LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვებრძოლოთ ფობიებს – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

30

ხშირად ფობია რთულ ფორმას იღებს და პრობლემებს უქმნის ადამიანს ყოველდღურობაში. რა არის შიში და ფობია და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას, გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი თეო გუბიანური.

რა არის შიში და ფობია?

ეს არის ნებისმიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი ემოციური რეაქცია, და ეს ძალიან საჭირო – ადაპტური ფუნქციაა,  ანუ ადამიანს ეშინია მაშინ, როდესაც რაიმე სახიფათო ხდება,  ჩნდება ზიანის მომტანი რაიმე სტიმული ან უბრალოდ გაურკვეველ მდგომარეობაშია.  თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც შიში, რომელიც ძალიან კარგია, ხდება შემაწუხებელი, აკვიატებული, არაჯანსაღი – ასეთ შიშს ფობია ქვია. ანუ ფობიის დროს შეიძლება საერთოდ არც კი არსებობდეს რეალური საფრთხე,  არსებობს მხოლოდ შიშთან დაკავშირებული აზრი, რომელიც იმდენად ძლიერია და იმდენად მოიცავს ხოლმე ადამიანის ფსიქიკას, რომ მისი გაკონტროლება, გაცნობიერება შეუძლებელი ხდება. ფობია ძირითადად უკავშირდება ერთი, რაიმე სახის შიშს. არსებობს უამრავი დასახელების ფობია – მათ შორის ჩვენთვის კარგად ნაცნობი – ღია სივრცის შიში (აგორაფობია) , სიმაღლის შიში (აკროფობია), სიბნელის (აჩლოუფობია) და ა.შ.

განსხვავდება თუ არა ფობია ბავშვებსა და ზრდასრულებში?

რაც შეეხება ბავშვებს, მათი ფობიები, ზრდასრულისგან განსხვავდება.  2 წლამდე ასაკის ბავშვებში, რომლებიც სამყაროს ჯერ კიდევ სენსორული მოდალობებით – ანუ შეგრძნებებით აღიქვამენ, შიშებიც შესაბამისი აქვთ – შეიძლება შეეშინდეთ ხმის, დიდი საგნის (ხშირია, როდესაც პატარებს ეშინიათ გასართობ ცენტრებში, მულტფილმის გმირების კოსტიუმებში გამოწყობილი გამრთობების, რომლებსაც დიდი ზომის ფორმები აცვიათ), მქონდა შემთხვევა, როდესაც ბავშვმა დამინახა დიდი ქუდი და ტირილი დაიწყო… ასეთი სახის შიშები ნორმალურია და ბავშვის დამშვიდებაც იოლად ხდება, არასასიამოვნო სტიმულების მორიდებით, ჩახუტებით.

განვითრებასთან ერთად, იზრდება შიშის მომგვრელი სტიმულების რაოდენობაც და ფორმაც.  სკოლამდელი ასაკის ბავშვებს აქტიურად უვითარდებათ ფანტაზია, რის გამოც შეუძლიათ წარმოუდგენელი რაღაცების წარმოდგენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ არსებობს ამის დამატებითი სტიმულები , როგორიცაა -ზღაპრები, მულტფილმები, კომპოუტერული თამაშები, სხვადასხვა გარემოში ყოფნა და სხვადასხვა ადამიანებთან ურთიერთობა.  ყველაზე გავრცელებული ამ დროს არის სიბნელის შიში. ბავშვს ეშინია სიბნელეში მარტო ყოფნის, ვერ ჩერდება ბნელ ოთახში, უჭირს მარტო დაძინება. სწორედ ამ დროს, მისი ფანტაზია წარმოიდგენს უამრავ სხვადასხვა რაიმეს. მაგალითად, ლოგინის ქვეშ შეიძლება იმალებოდეს რომელიმე ბოროტი მულტფილმის გმირი, ან კარადიდან გამოდიოდეს უცხოპლანეტელი…  ძალიან ხშირად, ბავშვები აპროტესტებენ გარკვეულ ადგილებში ვიზიტს, მაგალითად ბაღში, ექიმთან, გასართობ ცენტრში, ზოოპარკში  –  ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს სწორედ მათი ფობიებით.  ბავშვს შესაძლოა ეშინოდეს ბაღის მასწავლებლის, რომელსაც ბუნებრივად ხმის მაღალი ტემბრი აქვს და ამის გამო არ უნდოდეს ბაღში წასვლა, ან ექიმის, რომელმაც კბილი ამოუღო – რის შემდეგაც აღარ მიყვება დედას ექიმთან, ასევე სტილისტთან ვიზიტისას – როდესაც დაინახა დიდი მაკრატელი, რომლითაც თმა შეაჭრეს…  ასეთ დროს ბავშვის დახმარება შეუძლიათ უფროსებს, საჭიროა  მათ შიშებს და შფოთვას სერიოზულად მოვეკიდოთ, არავითარ შემთხვევაში არ დავცინოთ, რომ სირცხვილის განცდა არ ქონდეს. დაველაპარაკოთ ბავშვს, ვუთხრათ, რომ ჩვენც გვეშინოდა, ვაგრძნობინოთ რომ ვიცით რასაც განიცდის. შევთავაზოთ, ბნელ ოთახში ერთად გასვლა, საწოლის ქვეშ შეხედვა.

სამწუხაროდ, ხშირად ბავშვებს ჩვენ თვითონ ვუჩენთ სხვადასხვა ფობიას – „თუ არ დაიძინებ, მე სახლიდან წავალ“; „ჭამე თორემ პატრულს დავუძახებ“  – ამ და სხვადასხვა ტიპის მუქარებით, რომლებიც გამიზნულია ბავშვის შესაშინებლად შეიძლება ფობიური შიშების გამოწვევა – იმ შემთხვევაში თუ მშობელი ეუბნება რომ დატოვებს, მას შეიძლება მარტო დარჩენის შეეშინდეს, ამ ფონზე ბავშვი მარტო შესაძლოა საპირფარეშოშიც არ შედიოდეს, არ მიდიოდეს ბაღში, არ იძინებდეს – ჩნდება მიჯაჭვულობის პრობლემა.

რაც შეეხება მოზარდობის პერიოდს, ამ დროს შესაძლებელია ბავშვობის დროინდელი ფობიებიც არსებობდეს და გაჩნდეს კიდევ ახალი ტიპის შიშები. მოზარდების შემეცნებითი სფერო კიდევ უფრო ჩამოყალიბებულია, ვიდრე ბავშვის, შესაბამისად ფობიებიც გამრავალფეროვნებულია.  მოზარდებში შიშის გამომწვევი ფაქტორები უკავშირდება სკოლას, სამეგობროს, ასევე ისეთ  არასასიამოვნო  ცხოვრებისეულ მოვლენებს, როგორიცაა ახლობლის გარდაცვალება, ავადმყოფობა და სხვა ტრავმული გამოცდილებები, რომლებიც  შეიძლება გენერალიზდეს და მიიღოს არაჯანსარი, არაადაპტური შიშის ფორმა – ფობიის.  მოზარდი ამ დროს  შეიძლება მოიცვას ისეთმა შიშებმა, როგორიცაა მაგალითად, ” სკოლაში თანაკლასელები დამცინებენ თუკი გაკვეთილის მოსაყოლად ავდგები”.  ყურადღება მისაქცევია, რომ ფობიები არამარტო ყოველდღიურ ფუნქციონირებაში უშლიან ხელს, არამედ შეიძლება ცუდი გავლენა იქონიონ ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე.   მშობელი და ოჯახის წევრები ყურადღებით უნდა დააკვირდნენ, საიდან მოდის ეს შიში, საჭიროა გავარკვიოთ გარემოში არსებული ის მოვლენები, რომლებიც ბავშვში შფოთვას იწვევს, გამოვიჩინოთ ყურადღება და დავანახოთ, რომ ჩვენ  გულგრილები არ ვართ ამის მიმართ. ოჯახის ასეთი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ხშირ შემთხვევაში აგვარების კიდეც ფობიებთან დაკავშირებულ პრობლემას, თუმცა თუ შევამჩნიეთ, რომ საქმე უფრო რთულადაა, აუცილებლად სპეციალისტი უნდა ჩავრთოთ.

 

7 რჩევა თეო გუბიანურისგან:

  1. შიში ადაპტაციური ფუნქციაა, რომლელიც თავისთავად ძალიან კარგია ადამიანისთვის, სანამ არაჯანსაღ (უსაფუძვლო) სახეს მიიღებს.
  2. ოჯახის მხარდაჭერა პირველი და ხშირად საკმარისი ნაბიჯიც არის ბავშვის ფობიებთან გასამკლავებლად.
  3. ყურადღება მიაქციეთ და გააკონტროლეთ, რა სახის ინფორმაციას იღებს ბავშვი გარემოდან – ტელევიზორი, ინტერნეტი.
  4. არ დააძალოთ ბავშვს იმის გაკეთება, რისიც ეშინია; უმჯობესია დაეხმაროთ იმის გარკვევაში რისი და რატომ ეშინია.
  5. სერიოზულად მოეკიდეთ ბავშვის შიშებს, თუნდაც ეს უმნიშვნელო იყოს და არავითარ შემთხვევაში არ დასცინოთ.
  6. ყურადღებით დააკვირდით, რა მოვლენები იწვევს მათში შფოთვას, რადგან, როდესაც ბავშვს ასეთი პრობლემა აქვს, მიზეზი გარემოში უნდა ვეძებოთ.
  7. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის დახმარების მიუხედავად, ფობიები მაინც არსებობს სჯობს კონსულტაცია სპეციალისტთან გაიაროთ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები