LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე გოზალიშვილი: მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვრული მიზანი და დროის მენეჯმენტი

13

18 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სალომე გოზალიშვილი სტუმრობდა.

– ქალბატონო სალომე, როდის შეუერთდით „ელიტ ელექტრონიქსის“ გუნდს?

– ოთხი წელია „ელიტ ელექტრონიქსში“ ვმუშაობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიამ საცალო ქსელის სფეროში მუშაობის უზარმაზარი გამოცდილება მომცა. საქმიანობა მარკეტინგის დირექტორის მოადგილეს პოსტზე დავიწყე და ეტაპობრივად დავწინაურდი. მიხარია, რომ ჩემი აქტიური მოღვაწეობა სათანადოდ დაფასდა და რა თქმა უნდა, მეც დიდად ვაფასებ კომპანიას, სადაც ვმუშაობ.

– როგორც ჩანს, საკმაოდ კომპორტულად გრძნობთ თავს დღევანდელ თანამდებობაზე?

– ხშირად ვამბობ, რომ მე არა კომპანიაში, არამედ იმ მენეჯერთან ვმუშაობ, ვისთანაც ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს, ადეკვატურად აფასებს ჩემს მუშაობას, მისგან ვიღებ როგორც დედებით, ისე უარყოფით შეფასებას და სწორედ მასთან ერთად ვიზრდები. არანაკლებ მნიშვნელოვანია, გუნდი – ამ შემთხვევაში მარკეტინგის, პიარის და მერჩენდაიზერის გუნდი, რომელსაც ვხელმძღვანელობ, რადგან ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ პროფესიონალებთან თანაშრომლობა, ვინც ყოველდღე დაუღალავად შრომობს.

– როგორ იქმნება კომპანიაში სიახლე?

– სიახლეებზე ზრუნვა ჩვენთვის ყოველთვის პრიორიტეტულია, რადგან არ არსებობს წარმატებული გაყიდვები სწორი და მიზანმიმართული კრეატივის გარეშე. მარკეტინგის ჯგუფი მუდმივად გაყიდვებსა და ბრენდის განვითარებაზე ორიერტირებული კრეატივის შექმნაზე ზრუნავს და მართალია, ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი გაყიდვებია, ბრენდინგი კი მხოლოდ 20%-ს შეადგენს, მაგრამ მაინც ყოველთვის ვცდილობთ გაყიდვების სფეროში მიღწეული წარმატება ისევ ბრენდის სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

– როგორ ახერხებთ სამსახურსა და ოჯახს შორის დროის სწორად გადანაწილებას?

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიყო წარმატებული როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში, რაც პირველ რიგში შეკრულ, მეგობრულ ოჯახს ნიშნავს და სწორედ ჩემი პატარა გოგონა – ლილიანაა ჩემი მთავარი მოტივატორი და უდიდესი ბედნიერება.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდას კომპანიის ხელმძღვანელს?

– ვფიქრობ, მთავარია კარგი ლიდერი იყოს, შეეძლოს თანამშრომლებთან ურთიერთობა და მათი აზრის გათვალისწინება, რადგან სხვაგვარად ლიდერობა უბრალოდ შეუძლებელია.

– ვის მიმართავთ რჩევისთვის?

– საუკეთესო მრჩეველი – ჩემი ძმაა, სწორედ მისი რჩევით ავირჩიე სასაწავლებელი და დღემდე ვითვალისწინებ მისი აზრს.

– რას თვლით თქვენი კომპანიის სიძლიერედ, რითაც თავადაც ამაყობთ?

– „ელიტ ელექტრონიქსის“ მთავარი სიძლიერე მუდმოვად წინსვლაზე ორიენტაციაა. რამდენიმე წლის წინ კომპანია შედარებით სუსტად იყო განვითარებული, თუმცა, მოკლე პერიოდში საკმაოდ სერიოზული ცვლილებები განიცადა, მნიშვნელოვნად განვითარდა და ბედნიერი ვარ, რომ ამ პოზიტიური ცვლილებების მონაწილე მეც ვარ.

– რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ თანამშრომლებთან ურთიერთობისას?

– ვფიქრობ, მთავარი მეგობრული გარემოს შექმნაა, სადაც ყველა თანამშრომელი თავისუფლად იგრძნობს თავს, რადგან უბრალოდ შეუძლებელია წარმატების მიღწევა იქ,  სადაც ადამიანს არ აქვს საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება.

– ჩაცმის რა სტილის ანიჭებთ უპირატესობას?

– საქართველოში მარკეტერები მეტწილად თავისუფალი ჩაცმის სტილს ანიჭებენ უპირატესობას, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან მოუწესრიგებელ სამუშაო გარემოსთან ასოცირდება. ვფიქრობ, ჩაცმის სტილი აუცილებლად იმ საქმეს უნდა შეესაბამებოდეს, რომლითაც დაკავებული ხარ, რადგან საბოლოო ჯამში ყველაფერი შესრულებული სამუშაოს ხარისხზე აისახება.

– საქმიან შეხვედრაზე თუ გიგრძვნიათ როდისმე უხერხულობა?

– ნებისმიერ საქმიან შეხვედრასა თუ მოლაპარაკებაზე ყველაზე რთული პარტნიორის უთქმელობაა, რომელიც ბოლომდე არ ამბობს სათქმელს და პრაქტიკულად ძალიათ გიწევს ინფორმაციის მიღება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, პუნქტუალურობა და ნებისიერი შეხვედრისთვის წინასწარ მომზადება.

– რას აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად?

– ვფიქრობ, მთავარი საკუთარი თავის რწმენაა, რადგან ყოველთვის მიჭირს იმ ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა, ვისაც საკუთარი აზრი არ გააჩნია. ძალიან მიყვარს, როცა ოპონირებას მიწევენ და ყოველთვის თავისუფლად მოჰყავთ არგუმენტები.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– სამუშაოდან გამომდინარე, ზოგჯერ ძალიან სწრაფად მიწევს გადაწყვეტილების მიღება.

ბლიცკითხვები:

– „ელიტ ელექტრონიქსის“ სლოგანი?

– „იყურე წინ!“

– სად ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ?

– აუზზე დავდივარ.

– სასურველი საახალწლო საჩუქარი?

– საუკეთესო საჩუქარი – საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული წუთებია.

– საჩუქრის მიღება უფრო მოგწონთ თუ გაცემა?

– რა თქმა უნდა, გაცემა.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან მომწონს თქვენთან სტუმრობა.

– რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– პირველ რიგში, უნდა უყვარდეს ორშაბათი, რაც ბევრისთვის მართალია მიუღებელია, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმიანი კვირა სწორედ ორშაბათის დილას იწყება. არანაკლებ მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვრული მიზანი და დროის მენეჯმენტი, მუდმივი აქტიურობა და დავალებების თუ მითითების სწორად გაცემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები