საკვების მიმართ აუტანლობა – თემა, რომელიც ყველა ადამიანს აინტერესებს

საკვების მიმართ აუტანლობა  – თემა, რომელიც ყველა ადამიანს აინტერესებს

გადაცემას ”პულსი” კლინიკა ”ენმედიცის” ენდოკრინოლოგი, კლინიკური კვლევების მენეჯერი ნატალია ჩოჩიშვილი ესტუმრა. თემა კი კვებითი ინტოლერანტობა გახლდათ.

რა არის საკვების მიმართ ინტოლერანტობა, როგორ უნდა მიხვედეს ადამიანი, რასთან აქვს საქმე, არის ეს ინტოლერანტობა თუ საკვების მიერი ალერგია?

ინტოლერანტობა ახალი თემაა საქართველოსთვის. ეს არის სიმპტომების კომპლექსის ერთობლიობა. საკვების მიმართ ინტოლერანტობა შეიძლება გამოვლინდეს ისეთი სიმპტომებით როგორიც არის: წონის კონტროლის პრობლემა, ჭარბი წონა, სიმსუქნე, შეიძლება იყოს წონის დეფიციტიც. შესაძლებელია გამოვლინდეს ასევე შაკიკითა და თავის ტკივილით, ქრონიკული გადაღლის სინდრომით.ძალიან ხშირად საკვების მიმართ ინტოლერანტობა ვლინდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით, სახსრების ტკივილით, დაუდგენელი დერმატიტით, ეგზემით. სწორედ აღნიშნული სიმპტომების ერთობლიობა, ან რიგ შემთხვევაში ცალკეული სიმპტომი აწუხებს პაციენტს და ამ მდგომარეობას ეწოდება საკვების მიმართ ინტოლერანტობა, ანუ საკვების აუტანლობა. საქართველოს მასშტაბით მხოლოდ ჩვენს კლინიკაში განვსაზღვრავთ და ვადგენთ 221 საკვების მიმართ პაციენტის ინტოლერანტულობას, ანუ რომელ საკვებს ვერ ითვისებს პაციენტის ორგანიზმი. მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ საკვების მიმართ ინტოლერანტობა საკვების მიმართ ალერგიისგან, რადგან ეს არის ორი ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული ცნება. ბრიტანეთში არსებულმა ცენტრმა Allergy UK-მ გამოიკვლია ეს საკითხი და დაადგინა, რომ 45% აქვს საკვების მიმართ ინტოლერანტობა და მხოლოდ 2%-ს აქვს საკვების მიმართ ალერგია.  ალერგიისგან განსხვავებით, საკვების მიმართ ინტოლერანტობა არ არის სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა. ის არ გამოვლინდება სწრაფად და მას დრო სჭირდება. ტესტის საფუძველზე შეუძლია განსაზღვროს პაციენტმა მისი ყველა ტანჯვის მიზეზი.

თქვენი კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენად არის საქართველოს მოსახლეობა ამის შესახებ ინფორმირებული და რამდენად ხშირია ”გასაღების პოვნის” მომენტი?

კლინიკა ”ენმედიცში” აღნიშნული მიმართულება 2011 წელს გავხსენით. ბრიტანეთში, სულ უფრო მეტი ექიმი ნიშნავს აღნიშნულ ტესტს თავის ყოველდღიურ პრაქტიკაში. ჩვენ ვაკვირდებოდით ყველა შედეგს, მე პირადად ორჯერ გავიკეთე ტესტი. ჩემთვის რძის პროდუქტი აღმოჩნდა სავალალო. თითქოს მე პირადად განსაკუთრებით არაფერი მაწუხებდა. სამი თვის განმავლობაში ამოვიღე ჩემი რაციონიდან რძის პროდუქტი, მთავარია ამ დროს ადეკვატურად ჩაანაცვლო ”აკრძალული” სხვა პროდუქტით. დაღლილობა, გადაღლა, თავის ტკივილი და უენერგიობა, რაც ჩემი სამუშაო რეჟიმის ბრალი მეგონა, ეს ყველაფერი რძის პროდუქტების მიღების შედეგი ყოფილა. ძალიან ხშირად მოსულან სიმსუქნის პრობლემის გამო. მოგვიანებით კი ამბობენ, რომ მოეხსნათ შებერილობა, შეშუპება, სახის კანის პრობლემა, თავის ტკივილი. საკვების მიმართ ინტოლერანტობა არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მაგრამ აქვეითებს სიცოცხლის ხარისხს. ძალიან ხშირად მოსულა პაციენტი და უთქვამს, რომ მოხარულია, რადგან საქართველოშიც არის შესაძლებელი მსგავსი ტიპის კლინიკა.

რა ძვრები მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში მაშინ, როდესაც არის საკვების მიმათ ინტოლერანტობა? 

ეს ფაქტი დღესაც კვლევის საგანია. ნაწლავის ბარიერული სინდრომის დარღვევა არის ერთ-ერთი სინდრომი. ხშირად, როდესაც გადატვირთულია იმუნური სისტემა, ნაწლავიდან სისხლში ისეთი ინფექციები და ნივთიერებები ხვდება, რომელიც ჯანრთელი ადამიანის შემთხვევაში არ ტარდება. ყალიბდება ანტიგენ-ანტისხეულის კომპლექსი, ანუ ორგანიზმი სისხლში მოხვედრილ სხეულებს შესაბამისად პასუხობს. სხვადასხვა დაავადების მიმართ გენეტიკური განწყობა ვლინდება ზოგ შემთხვევაში სიმსუქნით, თავის ტკივილით და ა.შ. ხშირ შემთხვევაში გამოიდევნებიან აღნიშნული იმუნური კომპლექსები ისე, რომ არაფერს არ აზიანებენ. მაგრამ ძირითადად, სტრესის ფონზე, იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე, იმუნური სისტემა მოიკოჭლებს და ვერ ასრულებს სათანადოდ თავის ფუნქციას და სახეზე გვაქვს ინტოლერანტობა. 3-6 თვემდე განვალობაში, თუკი ადამიანი არ მიიღებს ალერგენს, იკლებს ანტისხეულების ტიტრი და შესაბამისად ყველა ჩივილი ქრება.

რას წარმოადგენს თავად ტესტი და რამდენად ხელმისაწვდომია ის?

ტესტისათვის საჭიროა მხოლოდ ერთი ჩხვლეტა და 221 პროდუქტზე გვეცოდინება რომლის მიმართ ვართ ინტოლერანტული. ისაზღვრება იმუნოგლობულინის რაოდენობა თითოეული ანტიგენის მიმართ. რამდენიმე საათში არის პასუხი და იმავე დღეს შეგვიძლია გავცეთ რეკომენდაცია. ნებისმიერ ექიმს შეუძლია რეაგირება ტესტის პასუხზე. ძირითადად ნუტრიციოლოგებს, ენდოკრინოლოგებს შეუძლიათ ამოაღებინონ პაციენტს ესა თუ ის პროდუქტი, შემდეგ ხდება დაბრუნება, თუმცა მცირე რაოდენობით, არ შეიძლება ამ დროს მონო დიეტა, შესაძლოა დაგვჭირდეს ვიტამინების დამატება. აუცილებელია სპეციალისტის მეთვალყურეობა. შესაძლოა რამდენიმე პროდუქტის მიმართ იყოს ადამიანი ინტოლერანტული. რა თქმა უნდა ფასი მაღალია, რადგან ბრიტანული პროდუქტია. თუ ტესტის ღირებულებიდან გამომდინარე ვიმსჯელებთ, ნამატი მინიმალურია. 545 ლარია ღირებულება, ამაში შედის ენდოკრინოლოგის ორჯერადი კონსულტაცია და მთელი 6 თვის განმავლობაში მეთვალყურეობა.

მინდა თავად დაწესებულების შესახებაც გკითხოთ, თქვენი კლინიკა აღმოჩნდა პიონერი, რატომ ჩათვალა ხელმძღვანელობამ რომ ამ ტიპის კვლევა იყო საჭირო?

ცენტრი აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელს ატარებს. მის სახელთანაა დაკავშირებული კლინიკის ისტორიაც. იგი ჩამოყალიბდა თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ერთ-ერთი განყოფილების ბაზაზე, სადაც ვაჟა ივერიელის თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა საქართველოს კლინიკურ ენდოკრინოლოგიას ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იან წლებში. შემდგომში საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში პირველ დამოუკიდებელ ენდოკრინოლოგიურ კლინიკად ჩამოყალიბდა. დიეტოლოგია-ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა და ხშირად მოგვმართავდნენ პაციენტები სწორი კვების შესამუშავებლად. ამან განაპირობა ის, რომ ინოვაციური მეთოდების ძიება დავიწყეთ. მინდა აღვნიშნო, გვყავს გაფანტული სკლეროზით დაავადებული პაციენტი და ინტოლერანტობის ტესტის დასკვნები ძალიან კარგ შედეგებს იძლევა. ჩვენი ტესტების პასუხები ასევე აუტისტური სპექტრის მქონე პაციენტებსაც ძალიან ეხმარება.

 

გადაცემის ჩანაწერი

9 თებერვალი, 2016

სხვა ჩანაწერები