LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფინანსო სექტორს, შესაძლოა, პრობლემები შეექმნას

ბიზნესკატალოგის  – „ბიას“ ინფორმაციით, ამ დროისთვის საფინანსო სექტორში 900-მდე მოქმედი იურიდიული პირი ფიქსირდება, რომელთაგან ყველაზე აქტიურად ლომბარდები და მიკროსაფინანსოები ითვლება. კომპანიის ცნობით, ქვეყანაში არსებული ჭარბვალიანობა მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც ბანკების ვალს მიკროსაფინანსოებისა და ლომბარდების ვალი დაემატა.

„ბიას“ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ლომბარდების 50%-ზე მეტი თბილისში მდებარეობს. 2017 წლის საბალანსო მოგებამ ლომბარდებისთვის 47.6 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო აქედან 73.1% თბილისზე მოდის.

„ბიას“ წარმომადგენელმა სალომე პატარიძემ „ბიზნესკურიერ“ განუცხადა, რომ საქართველოს ფინანსურ სექტორში მიმდინარე პროცესები ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. მისი თქმით, აღნიშნულ ბაზარზე ოპერირების ახალი წესები არა მხოლოდ ბანკებს, არამედ ლომბარდებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც შეეხოთ. შეგახსენებთ, რომ 2018 წლიდან ძალაში შესული რეგულაციების თანახმად, კომერციული ბანკები მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხებს ვეღარ გასცემენ, რაც პატარიძის თქმით, თავის მხრივ, გავრცელდება ლომბარდებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც, შედეგად სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ბაზარზე პრობლემები გაჩნდება და 2018 წლის ბოლოს არსებული სურათი სრულებით შეიცვლება.