LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო, როგორც სატრანზიტო ჰაბი, შესაძლებლობები და პერსპექტივები

საქართველო თავისი ადგილმდებარეობით საკმაოდ პერსპექტიული სატრანზიტო ფუნქციის მატარებელია, შესაბამისად, ტრანსპორტისა და გადაზიდვების დარგი დიდ როლს თამაშობს როგორც შიდა გადაზიდვების კუთხით, ასევე საგარეო ვაჭრობაში. ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ ბიას ბიზნესკატალოგიდან აცნობეს. როგორც კომპანიის წარმომადგენელმა სალომე პატარიძემ „ბიზნესკურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, ბიას ბაზაში, აღნიშნულ დარგში 1300-მდე მოქმედი იურიდიული პირი ფიქსირდება, რომელთაგან უმეტესობა დაკავებულია ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებით, ტვირთის ექსპედირებითა და ლოჯისტიკით, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვებით.

პატარიძე ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სახეზე იყო მთელი რიგი ქვეყნები, რომელთაც ექსპორტის კუთხით საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნდათ. ამ ფაქტმა დიდი როლი ითამაშა საქართველოს როგორც გზაგამტარი ქვეყნის. ასევე მოცემული დარგის განვითარებაში. თუმცა, რესპონდენტის თქმით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სატრანზიტო დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად საჭიროა სატრანზიტო, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხის გაზრდა.

ბიას ინფორმაციით, დღევანდელი შედეგებით ტრანსპორტისა და გადაზიდვების დარგში კომპანიების 75% მცირე ზომისაა, 19% – საშუალო, ხოლო 6% –  მსხვილი. აღნიშნული კომპანიები ემსახურებიან ქვეყნის მასშტაბით არსებულ იმპორტიორ და ექსპორტიორ ორგანიზაციებს. ”მათი რაოდენობა, ასევე მომსახურების ხარისხი და მრავალფეროვნება გვაძლევს საშუალებას ვთქვათ, რომ ბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია. ვინაიდან ტრანსპორტისა და გადაზიდვების დარგი ერთ-ერთია სხვა დარგებს შორის, რომელთაც ფუნქციონირება უწევთ როგორც ქვეყნის, ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“-აცხადებენ ბიას ბიზნესკატალოგში.