LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი სათამაშოებია მნიშვნელოვანი ბავშვის განვითარებისთვის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

24

თამაში ბავშვის განვითარებისთვის წამყვანი ქცევაა. თამაშის პროცესში ბავშვი ეცნობა გარე სამყაროს, სწავლობს ნივთების ფუნქციურ დანიშნულებას, ვითარდება მისი აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება, მეტყველება, წარმოსახვა, მოტორული და კომუნიკაციური უნარები. ასაკის მატებასთან ერთად იცვლება ბავშვის ინტერესები, შესაბამისად თამაშის პროცესი და სათამაშოებიც მნიშვნელოვანია შეიცვალოს და გამრავალფეროვნდეს. მნიშვნელოვანია, მშობლების მხრიდან უსაფრთხო და განმავითარებელი სათამაშო გარემოს შექმნა ბავშვებისთვის. გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ბავშვთა ფსიქოლოგი, თამარ ისაკაძე.

 

 

როგორი სათამაშოების გამოყენებაა ეფექტური ჩვილისთვის?

ადრეულ ასაკში, დაბადებიდანვე აუცილებელია ბავშვი უზრუნველყოფილი იყოს სხვადასხვა განმავითარებელი სათამაშოებით, ძირითადად ისეთი სათამაშოებით, რომლებიც ხელს შეუწყობს მის სენსორულ განვითარებას, რადგან შეხება, ვიზუალური და სმენითი სტიმულები არის  საფუძველი შემდგომში შემეცნების და აკადემიური განვითარებისთვის.  მნიშვნელოვანია ჩვილის საწოლთან დამაგრებული იყოს ფერადი და ხმოვანი სათამაშოები, ასევე, ჩვილის განვითრებისთვის აუცილებელია მშობლების ხშირი შეხება, ჩვილი უნდა ხედავდეს მათ სახეებს, სახის გამომეტყველებას, პატარა ძირითადად სამყაროს შესახებ ინფორმაციას იღებს გარშემომყოფების და საკუთარი სხეულის ნაწილების დათვალიერებით. ამიტომ არის მნიშვნელოვანი ბავშვს ეცვას მოხერხებული და თავისუფალი ტანსაცმელი, რათა ხელების და ფეხების მოძრაობა შეძლოს. უფროსებს მუდმივად უკვირთ, რატომ იდებს ბავშვი ხელებს ან/და ნივთებს პირში, ამით ბავშვი იღებს ინფორმაციას საგნების შესახებ, ამიტომ აუცილებელია ღეჭვისთვის გამოყოფილი ცალკე სათამაშოები ჰქონდეს.

 

 

რას გულისხმობს სწავლა თამაშით?

დღეს, განათლების ფსიქოლოგიაში დიდი ადგილი ეთმობა თამაშით სწავლების სტრატეგიებს, რადგან ეს ბავშვებისთვის უფრო მისაღები და დემოკრატიული ფორმაა და სასწავლო შედეგების მიღწევაც უფრო სწრაფად და წარმატებით ხდება. აქ იგულისხმება სწავლების ისე დაგეგმვა, რომ თამაშის ელემენტებს მოიცავდეს, მაგალითად შინაური და გარეული ცხოველების გარჩევა, მიმატება გამოკლების სწავლა, სიტყვების კითხვა შესაძლებელია ლოტოს თამაშით წარიმართოს. შესაძლოა თვლა კიბეებზე ასვლის პროცესში ვისწავლოთ, ამ დროს მოტორული უნარებიც ვითარდება, ხოლო თუ დიდი ზომის ასო-ბგერებს გამოჭრის ბავშვი მაკრატლით, ამით ასოების ცნობასაც ისწავლის და ნატიფ მოტორულ უნარებსაც განივითარებს.

თუმცა, ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს ზრდასრულების უკუკავშირის ბავშვის მიერ დემონსტრირებულ ქცევაზე, რომელიც შესაძლოა თავიდანვე „იდეალური“ არ იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი შექება, ნაცვლად კრიტიკისა:

  • სასურველი ქცევის და ქცევის მცდელობის შექება. წახალისება შესაძლებელია, არა მხოლოდ სრულად გამოვლენილი ქცევის, არამედ თავდაპირველ ეტაპზე მისი მცირე მცდელობისა. შესაძლებელია, ბავშვს ჯერ არ ჰქონდეს ესა თუ ის უნარი სრულად განვითარებული, ამიტომ მისი ყველა მცდელობა არ დამთავრდეს წარმატებით, თუმცა მისი ძალისხმევის, მონდომების აღნიშვნა და დეტალის შექებაც ძალიან ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს ამ ქცევის სრულფასოვანი განვითარებისთვის.
  • შექებისას, მნიშვნელოვანია აღინიშნოს თვითონ ის ქცევა რასაც ვაქებთ, და არა ზოგადად პიროვნება. დასაბუთება, თუ რატომ ვაქებთ ბავშვს, აღმოჩნდა, რომ ძალიან ეფექტურია. მაგალითად, გამოიყენეთ ფრაზა: „მე მომწონს, რომ შენ ცდილობ გააფერადო კონტურებში ნახატი“, ნაცვლად ფრაზისა: „რა კარგი გოგო ხარ“, „კარგი ნახატია“. ხოლო კრიტიკა და შენიშვნა ამ შემთხვევაში არ იქნება გამართლებული, მაგ. “ძალიან გადადიხარ კონტურებზე, ეს რა არის?“ – ამგვარი უკუკავშირი საერთოდ დაუქვეითებს ბავშვს ამ საქმიანობის წარმატებით შესრულების მოტივაციას.

 

 

კომპიუტერული თამაშები ხომ არ წარმოადგენს საფრთხეს ბავშვისთვის?

სენსორული ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო გარემოა ბუნებასთან კონტაქტი, ქვიშაში თამაში, ფოთლების, გირჩების და სხვა ბუნებრივი მასალების შეგროვება, ხოლო შემდეგ ამ რესურსებისგან კოლაჟების დამზადება, ასე ბავშვი სწავლობს, როგორც დაგეგმვას და საქმის ორგანიზებას, ისე ივითარებს აკადემიურ და შემეცნებით უნარებს, მაგალითად თვლა, ფერების გარჩევა, წებოს გამოყენება თუ სხვა, რაც შესაძლოა საჭირო იყოს კოლაჟების დამზადების პროცესში, ამავე დროს აქვს მშობლებთან თამაშის პირობებში ურთიერთობის საშუალება. თუმცა, გარდა ამისა, თანამედროვე ცხოვრების პირობებში ბავშვისთვის საინტერესო ნივთია კომპიუტერი და პლანშეტი, ტექნიკის აკრძალვა მშობლის მხრიდან არ არის სწორი მიდგომა, რადგან თანამედროვე უნარ-ჩვევების განვითარებაც მნიშვნელოვანია, არსებობს ძალიან ბევრი აპლიკაცია, რომლებიც წერის, კითხვის, გეომეტრიული ფიგურების სწავლას უწყობს ხელს, თუმცა ამით თამაში არ უნდა აიყოს ერთადერთი თამაშის ფორმა ბავშვისთვის, არამედ მშობელმა უნდა დაუგეგმოს დღის განრიგი ისე, რომ სხვდასხვა აქტივობებით იყო დღე გაჯერებული, მოიცავდეს, როგორც მოძრავ, ისე სამაგიდო თამაშებს. სამწუხაროდ, რადგან ბავშვი ერთი შეხედვით ყველაზე წყნარად ზის კომპიუტერთან, ამიტომ მშობლები ზოგჯერ თავად უბიძგებენ და ტვირთავენ მხოლოდ ამ აქტივობით, რაც რა თქმა უნდა გაუმართლებელია. თუ მთელი დღე ბავშვი პლანშეტთით თამაშობს, მას შეიძლება მეტყველების და წერითი პრობლემები გაუჩნდეს.

ერთმანეთთან თამაშის დროს ბავშვები სწავლობენ ურთიერთობას, წესებიან თამაში, როლური თამაშები ხელს უწყობს ურთიერთობების დამყარებას და მეგობრობის ჩამოყალიბებას, რაც არანაკლებ მნიშნელოვანი ღირებულებაა ბავშვისთვის.

 

 

როდიდან უნდა მიაჩვიოთ მშობლებმა წიგნების კითხვას ბავშვი?

წიგნებით ბავშვი ადრეული ასაკიდანვე უნდა დავაინტერესოთ, უკვე 2-3 თვის ასაკიდან, ხოლო როცა ჯდომას ისწავლის წიგნებით თამაში მისი მთლიანი თამაშის შემადგენელი ნაწილია, სწორედ ეს არის იმის საფუძველი, რომ მომავალშიც წიგნების სიყვარული ექნება. თუმცა მნიშვნელოვანია გავითავლისწინოთ, წიგნის ზომა, ფორმა და ფურცლის ხარისხი! 1 წლამდე ბავშვისთვის არსებობს სპეციალური წიგნები, რომლებიც დამზადებულია სპეციალური რბილი მასალისგან, აქვს სქელი ფურცლები და ყდა, არის უსაფრთხო და ადვილად არ იხევა. ზოგადად 5-6 წლამდე ასაკის ბავშვს უნდა ჰქონდეს დასურათებული და ფერადი წიგნები, წიგნების დათვალიერებასთან ერთად მნიშვნელოვანია სიტყვიერი ახსნაც, ზოგადად, როგორც თამაში, ისე წიგნების თვალიერება ძლიან უწყობს ხელს მოსმენას და მეტყველების განვითარებას.  ხშირად ჩივიან მშობლები, რომ ბავშვი არ ინტერესდებიან წიგნებით, უნდა ვეცადოთ მისთვის აინტერესო წიგნის შერჩევა, წავახალისოთ ეს პროცესი. გაუმართლებელია წიგნის კითხვის, როგორც დასჯის მეთოდის გამოყენება, ამით კითხვა უარყოფით ელფერს შეიძენს.

 

7 რჩევა თამარ ისაკაძისგან:

  1. ითამაშეთ ბავშვებთან ერთად, როგორც სამაგიდო თამაშები (ლოტო, მოზაიკა), ისე მოძრავიც (ზოგჯერ გუბეებში მშობლებთან ერთად ხტომა ყველაზე დიდი ბედნიერების მომტანია ბავშვისთვის).
  2. აქციეთ მეცადინეობა თამაშად და პირიქით, თამაში გამოიყენეთ აკადემიური უნარების განვითარებისთვის
  3. დაგეგმეთ სხვადასხვა სახის თამაშები, სათამაშო რომ განმავითარებელი ფუნქციის მატარებელი იყოს, არ არის აუცილებელი მხოლოდ მაღაზიაში ნაყიდი, მაგალითად ცომის მოზელის პროცესი ან კვერცხის და შაქრის ათქვეფა უფროს სიამოვნებს ბავშვს და თან სენსორულ და კოგნიტურ განვითარებას უწყობს ხელს
  4. წიგნები შეარჩიეთ ასაკის შესაბამისად, აუცილებელია ბავშვმა ის წიგნი ხშირად ათვალიეროს, რომელიც მოწონს, თუ წიგნში მისთვის უსიამოვნო ან საშიში სურათი დაინახა, შესაძლოა ნეგატიური ასოციაცია გაუჩნდეს წიგნებზე
  5. წაუკითხეთ მოკლე ლექსები და მოთხრობები, 6 წლამდე ბავშვის ყურადღების და მეხსიერების მოცულობა ჯერ ჩამოყალიბების პროცესში
  6. შეაქეთ, როდესაც საქმეს კარგად გააკეთებს, ეს იქნება ლეგოს აწყობა, თუ თოჯინასთვის ტანსაცმლის მორგება
  7. მნიშვნელოვანია, სათამაშოები იყოს განმავითარებელი ფუნქციის, ემსახურებოდეს ფერების სწავლას, ფორმების გარჩევას, თასმის შეკვრის სწავლებას, ნატიფი მოტორული უნარების განვითარებას, მსგავსი რესურსები არის როგორც გაყიდვაში, ისე თავად შეუძლია მშობელმა დაამზადოს ბავშვთან ერთად.

 

გადაცემის ჩანაწერი:

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები