LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სერგი გვარჯალაძე: „გარეუბნებში კულტურული ცხოვრება პრაქტიკულად არ არსებობს”

8

20 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ სერგი გვარჯალაძე სტუმრობდა, რომელმაც ახალ პროექტზე „ღამის ეკონომიკა“ ისაუბრა.

– სერგი, პირველ რიგში თქვენს საქმიანობას გავიხსენებ სხვადასხვა რადიოსადგურში, ხომ არ გენატრებათ ან დაბრუნებას ხომ არ გეგმავთ რადიოეთერში?

რადიოსთან უზარმაზარი სიყვარული და ბევრი პოზიტიური ემოცია მაკავშირებს. ერთი პროექტის დასულებისას და ახლის დაწყებამდე ბევრჯერ მიფიქრია დაბრუნება, თუმცა პერსპექტივას ჯერ ვერ ხედავ. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე რადიო ძალიან შეიცვალა, საინტერესო და რაც მთავარია, ვიზუალური გახდა.

– რას წარმოადგენს ახალი პროექტი „ღამის ეკონომიკა“?

– ტერმინი „ღამის ეკონომიკა“ 1990-იან წლებში გაჩნდა. ალბათ, ძველი ფილმებიდან ყველას ახსოვს, როგორი მოუვლელი და ბინძური იყო 1970-1980-იანი წლების ნიუ-იორკის Times Square თავისი კრიმინალური ისტორიებით. თუმცა, რუდოლფ ჯულიანიმ ქალაქის მერად არჩევის შემდეგ Times Square-ის ტურიზმის ცენტრად ქცევა გადაწყვიტა და გარკვეული ღონისძიებების შემდეგ სასურველ შედეგსაც მიაღწია. იგივეს თქმა შეძლება ევროპის ქალაქებზე და განსაკუთრებით ბერლინზე, სადაც ღამის ცხოვრების კარგად განვითარებული ინდუსტრია მჭიდროდაა დაკავშირებული ეკონომიკასთან, თუმცა განსხვავებული ნიუანსებით. რატომღაც ღამე ყოველთვის ნეგატივთან, უარყოფით ემოციებთან  ასოცირდებოდა და სწორედ ამ არასასურველი „იმიჯის“ შესაცვლელად და ეკონომიკის გასაძლიერებლად, ბევრმა ქალაქმა ე.წ. ღამის ბიზნესის ხელშეწყობა გადაწყვიტა. ჩვენს ქალაქში რამდენიმე ღამის კლუბი არსებობს, რომელთაც მეტ-ნაკლებად შეძლეს სტრუქტურის აწყობა და გარკვეული პოპულარობაც მოიპოვეს საზღვარგარეთ, თუმცა კლუბიდან გამოსულს არსად გაქვს წასასვლელი და ისიც არ იცი, სად წაიხემსო, რადგან მოუწესრიგებელია ღამის ტრანსპორტი და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურა. ამგვარი საკითხების მოგვარება სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული რეგულაციებითა და ლიცენზიების გაცემით, ჩვენი მიზანი კი, სამუშაო ადგილების შექმნა, მცირე, საშუალო ბიზნესის და ახალი, კრეატიული იდეების განვითარება, ტურიზმის ხელშეწყობა და ქვეყნის პოზიტიურად პოზიციონირებაა. რა თქმა უნდა, ღამის ცხოვრება ან ნიშნავს მხოლოდ კლუბების სტუმრობას და ჩვენც აქცენტს პირველ რიგში კულტურულ ღონისძიებებზე გავაკეთებთ, რომლითაც არა მხოლოდ ტურისტები, არამედ ადგილობრივებიც დაინტერესდებიან.

– რამდენად პოპულარულია ტურისტებში თბილისური ღამის ცხოვრება?

– საბავშვო „ევროვიზიის“ დაკვნით ეტაპზე 200-მდე უცხოელი სტუმარი გვეწვია სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციისა და პრესის წარმომადგენელების ჩათვლით, რომელთაც ღამით პრაქტიკულად არსად ჰქონდათ წასასვლელი კლუბების გარდა, თუმცა უმეტესობას საერთოდ არ აინტერესებდა მსგავსი გართობა. სააგენტოების შეთავაზებით, ტურისტი საშუალოდ სამ-ოთხ დღეს ჩერდება თბილისში, ჩვენი მიზანი კი, მათი ვიზიტის სულ მცირე ერთი დღით მაინც გაგრძელება ან აქტივობის გაორმაგებაა არა მხოლოდ დღის, არამედ ღამის პროგრამის შევთავაზებით, რადგან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს, რომელსაც არ ვიყენებთ. გასათვალისწინებელია ქალაქის გარეუბნებიც, სადაც კულტურული ცხოვრება პრაქტიკულად არ არსებობს, ამიტომ გვინდა ქალაქის ცენტრში აქტიურობის შენარჩუნებით, გარკვეული აქტივობები გარეუბნებშიც გადავანაწილოთ.  ჩემი, როგორც პროექტის მენეჯერის მთავარი მოვალეობა ყველა საკითხის, სირთულეებისა და შესაძლებლობების დეტალურად შესწავლა და მერიისთვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებაა.

– დღეს ძალიან აქტუალურია ღამის ხმაურის თემა. საინტერესოა, როგორ გეგმავთ ამ საკითხის მოგვარებას?

– ხმაური არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ჩვენ ჯერ კვლევის პროცესში ვართ, რადგან ზოგადი საუბრის ნაცვლად, სერიოზული ეკონომიკური კონცეფციის წარმოვადგინა გვინდა. რა თქმა უნდა, გამოსავალი არის, თუმცა საჭიროა ყველაფერის გულდასმით შესწავლა, გაანალიზება და მოსახლეობასთან ერთად ბიზნესის ინტერესების გათვალისწინებაც.

– რამდენად დაინტერესდნენ ბიზნესმენები ახალი პროექტით და გაქვთ თუ არა მათთან კომუნიკაცია?

– უამრავ წერილს ვღებულობ მოქალაქეებისგან, რომელთაც მცირე ან საშუალო ბიზნესის განვითრება სურთ და გარკვეული საკითხების დაზუსტება უნდათ. ბოლო 10 დღეში დაახლოებით 30 შეხვედრა მქონდა ბიზნესის წარმომადგენლებთან და მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებ ყველა დაინტერესებულ პირთან.

– არის თუ არა ქალაქში საკმარისი ლოკაცია შესაბამისი ღონისძიებების მოსაწყობად?

– ქალაქში უამრავი საინტერესო ადგილია, მათ შორის ძველი საბჭოთა ინდუსტრიული ნაგებობები, სადაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უზარმაზარი კულტურული, კომერციული  და საგანმანათლებლო ცენტრის მოწყობა შეიძლებოდა. ჩვენი მიზანი ამ ლოკაციებით ბიზნესის წარმოამდგენლების დაინტერესებაა, რადგან ქალაქის მერია ვერ დააფინანსებს ყველა პროექტს. აუცილებლად ავღნიშნავ, რომ ბიზნესთან ერთად, კულტურის და სპორტის განვითარებასაც გეგმავთ, თუნდაც მობილლური თეატრების, კინოჩვენებების ან სპორტული ღონისძიებების მოწყობით, რაც განსაკუთრებით საინტერესო ცხელი ზაფხულის გრილ საღამოებზე იქნება.

– თქვენი ვარაუდით როდის მიიღებს პროექტი დასრულებულ სახეს?

– მეორე კვირაა სტატისტიკურ მონაცემებს ვაგროვებთ და ვიკვლევთ რა მდგომარეობაა ქალაქში. პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ როგორია თბილსური ღამე, როდის იწყება, როდის სრულდება და რეგულაციებისც მას მოვარგოთ.

–  განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ფესტივალი „ელექტრონავტები“, როგორ ემზადებით წლევანდელი ღონისძიებისთვის?

– რა თქმა უნდა, „ელექტრონავტები“ ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. წელს ფესტივალის მთავარი მიზანი უცნობი არტისტების აღმოჩენა და მათი შემოქმედების ხელშეწყობაა. გარდა ამისა, ვაპირებთ მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებას, ურთიერთობას შევწყვეტთ ტელევიზიებთან და სრულად გადავალთ ონლაინ რეჟიმში, ასევე გვექნება პორტალი თანამედროვე ქართული ინოვაციური პოპ-კულტურისთვის და პირველ რიგში, ელექტრონული მუსიკისთვის თავისი არქივით, უახლესი და აქტუალური ინფორმაციით.

გადაცემის ლაივი LIVE

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები