LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე სტუმრად „წარმატების ფორმულაში“

32

20 ნოემბერს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე სტუმრობდა.

საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2015 წელთან შედარებით 0,2%-ით შემცირდა და 11,8% შეადგინა, 2016 წელს კი, უმუშევრობის დონემ ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. საქსტატის მიერ ჟურნალ „ფორბსისთვის“ მიწოდებული ინფორმციის თანახმად, საქართველოში ყველაზე მსხვილ დამსაქმებელ 20 კომპანიას შორის 11 კომპანიაში წილი სახელმწიფოს ეკუთვნის, ბიზნეს სექტორში ათ ყველაზე მსხვილ დამსაქმებელს შორის კი, ერთ-ერთი სწორედ საქართველოს ფოსტაა.

– ბატონო ლევან, საქართველოს ფოსტა Post Europa-ის წევრი ქვეყნების საუკეთესო ათეულში მოხვდა. საინტერესოა, რას გულისხმობს ათეულში მოხვედრა და რა კრიტერიუმებით ფასდება კომპანია?

– ამ შემთხვევაში ჩაბარების მაჩვენებელით შეფასდა. ზოგადად, Post Europa-ის წევრი ქვეყნების საკმაოდ სოლიდური რეიტინგის ათეულში მოხვედრა ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორებიც შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ირლანდია და მრავალი სხვაა, ძალიან დიდი მიღწევაა საქართველოსთვის. თუმცა, გასულ წლებში საქართველოს ფოსტამ უფრო დიდ წარმატებას მიაღწია საერთაშორისო ასპარესზე, როცა მსოფლიოს საფოსტო კავშირის ორ მმართველ – საფოსტო ოპერაციების და ადმინისტრაციულ საბჭოებში წარადგინა ჩვენი ქვეყანა და 108 ქვეყნის ხმით მოიპოვა გამარჯვება, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა, საქართველო მსოფლიო საფოსტო პოლიტიკას განსაზღვრავს, რადგან საერთაშორისო ნორმების შემუშავებაში მონაწილეობს.

– აღნიშნული რეიტინგი და ყველა სხვა წარმატება საქართველოს ფოსტის სწორ მენეჯმენტს და თანამშრომლების დაუღალავ შრომას ადასტურებს. თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს დისციპლინა გამართულ კომპანიაში?

– დისციპლინაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ბიზნესეტიკეტი, რომელიც ყველა სფეროში, მათ შორის საფოსტო ბიზნესშიც განსხვავებულია. კარგ მენეჯერს ყველა ქვეყნის წარმომადგენლობასთან უნდა შეეძლოს იმ ბიზნესეტიკეტის შემუშავება, რომელიც ნებისმიერი მოლაპარაკებიდან სასურველ შედეგს მოუტანს. საკმაოდ მარტივია ჩვენი რეგიონის კოლეგებთან ურთიერთობა, რადგან მეტ-ნაკლებად ვიცით მათი ხასიათი,  ვიცნობთ მათ საქმიანობას, იგივეს თქმა შეიძლება ევროპელ კოლეგებზეც, თუმცა, აბსოლუტურად განსხვავებული ურთიერთობა გვაქვს სამხრეთ ამერიკის ან აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან. ვფიქრობ, ძალიან ბევრია დამოკიდებული ბიზნეს ეტიკეტზე და ხშირად ურთიერობების ჩამოყალიბების მთავარი განმსაზღვრელიც ხდება.

– საქართველოსთან რომელი ქვეყნის წეს-ჩვეულებები ან ეტიკეტია ყველაზე ახლოს?

– რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ ამერიკის, ცენტრალური და ღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ბევრად ადვილია მუშაობა. კურიოზი შემემთხვა აფრიკაში ვიზიტისას, როცა ბაგაჟი დავკარდე და კოლეგების წინაშე 54 ქვეყნიდან ტრადიციული აფრიკული ტანსაცმლით წარვდექი. თუმცა, სწორედ ამან ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩვენს დაახლოებაში, რადგან ახლობლად მიმიღეს და საერთო ენაც სწრაფად გამოვნახეთ.

– როგორ იქმნება თქვენს კომპანიაში ახალი პროდუქტი?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კომპანიაში სწორედ ის ადამაინები მუშაობენ, ვინც დარგი ააღორძინა. კომპანია 1990-იანი წლების დასაწყისში განადგურდა და 20 წლის მანძილზე საფოსტო საქმიანობა პრაქტიკულად აღარ არსებობდა. გარდა ამისა, არცერთ სასწავლებელში აღარ ისწავლება საფოსტო საქმე, ჩვენმა თანამშრომლებმა კი, შექმნეს და ჩამოაყალიბეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფოსტო პროცედურები. დღეს ჩვენ ჯერ ვასწავლით დაინტერესებულ პირებს, მერე კი, სამსახურში ვღებულობთ და ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენთან შეძენილი ცოდნით არა მხოლოდ საქართველში, არამედ მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში შეძლებს საფოსტო ბიზნესში დასაქმებას.

– რა იყო თქვენი პირველადი პროფესია?

– მართალია, ძალიან მუსიკალური ოჯახი მყავს, მაგრამ მე მხოლოდ მსმენელი ვარ, სპეციალობად კი მშენებლობა ავირჩიე და საშახტო და მიწიქვეშა მშენებელი გავხდი. სხვათაშორის, ეს სპეციალობაც იმ პერიოდში განადგურდა, როცა ფოსტა.

– ამ დარგის აღორძიენაბასაც ხომ არ გეგმავთ?

– სიამოვნებით ვიმუშავებდი ამ თემაზე, მით უფრო, რომ ძალიან კარგად მახსოვს ჩემი სადიპლომო ნამუშევარი და თავისუფლად შემიძლია მცურავ ქანებში რამდენიმე ჭაბურღილის გაყვანა.

– რომელიმე სხვა პროფესიას ხომ არ შეითავსებდით?

– სამშენებლო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უნიცვერსიტეტში დავამთავრე საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. თუმცა, სიამოვნებით ვიქნებოდი ასტრონავტი, რაზეც ბავშვობაში ვოცნებობდი.

– რა ადგილი უჭირავს მუსიკას თქვენს ცხოვრებაში?

– მუსიკა საკმაოდ სერიოზულ როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში. ადრეულ ბავშვობაში შევიყვარე და დღემდე მისი ერთგული ვარ.

– რა სამოსში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ძალიან კომფორტულია კოსტუმი და ჰალსტუხი, რადგან ყველაზე ხშირად სწორედ კოსტუმს ვატარებ.

– ადამიანის გაცნობისას, პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას?

– პირველ შეხვედრას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ბიზნეს ურთიერთობებში, ამიტომ დიდ ყურადღებას ვაქცევ ჩემს მიმართ  დამოკიდებულებას.

– რამდენად სწრაფად შეგიძლიათ ადამიანების ამოცნობა?

– საკმაოდ სწრაფად და პრაქტიკულად არასდროს ვცდები.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– საკმაოდ სწრაფად, თუმცა ვისურვებდი დაფიქრებისთვის უფრო მეტი დრო მქონოდა.

ბლიცკითხვები:

– ნიჭიერი კულინარი ხართ თუ ნიჭიერი დეგუსტატორი?

– ძალიან ნიჭიერი დეგუსტატორი ვარ.

– თქვენი საყვარელი ტანსაცმლის ბრენდი?

– HUGO BOSS

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– პარალელურად თბილისის ქუჩებში ვსეირნობ და საუკეთესო ადგილს ვარჩევ საფოსტო ყუთის მოსათავსებლად.

– გაქვთ თუ არა საყვარელი წიგნი?

– მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“. ძალიან მიყვარს ირლანდიური ლიტერატურა – ბერნარდ შოუ, ჯეიმს ჯოისი, ჯონატან სვიფტი. საერთოდ ზღაპრები მომწონს, რადგან ერთი თაობა მხოლოდ წერს ზღაპრებს, მეორე კი, მას რეალობად აქცევს. ასე რომ, თუ ბიზნესში რაიმეს გათვლა გვინდა, ზღაპრებს უნდა მივაქციოთ ყურადღება.

– გყავთ თუ არა მისაბაძი ბიზნესმენი?

– ალბათ, სტივ ჯობსი.

– კითხვა, რომელიც ჟურნალისტისგან გაღიზიანებთ?

– ვერცერთი ჟურნალისტი ვერ დამისვამს კითხვას, რომელიც გამაღიზიანებს.

– სად ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ – ბარში თუ აუზზე?

– აუზი უფრო სასურველი იქნებოდა, თუმცა ბარს უფრო ხშირად ვსტუმრობ.

– როგორია თქვენი წარმატების ფორმულა?

– ჩემი წარმატების ფორმულა დაახლოებით ასე გამოიყურება: პლუს მინუს ემ სი კვადრატ ფუძე ვნებათა ღელვა! რადგან თუ ვიცით პლიუსი და მინუსი, ვიცით მასა და სინათლის სიჩქარე, კვადრატშიც ავიყვანთ და ფუძესაც ამოვიყვანთ, განმსაზღვრელი მაინც ვნებათა ღელვა იქნება და თუ ვნებათა ღელვისას გვექნება შემართება და შრომისმოყვარეობა, სწორად დავსახავთ მიზანს და არაფერს დავიშურებთ ამ მიზნის მისაღწევად, მაშინ ნებისმიერ ბარიერს მარტივად და თავისუფლად დავძლევთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები