"სახე" "ბლექ სი არენაზე" – ძველი და ახალი სიმღერებით 24 აგვისტოს გელოდებათ!.. | Radio Fortuna - ოფიციალური ვებგვერდი

„სახე“ „ბლექ სი არენაზე“ – ძველი და ახალი სიმღერებით 24 აგვისტოს გელოდებათ!..

„სახე“ „ბლექ სი არენაზე“ – ძველი და ახალი სიმღერებით 24 აგვისტოს გელოდებათ!..

31 აგვისტოს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ჯგუფის „სახე“ წევრები დათო ფორჩხიძე და დათო ხუჯაზე სტუმრობდნენ, რომელთაც აგვისტოს ბოლოს დაგეგმილ კონცერტზე ისაუბრეს.

– როდის გაიმართება კონცერტი, რომელსაც გულშემატკივრები დიდი ხანია ელიან?

– (დათო ხუჯაძე) კონცერტი 24 აგვისტოს „ჩექ ინ ჯორჯიას“  ფარგლებში გაიმართება „ბლექ სი არენაზე“. მზადება შოუსთვის, დიდი ხანია დაწყებულია, ორი თვეა სტუდიაში ვართ ჩაკეტილი, ინტენსიურად ვმუშაობთ და მემგონი ცოტა წონაშიც დავიკელით.

– საინტერესოა, რა სიახლეს შესთავაზებთ თაყვანისმცემელს?

– (დათო ხუჯაძე) შოუ მართლაც ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ძველ ჰიტებთან ერთად ახალი სიმღერებიც შესრულდება, გვეყოლება მოცეკვავეთა დასი, უცხოელი სტუმარი – ჯგუფის Poetry’n’ Motion-ის წევრი მაიკლ უილიამსი და გევქნება უამრავი სიურპრიზი. აქვე მადლობა მინდა ვუთხრა „ფორტუნას“, რადგან ჩვენს არცერთ კონცერტს არ ჩაუვლია მის გარეშე, პრაქტიკულად ერთად გავიზარდეთ და ძალიან მადლიერი ვართ, მუდმივი მხარდაჭერისთვის.

– (დათო ფორჩხიძე) ახალი შოუ არ იქნება ძველი კონცერტების მსგავსი, რადგან აბსოლუტურად განსხვავებულ მუსიკას შევთავაზებთ მსმენელს. რა თქმა უნდა, შოუს წარმატებას უამრავი დეტალი განსაზღვრავს, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი მაინც მუსიკაა, ამიტომ ჩვენც მუსიკაზე გავაკეთეთ აქცენტი, რომელიც ნახევრად ელექტრონული ჟღერადობით, ნახევრად ცოცხლად გაღერდება, რაც საკმაოდ რთული განსახორციელებელი აღმოჩნდა. თითქმის ოთხი თვე ვიმუშავეთ, რათა მართლაც განსაკუთრებული ჟღერადობისთვის მიგვეღწია. ვფიქრობ, სწორი გზა გვაქვს არჩეული, რადგან სწორედ ასე კეთდება შოუ მთელ მსოფლიოში. ძალიან გაგვიმართლა, რადგან მე, დათოს და ბორიკო შხიანს სტუდიაში მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება გავქვს, რაც ბევრისთვის ძალიან უცხო და საკმაოდ რთულია.

 

– თქვენი აზრით, რამდენად პროფესიონალურად კეთდება შოუ საქართველოში?

– (დათო ხუჯაძე) რა თქმა უნდა, უამრავი შოუ კეთდება პროფესიონალურად და ჩვენ არავის ვეჯიბრებით. უბრალოდ, ჩვენ ყოველთვის ახლის გაკეთებას ვცდილობთ, რაც არც ისე მარტივია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა Black Sea Arena-ს ადმინისტრაციას, რადგან შეუზღუდავად მოგვცა ყველა იმ უპირატესობების გამოყენების შესაძლებლობა, რაც ამ სივრცეს აქვს. თუმცა, ჩვენ მაინც მუსიკას ვანიჭებთ უპირატესობას და აქცენტსაც იმ ჟღერადობაზე ვაკეთებთ, რომელიც თანამედროვე მუსიკალურ სამყაროშია აქტუალური. აუცილებლად ავღნიშნავ, რომ პარალელურად დოკუმენტურ ფილმს ვიღებთ, რომელსაც კონცერტის შემდეგ, რამდენიმე თვეში შევთავაზებთ მაყურებელს, მერე კი ალბომიც გამოვა.

– (დათო ფორჩხიძე) შარშან დიდ საკონცერტო დარბაზში მოწყობილი კონცერტი, რომლითაც ჯგუფმა 20 წლის იუბილე აღნიშნა, ძალიან არ მომეწონა. მეტიც, ვაღიარებ, რომ საერთოდ არ მინდოდ მისი გაკეთება, რადგან ერთგვარი გახსენება გამოვიდა. ახლა კი, შვიდი ახალი სიმღერა გვაქვს. გარდა ამისა, ძველი ჰიტებიც აბსოლუტურად განსხვავებულად, შეიძლება ითქვას უფრო მდიდრულად გაჟღერდება.

– საზღვარგრეთ ხომ არ გეგმავთ გასტროლებს?

– (დათო ხუჯაძე) – შემოდგომაზე ოთხი კონცერტის გამართვას ვაპირებთ, თუმცა ჯერ კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია, რადგან მთელი ყურადღება აგვისტოს კონცერტზე გვაქვს გადატანილი.

1 აგვისტო, 2018

სხვა ჩანაწერები