LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვისწავლოთ პოზიტიურად აზროვნება – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

45

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ნეგატიური აზრები გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ნეგატიურად აზროვნება უარყოფით კვალს ტოვებს პირად ცხოვრებაზე, ასევე აისახება სამსახურეობრივ ურთიერთობებზე. ადამიანებს ნაწილობივ შეუძლიათ თავისი ცხოვრება მართონ. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი სოფო მახარაძე.

რა გავლენა აქვს უარყოფით აზრებს ჩვენს ცხოვრებაზე?

ადამიანის აზრებში ვლინდება მისი ზოგადი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი. როგორ აღვიქვამ, როგორ ვხედავ მე ჩემს ცხოვრებას? როგორ აისახება ის ჩემს ცნობიერებაში – კეთილგანწყობილად თუ მტრულად? ზოგადი დამოკიდებულება ვლინდება არა მხოლოდ ჩემს აზრებში, არამედ ჩემს ემოციებსა და ქმედებებში. ეს გახლავთ გრძელი ჯაჭვი, რომლის შემადგენელი ყოველი რგოლი ერთმანეთზეა დამოკიდებული. ჩემი აზრები იწვევენ აზრის შესაბამის ემოციებს, ემოციები თავის მხრივ განაპირობებენ ამ ემოციის შესატყვის ქმედებებს, ხოლო ქმედებები განსაზღვრავენ ჩემს ადგილს ცხოვრებაში და ზოგადად სამყაროში.
ადამიანისთვის ცხოვრება ხდება გაუსაძლისი ან გასაძლისი იმ აზრებიდან და შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც გააჩნია მას ცხოვრებასთან მიმართებაში. ადამიანი იტანჯება არა რეალობის, არა რეალობაში მიმდინარე ფაქტებისა და მოვლენების გამო, არამედ რეალობისადმი დამახინჯებული, არაადაპტური, არაადეკვატური აზრებიდან და დამოკიდებულებებიდან გამომდინარე.

რატომ იწყებენ ადამიანები ნეგატიურად აზროვნებას?

ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ადამიანი ბიო-ფსიქო-სოციალური არსებაა და შესაბამისად, ეს ფაქტორები შეიძლება იყოს: ბიოლოგიურიდან მომდინარე, როგორიცაა მაგალითად, ტემპერამენტი; ფსიქოლოგიურიდან მომდინარე – ხასიათის ტიპი; სოციალური გარემოდან მომდინარე – ოჯახი, სკოლა, საზოგადოება, ზოგადად ის მიკრო და მაკრო სოციუმი, რომელშიც იზრდება, ვითარდება და ცხოვრობს. ეს ფაქტორები შეიძლება იყოს როგორც ცნობიერი და რაციონალური, ისე არაცნობიერი და ირაციონალური. მაგრამ ეს ძალზე ვრცელი თემაა… ჩვენთვის კი საინტერესოა ის ზოგადი, რომელიც აერთიანებს ყველა ზემოთ ხსენებულ ფაქტორს.
ეს ზოგადი გახლავთ ადამიანის მიერ საკუთარი გამოცდილების დამახინჯება. ეს არის გამოცდილებები საკუთარ თავთან, ადამიანებთან, ზოგადად ცხოვრებასთან და ცხოვრებაში არსებულ საკითხებთან მიმართებაში, იქნება ეს სიყვარული, მეგობრობა, საქმე, წარმატება, ბედისწერა, პირადი პასუხისმგებლობა, თავისუფლება თუ სხვ. საკუთარი გამოცდილების დამახინჯება თავის მხრივ, განპირობებულია ადამიანის მიერ რეალობის არაადეკვატური ხედვით. არაადეკვატური ხედვის მიზეზი კი რეალობის, როგორც მთელის ჭვრეტის უუნარობა და საკუთარი თავის გაუფასურების და უმნიშვნელობის განცდაა.

როგორ აისახება ჩვენი აზრები ადამიანებთან ურთიერთობებსა და საქმეზე?

ადამიანის დამოკიდებულება საკუთარ თავთან და ზოგადად ცხოვრებასთან მიმართებაში მთლიან პიროვნებისეულია. ამ დამოკიდებულებებში ვლინდება მისი ზოგადი პოზიცია სამყაროსთან მიმართებაში. შესაბამისად, მისი ეს დამოკიდებულება და პოზიცია აისახება არა მხოლოდ კოგნიტურ (აზრობრივ), არამედ ემოციონალურ და სოციალური ურთიერთობების დონეზე.
არარაციონალური პოზიციის, როგორიცაა „ვალდებული ვარ (იყო)…“, „ასე უნდა იყოს…“, „ასე უნდა მოქცეულიყო (მოვქცეულიყავი)” და სხვა მსგავსი იმპერატივების ფორმულირებით ადამიანები თავად ვართულებთ ურთიერთობებს საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან. მცდარი წარმოდგენებისა და ნეგატიური ხედვების საფუძველზე ვაგებთ ურთიერთობებს, რომელშიც თავად ვიტანჯებით. ერთ კონკრეტულ არასასურველ გამოცდილებას ზოგადი გამოცდილების ტერმინებში განვიხილავთ და ამით მის გენერალიზებას, საყოველთაობას ვუწყობთ ხელს, რითაც თავად ვქმნით ბარიერს პიროვნული განვითარების გზაზე. მოვლენის კატასტროფიზაციით ისეთ ჩიხში მოვაქცევთ საკუთარ თავს, საიდანაც გამოსავალს თავად ვეღარ ვპოულობთ.

როგორ ვისწავლოთ პოზიტიურად აზროვნება?

ამისათვის საჭიროა ვისწავლოთ საკუთარი თავისა და ცხოვრების მთლიანობაში ხედვა. ადამიანები რომლებიც განიცდიან სირთულეებს და ხშირად მტანჯველ განცდებს საკუთარ თავთან, ადამიანებთან და ზოგადად ცხოვრებასთან მიმართებაში, როგორც წესი მიდრეკილნი არიან საკუთარი თავისა და ცხოვრების შეფასებისას კონცენტრირება მოახდინონ არასასურველ, ნეგატიურ გამოცდილებებზე. სწორედ ეს ცალმხრივი პოზიცია აკარგვინებს მათ უნარს ცხოვრებისა და საკუთარი თავის, როგორც მთლიანის ჭვრეტისა.
თუ ჟან-პოლ სარტრის სიტყვებს დავესესხებით, „ადამიანი არამარტო ისეთია, როგორადაც თავი წარმოუდგენია, არამედ ისეთიც, როგორიც მას სურს რომ იყოს“. ანუ ადამიანი წარმოადგენს განხორციელებული და განსახორციელებელი შესაძლებლობების, განხორციელებული და განსახორციელებელი არსის ერთობლიობას. იმისათვის, რომ მან გამოავლინოს საკუთარი არსი, მან უნდა იმოქმედოს. თუ უნდა იმოქმედოს, მას მოუწევს დაუშვას შეცდომები. შეცდომები კი მას მიიყვანს საკუთარი სასურველი განსახორციელებელი არსის გაცნობიერებამდე. აქედან გამომდინარე, არ არსებობს არასასურველი გამოცდილება, ნებისმიერი გამოცდილება საჭირო და სასურველია, რადგან წარმოადგენს ერთადერთ პირობას საკუთარი თავის გაცნობიერებისა – ვინ ვარ მე? რამდენად მომწონს ან არ მომწონს ის რაც ვარ? რა მინდა შევცვალო ან განვამტკიცო საკუთარ თავში? როგორი მინდა რომ გავხდე? სწორედ ეს შეკითხვები ქმნის ადამიანის განვითარების ვექტორს და საკუთარ თავში სასურველის განვითარების პირობას.
რაც შეეხება ცხოვრების, როგორც მთლიანის ჭვრეტას. ეგზისტენციალური ფსიქოლოგიის თანხმად, საკუთარ თავთან მიმართებაში დანაშაულის განცდა, სიცოცხლის სასრულობის და ტანჯვის გარდაუვალობის გაცნობიერება, ერთის მხრივ ქმნის ადამიანის არსებობის ტრაგიზმს, მეორეს მხრივ კი პირობას მისი მენტალური სიჯანსაღისათვის და საზრისით სავსე ცხოვრებისათვის.
დანაშაულის განცდა, რომელიც წარმოიქმნება ადამიანის მიერ საკუთარი შესაძლებლობების „ვერ“ ან „არ“ განხორციელების შედეგად, ადამიანში ქმნის განუხორციელებელი შესაძლებლობების განხორციელების მოტივს და შესაბამისად განვითარების პირობას. ადამიანს ყოველთვის არ შეუძლია შეცვალოს მომხდარი, მაგრამ სინანულით მას შეუძლია შეცვალოს საკუთარი თავი და ამით შეუფერხებლად წარმართოს საკუთარი თავის განვითარების პროცესი.
სიცოცხლის სასრულობის გარდაუვალობა წარმოადგენს პროდუქტიული და ნაყოფიერი ცხოვრების მოტივს. რადგან წარმავალი დროის პროდუქტიულ გამოყენებას აზრი აქვს მხოლოდ არსებობის სასრულობის პირობებში.
რაც შეეხება, ცხოვრებაში პრობლემების, განსაცდელის, ტანჯვის გარდაუვალობას, განსაცდელი წარმოადგენს საკუთარ თავში რეფლექსიის (თვითჩაღრმავების), საკუთარი ეგზისტენციის (არსებობის არსის), ცხოვრების მთავარი და ფუნდამენტური საზრისის გაცნობიერების ერთადერთ პირობას და როგორც მერაბ მამარდაშვილი ამბობს, მეორედ და ნამდვილად დაბადების პირობას.
ჩვენ გვმართებს გავაცნობიეროდ, რომ ადამიანის „გარეთ“ არ არსებობს არავითარი ძალა, რომელსაც შეუძლია ადამიანის „შიგნით“ ცვლილებების გამოწვევა. ეს ჩვენი პირადი პასუხისმგებლობა და პირადი ბედნიერების აუცილებელი პირობაა. „შინაგანის“ შეცვლით თავისთავად ხდება „გარეგანის“ ცვლილება.

7 რჩევა სოფო მახარაძისგან:

1. საკუთარი ნეგატიური აზრების ავტორები თავად ჩვენ ვართ, ამიტომ მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ამ აზრების კონსტრუქციულ და ადაპტურ აზრებად გარდაქმნა.

2. წარუმატებლობების გამო ნუ შევაფასებთ ჩვენს თავს ნეგატიურად. შევეცადოდ გავაანალიზოთ წარუმატებლობის გამომწვევი წინაპირობები და ვიზრუნოთ ამ პირობების შეცვლისათვის.

3. ყველა შეცდომა გულისხმობს საკუთარი თავის გაცნობიერების შესაძლებლობას. მხოლოდ საკუთარი თავის გაცნობიერებით შეგვიძლია მასში ცვლილებების შეტანა.

4. არც ერთი გამოცდილება არ არის საბოლოო. შეეცადეთ არ მოახდინოთ კონკრეტულ საკითხთან ან ადამიანთან მიმართებაში განცდილი ნეგატიური გამოცდილების ფორმულირება ზოგად გამოცდილებად.

5. თუ განვიცდით პრობლემებს ადამიანებთან ურთიერთობებში, ნუ ვიფიქრებთ რომ ამის მიზეზი ადამიანების ჩვენდამი არაკეთილგანწყობაა. დავფიქრდეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოდ ამ ურთიერთობებში პოზიტიური ცვლილებების გამოსაწვევად.

6. ცხოვრებაში შეუძლებელია ყველაფრის შეცვლა, მაგრამ შესაძლებელია ყველაფრისადმი დამოკიდებულების შეცვლა. დამოკიდებულების შეცვლით, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ საკუთარი თავი.

7. ნებისმიერი პრობლემისა და განსაცდელის ყველაზე ღრმა მნიშვნელობას, ადამიანის პიროვნული ზრდა წარმოადგენს. თუ განსაცდელს და პრობლემას მივიღებთ როგორც გამოწვევას, ამით დავეხმარებით საკუთარ თავს თვითრეალიზებასა და თვითგამოხატვაში.

გადაცემის ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1866974643327356/

გადაცემის ჩანაწერი:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები