LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ”თბილისობა 2015” და რა თანხა დაიხარჯა მის ორგანიზებაზე

11

13 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” გადაცემა ”არტ-FM” (თათა სადრაძე), როგორც ყოველთვის უხვსტუმრიანი იყო.

* * *

გადაცემის პირველ ბლოკს კომპოზიტორი მიშა მდინარაძე, კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ია მაქაცარია და რეჟისორი პაატა ციკოლია სტუმრობდნენ, რომლებმაც ”თბილისობა 2015”-ის სადღესასწაულო ღონისძიებებზე ისაუბრეს.

მიშა მდინარაძე:

– მიშა, როგორი იქნება თბილისობის მუსიკალური გაფორმება?

– მე მხოლოდ ერთ პროექტზე შემიძლია ვისაუბრო, რომელსაც ”მუსიკალური ტრანსფორმაციები” დავარქვით და 17 ოქტომბერს გაიმართება. ჩვენი პროექტი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, 21-ე საუკუნის დასაწყისამდე ყველა იმ მუსიკალურ ჟანრს მოიცავს, რომელიც ამ პერიოდში არსებობდა, იცვლებოდა და განიცდიდა ტრანსფორმაციას, თუმცა ყველას საერთო სახელი ”თბილისური მუსიკა” ერქვა. საუბარია აღმოსავლურ მუსიკაზე, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში არსებობდა თბილისში; დასავლეთიდან შემოსულ მუსიკაზე, რომელიც ”ბაფთიანი გიტარის” სახელით გახდა ცნობილი და ოპერაზე, რომელიც მე-19 საუკუნის ბოლოს შემოვიდა თბილისში და თბილისური მუსიკალური კულტურის ერთგვარი ევროპეიზაცია მოახდინა, ბოლო ბლოკში კი, თანამედროვე კომპოზიტორების შემოქმედება გაერთიანდა.

– რომელი თანამედროვე კომპოზიტორები გაერთიანდნენ თქვენს პროექტში?

– პროექტში დათო ევგენიძე, დათო მალაზონია, ზაზა მარჯანიშვილი და აჩიკო გიორგობიანი მონაწილეობენ. ჩვენ სპეციალურად თბილისობისთვის დავწერეთ ახალი მუსიკა და მაყურებელს სწორედ მუსიკით შევთავაზეთ ჩვენს მიერ აღქმული თბილისი.

– რამდენადაც ვიცი, თქვენს პროექტში იშვიათი მუსიკალური ინსტრუმენტებია გამოყენებული, რომლებზეც ნახევარ საუკუნეზე მეტია არავის დაუკრავს.

– გეთანხმებით. ეს თბილისური მუსიკის აღმოსავლური პლასტია, რომელიც ძალიან ორგანული იყო მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამით იწყება ჩვენი პროექტი. სულ რამდენიმე მუსიკოსი შემორჩა, ვინც ამ ინსტრუმენტებზე უკრავს. ჩვენ ისინი თბილისის საკრავების მუზეუმის თანამშრომელების წყალობით მოვძებნეთ და ძალიან მიხარია, რომ ჩვენს პროექტში მონაწილეობენ.

ია მაქაცარია:

– რამდენადაც ვიცი, წლევანდელი თბილისობა განსაკუთრებით მასშტაბურია. ია, როგორი იქნება თბილისობა და როგორ მოხერხდა ყველაფრის ერთ პროექტად შეკვრა?

– თავდაპირველად თბილისის მერიამ კონკურსი სახელწოდებით ”ჩემი თბილისობა” გამოაცხადა, რაც უკვე უპრეცენდენტო შემთვევაა, რადგან მსგავსი კონკურსი მანამდე არასდროს მოწყობილა. კონკურსის სახელწოდებაშივე მოიაზრება მისი კონცეფცია, ანუ ჩვენ ყველას მივეცით საშუალება წარმოედგინა საკუთარი თვალით დანახული თბილისი. 21 შემოსული განაცხადიდან 3 კონცეფცია შეირჩა და საბოლოოდ სწორედ ამ კონცეფციების საფუძველძე შეიკრა საერთო პროგრამა, რომელსაც ”თბილისობა 2015” ეწოდა.

– რატომ შეაჩერეთ არჩევანი მიშა მდინარაძეზე?

– მიშას საინტერესო საავტორო პროექტი ჰქონდა, რომელიც კარგად იყო გააზრებული – ორსაუკუნოვანი მუსიკალური ტრანსფორმაციები, აღდგენილი ინსტრუმენტები და მუსიკოსები, რომლებიც მაყურებელისთვის არა მარტო მუსიკისთვის, არამედ ზოგადად თბილისისთვის დამახასიათებელ მრავალფეროვან კულტურას გააცოცხლებენ.

– როგორ შედგა თქვენი თანამშრომლობა პაატა ციკოლიასთან?

– კონცეფციიდან გამომდინარე. სულ სამი კონცეფცია შეირჩა და ერთ-ერთი – მესამე ადგილზე გასული სწორედ პაატასი იყო. გარდა ამისა, ის შარშანდელი ღონისძიების რეჟისორიც იყო და უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა. სწორედ ამ თვისებების გამო მივანიჭეთ მას უპირატესობა.

პაატა ციკოლია:

– პაატა, საკმაოდ სერიოზული პასუხიმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე, რადგან არც ისე მარტივია მსგავსი გრანდიოზული ღონისძიებების ორგანიზება.

– კონცეფცია გასული წლის გამოცდილებით დავწერე და წარმოვადგინე კონკურსზე. თუმცა, ჩემი პროექტი სხვებისგან განსხვავებით არა ”თბილისობა 2015”-ს, არამედ ზოგადად თბილისობის დღესასწაულების გამართვას ეხებოდა. პროექტში საკუთარი აზრი გამოვთქვი, თუ როგორ უნდა იგეგმებოდეს და იმართებოდეს მსგავსი ღონისძიებები. რაც მართლაც ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო საქმეა.

ია მაქაცარია:

– ია, რა თანხა დაიხარჯა თბილისობის ღონისძიებაზე?

– წელს ყველაფერი კონცეფციებზე აიგო, რაც უკვე მიღებული გამოცდილებიც გამყარდა. თუმცა, თბილისობა არა მარტო კულტურული წარმოდგენები, არამედ სხვადასხვა ღონისძიებების ერთობლიობაა, რომელშიც მერიის სხვადასხვა სამსახურია ჩართული და ღონისძიების სრულყოფილად ჩატარებაზე ზრუნავს. საერთო ჯამში ”თბილისობა-2015”-ის ორგანიზებაზე 977 000 ლარი დაიხარჯა.

* * *
გადაცემის მეორე ბლოკს ოპერის მომღერალი გოჩა აბულაძე სტუმრობდა.

– გოჩა, რამდენად ხშირად ჩამოდიხართ თბილისში?

– ამჯერად, ჩემთვისაც მოულოდნელი ვიზიტი იყო. დიასპორის სამინისტრო კონცერტს აწყობდა, რომელშიც ევროპაში მოღვაწე ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსები მონაწილეობდნე, ჩემი მონაწილეობა ბოლო წუთს გადაწყდა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თბილისში ჩამოვედი.

– ძალიან გადატვირთული გრაფიკის ფონზე, რაიმე ხომ არ შეცვლილა თქვენს პირად ცხოვრებაში?

– არა, ჯერჯერობით თავისუფალი ვარ.

– რას საქმიანობთ ახლა გერმანიაში?

– ცოტა ხნის წინ საცხოვრებლად ბერლინში გადავედი. მანამდე, ორი წელი მაგდებურგის თეატრის სოლისტი ვიყავი, მნიშვნელოვანი წლები იყო ჩემთვის, ჯერ სეზონის საუკეთესო მომღერლად დამასახელეს, მერე ფილმიც გადაიღეს. ასე რომ, ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე. ახლა სხვა ეტაპი იწყება ჩემს ცხოვრებაში, ბევრად უფრო რთული, და საინტერესო, თუმცა საპასუხისმგებლოც. მოსმენებს გავდივარ მსოფლიოს უმსხვილეს საოპერო თეატრებში, ამიტომ ვცდილობ სულ ფორმაში და სულ კონცენტრირებული ვიყო.

– საქართველოში რომ დარჩენილიყავით, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება?

– სიმღერის სურვილს ვერავინ და ვერაფერი ვერ მოკლავდა ჩემში, თუმცა ასეთი წარმატებული ნამდვილად ვერ ვიქნებოდი. სამწუხაროდ, საქართველოში დღეს ძალიან მძიმე პირობებია ოპერის მომღერლებისთვის და კარგი იქნება თუ ამ სფეროს უფრო მეტი ყურადღება დაეთმობა.

– ვინ არის თქვენი საოცნებო რეჟისორი, ვისთანაც დიდი სიამოვნებით იმუშავებდით?

– ალბათ, ეს სურვილი უკვე ამისრულდა. 2012 წელს ვერონას ფილარმონიკოს თეტრში შედგა ჩემი თანამშრომლობა ფრანკო ძეფირელისთან, რომელმაც ლეონკავალოს ”ჯამბაზები” დადგა, მე კი, ტონის პარტია შევასრულე.

– რომელი პარტიის შესრულებაზე ოცნებობთ?

– რიგოლეტოს პარტიაზე. თუმცა ცოტა რთულია, ამიტომ დიდი და სერიოზული მომზადება ჭირდება.

* * *
”არტ-FM”-ის მესამე ნაწილის სტუმარი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის დირექტორი დიტერ კოსლიკი იყო.

– ბატონო დიტერ, გსმენიათ თუ არა ქართველი რეჟისორების შესახებ და გყავთ თუ არა მათ შორის ფავორიტები?

– ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა, განსაკუთრებით თუ ამ კითხვას ქალ რეჟისორს დაუსვამთ და თუ ეს ქალი ნანა ჯორჯაძეა, რომელმაც ერხელ დაწერა სცენარი 23 კოცნაზე. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, თუმცა ის ისევე ფანტასტიურად გამოიყურება.

– რას იტყვით ახალგაზრდა ქართველ რეჟისორებზე?

– გასულ წლებში ბერლინალეზე რამდენიმე ქართველი რეჟისორის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მათ შორის ფილმები ”პატარძლები” და ”შემთხვევითი შეხვედრა”. ვფიქრობ ეს ქართული კინოს ახალი ტალღაა.

– ბატონო დიტერ, არსებობს სტერეოტიპო, თითქოს მამაკაც რეჟისორებს ქალებთან შედარებით უფრო მეტი უპირატესობა ენიჭებათ. თქვენ რა აზრის ხართ?

– რა თქმა უნდა ყოველთვის არის პრობლემა ქალ და მამაკაც რეჟისორებს შორის. თუმცა, ეს არა კინოს, არამედ ჩვენი სოციუმის ბრალია. მხოლოდ კინოში არ ხდება ქალის როლის დაკნინება, ის ვერც ბევრ სხვა სფეროში ახერხებს საკუთარი თავის რეალიზებას. ასე რომ, არა კინო უნდა შევცვალოთ, არამედ მთლიანად სოციუმი, რათა ქალებს უფრო ფართო ასპარეზი მიეცეთ და უფრო წარმატებულები გახდნენ.

– ბერლინალე ყოველთვის გამორჩეული ფესტივალია, რითი იქნება წლევანდელი ფესტივალი შარშანდელისგან განსხვავებული?

– ფესტივალის ფარგლებში ბევრი ახალგაზრდა კონკურსანტი გვეყოლება. სექციას, რომელშიც ისინი გავაერთიანეთ ”New Talent” დავარქვით. სხვათაშორის, მათ შორის უმეტესობა ქალია. გარდა ამისა, ჟიურის თავჯდომარეც ქალბატონი იქნება, გვეყოლება რამდენიმე ახალი წევრიც. იქნება ტელეპროექტებიც, რომლებსაც წელს უკვე მეორედ წარმოვადგენთ. სხვა დანარცენი კი, ტრადიციულად გაგრძელდება.

აუდიო ჩანაწერი:

 

ვიდეო:

ფოტოები:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები