა.შ. მშობლებს შეუძლიათ მხოლოდ შესაბამისი გარემოს შექმნა, ხელშეწყობა, წახალისება.

 

რა უნდა გააკეთოს მშობელმა ბავშვისთვის დამოუკიდებლობის ჩამოყალიბების პროცესში?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია ბავშვს დავუკმაყოფილოთ მოთხოვნილებები მანამ, ვიდრე თვითონ შეძლებს მათ დამოუკიდებლად დაკმაყოფილებას. პირველი წლის განმავლობაში მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიგრძნოთ თუ რა უნდა ბავშვს, ამოვიცნოთ მისი მინიშნებები და ვიგრძნოთ მათი ინდივიდუალური ტემპერამენტი.

მეორე წელს, მოტორული და კოგნიტური უნარების განვითარებასთან ერთად, ბავშვებს უჩნდებათ მოთხოვნილება თვითონ აკეთონ. „მე თვითონ“ – ამ ფრაზას ხშირად მიმართავენ ბაშვები. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია გარემოს ადაპტაცია, მაგ. იმ ზომის სკამი, რომელზეც ბავშვი ადვილად დაჯდება და ადგება დამოუკიდებლად, შესაბამისი ჭურჭელი, საიდანაც ადვილად შეძლებს ჭამას, სათამაშოების ბავშვისთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განლაგება და ა.შ.

  • მიეცით საშუალება თვითონ ჩაიცვას, ჭამოს, დაჯდეს ქოთანზე და ა.შ.
  • წაახალისეთ მისი დამოუკიდებლობა და მიეცით შეზღუდული არჩევანის შესაძლებლობა
  • შეაქეთ, როდესაც რამე გამოუვა
  • იყავით მოქნილი – დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება და ხშირად წინგადადგმულ ნაბიჯებს უკან გადადგმული ნაბიჯებიც მოყვება ხოლმე.

დამოუკიდებლობის განვითარება მჭიდრო კავშირშია მიჯაჭვულობის განვითარებასთან. სანამ ბავშვი დამოუკიდებელი გახდება, მან ჯერ სრული დამოკიდებულების, უსაფრთხო მიჯაჭვულობის სტადია უნდა გაიაროს. მხოლოდ ამის შემდეგ ახერხებს ბავშვი დედისგან სეპარაციას და დამოუკიდებლობის ჩამოყალიბებას.

მართალია დამოუკიდებლობა თვითმომწიფებადი უნარია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში შესაძლოა არაჯანსაღი განვითარება მივიღოთ. მშობლებმა ამ კუთხით ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგს, თუ:

  • ბავშვი არ ამჟღავნებს დამოუკიდებლად მოქმედების სურვილს.
  • ბავშვს სასკოლო ასაკშიც ძლიერი მიჯაჭვულობა აქვს და უჭირს დედისგან სეპარაცია, შფოთავს.
  • ზედმეტად განებივრებულია, მუდამ ყურადღებას ეძებს, ეგოცენტრული და მომთხოვნია, სურს მის ნაცვლად ყველაფერი სხვებმა აკეთონ.

ასეთ შემთხვევაში სასურველია ბავშვთა ფსიქოლოგის, ან ფსიქოთერაპევტის ჩარევა.

 

7 რჩევა მეგი ქავთარაძისგან:

  1. ხელი შეუწყეთ უსაფრთხო ემოციური მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას. დამოუკიდებლობა ყალიბდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვილი გაივლის სრული დამოკიდებულების სტადიას. თუ ბავშვს აქვს შესაძლებლობა, რომ განავითაროს ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა და დატკბეს ამ გამოცდილებით, 4-5 წლის ასაკში ყალიბდება დამოუკიდებლობა.
  2. ღია და გულწრფელი კომუნიკაცია შექმნის ახლო ურთიერთობებს ბავშვთან. სისტემატურად, ყოველდღიურად დაუთმეთ დრო ერთად თამაშს; მიეცით ბავშვს საშუალება თვითონ აირჩიოს თამაში, სრულად ჩაერთეთ თამაშში და გაიზიარეთ მისი შინაგანი სამყარო.
  3. მიეცით ბავშვს არჩევანის საშუალება – ბავშვობიდანვე შესთავაზეთ თვითონ აირჩიოს – შესთავაზეთ შეზღუდული რაოდენობის (2-3) ალტერნატივა
  4. ზედმეტი ზრუნვა საჭირო არ არის. ბავშვს ეხმარებით მანამ, სანამ თვითონ შეძლებს დამოუკიდებლად მოქმედებას. არ არის საჭირო თქვენ ჩააცვათ, აჭამოთ, დასვათ ქოთანზე მაშინ, როდესაც ამის გაკეთება თვითონაც შეუძლია და ყველა უნარი უკვე მომწიფებულია ამისთვის.
  5. ყოველთვის შეაქეთ დამოუკიდებლობისთვის, როდესაც გამოუვა თვითონ ჩაიცვას, დაიბანოს, ჭამოს და ა.შ. შეაქეთ და წაახალისეთ.
  6. იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი არ ავლენს დამოუკიდებლობის სურვილს, არ გესმით ფრაზები „მე თვითონ“, ძლიერი მიჯაჭვულობა და სეპარაციის შფოთვა აქვს სასკოლო ასაკში, ძალიან მომთხოვნია და ითხოვს, რომ ყველაფერი მის ნაცვლად აკეთონ, მიმართეთ სპეციალისტს – ბავშვთა ფსიქოლოგს, ან ფსიქოთერაპევტს.
  7. დამოუკიდებლობასთან ერთად ასწავლეთ უსაფრთხოებაც. მნიშვნელოვანია მივცეთ თავისუფლება გონივრულ ჩარჩოებში. მაგალითად, ბავშვს უხსნით, რომ შეუძლია დამოუკიდებლად იაროს სეირნობის დროს, მაგრამ გზაზე, სადაც მანქანები მოძრაობენ, სიარული უსაფრთხო არ არის.

გადაცემის ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები