სეზონური ვაქცინაცია, გრიპის ვირუსი და მისგან დაცვის საუკეთესო მეთოდები – ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე

სეზონური ვაქცინაცია, გრიპის ვირუსი და მისგან დაცვის საუკეთესო მეთოდები – ალერგოლოგ-იმუნოლოგი ქეთევან ომიაძე

გადაცემის ლაივი LIVE

26 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქეთევან ომიაძე სტუმრობდა, რომელმაც უაღრესად აქტუალურ თემზე – სეზონურ ვაქცინაციაზე, გრიპის ვირუსსა და მისგან დაცვის საუკეთესო მეთოდებზე ისაუბრა.

– ქეთი, ზამთრის მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება გრიპი და მისგან დაცვის ყველაზე ეფექტური საშუალება – ვაქცინაცია. საინტერესოა, ზოგადად რას ნიშნავს იმუნიზაცია და როგორ იცავს ადამიანის ჯანმრთელობას?

– იმუნიზაცია – ინფექციური დაავადებების და ამ დაავადებებით გამოწვეული გართულებების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებათა ერთობლიობაა. აღსანიშნავია, რომ იმუნიზაციით არა ერთ კონკრეტულ ადამიანს, არამედ მის გარემოცვას და შესაბამისად, მთელ მოსახლეობას ვიცავთ, ამასთანავე, მე-20 საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევების ათეულში სწორედ იმუნიზაციაა პირველ ადგილზე, რადგან უამრავი უმძიმესი დაავადებისგან იხსნა კაცობრიობა.

– კონკრეტულად რას წარმოადგენს გრიპის ვაქცინაცია და რატომ ვიყენებთ ყოველ სეზონზე ახალ ვაქცინას?

– გრიპი – ზემო სასუნთქი გზების ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც გენეტიკური სტრუქტურის ხშირი ცვალებადობით ხასიათდება, რადგან სხვადასხვა სეროლოგიური ტიპებისგან ანუ – A, B და C შტამისგან და მათი ქვეტიპებისგან შედგება. სწორედ ამ ქვეტიპების გენეტიკური სტრუქტურის მუდმივი ცვლილება იწვევს ვირუსის სწრაფ განვითარებას და მარტივად გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ A ტიპის ვირუსი ადამიანებთან ერთად ცხოველებშიც ცირკულირებს, სწრაფად იცვლის გენეტიკურ სტრუქტურას და მარტივად ვცელდება, ამიტომ ხშირად იწვევს ეპიდემიას და პანდემიას, B ტიპის ვირუსი მხოლოდ ადამიანებში ვრცელდება და მართალია, შედარებით მსუბუქი ფორმა აქვს, რადგან მხოლოდ ლოკალური აფეთქებით ხასიათდება, მაგრამ მაინც საკმაოდ პრობლემურია, C ტიპის ვირუსი კი, მხოლოდ ადამაინებში ცირკულირებს, იშვიათად ხდება ეპიდემიის მიზეზი და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ვლინდება. დღეს ბაზარზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული, სწორედ ამ სეროტიპეზე მორგებული ორი ტიპის ვაქცინა არსებობს, რომელთა მაღალი ხარისხი დიდი ხანია აღარ იწვევს ეჭვს. ერთ-ერთი – სამკომპონენტიანია, A ტიპის ორ ქვეტიპს, B ტიპის ერთ ქვეტიპს აერთიანებს და ბავშვებს 6 თვიდან უკეთდებათ, მეორე კი, ოთხ კომპონენტს – A ტიპის და B ტიპის ორ ქვეტიპს შეიცავს და 3 წლის ასაკის ბავშვებს უკეთდებათ.

– საინტერესოა, რა კატეგორიის ადამიანებს აერთიანებს რისკ-ჯგუფები?

– გრიპი საკმაოდ მძიმე დაავადებაა, ამიტომ მოხუცებმა და მცირეწლოვანმა ბავშვებმა, ასევე  სასუნთქი სისტემის და გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის, ღვიძლის და თირკმელის პათოლოოგიის მქონე პაციენტებმა აუცილებლად უნდა ჩაიტარონ ვაქცინაცია. ცალკე ჯგუფს მიეკუთვნებიან ორსულები, რომელთაც ყოველთვის მძიმედ გადააქვთ ვირუსი.

– ორსულების შემთხვევაში ყოველთვის უამრავი კითხვა ჩნდება, რადგან ბევრი დარწმუნებულია, რომ ვაქცინაცია მხოლოდ ზედმეტად ტვირთავს ორგანიზმს მედიკამენტებით, არადა პირველ რიგში სწორედ მათ უნდა დაიცვან თავი ვირუსისგან…

– ზოგადად, ნებისმიერი მედიკამენტის მიღებისას უნდა გავითვალისწინოთ მისი სასარგებლო და მავნებელი თვისებები. აღსანიშნავია, რომ გრიპის ვაქცინას პრაქტიკულად არ აღენიშნება უკუჩვენება, ერთადერთი ზიანი კი, – ინექციის ადგილის შეწითლება და მცირე ტკივილია, რომელიც მაქსიმუმ 2 დღე გრძელდება.

– საკუთარ კლინიკური პრაქტიკის გათვალისწინებით, რამდენად კარგად არიან პაციენტები ინფორმირებული და წინააღმდეგობას ხომ არ გიწევენ, როცა აცრის გაკეთებას სთავაზობთ?

– აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში  ჰყავს ოპონენტები. ვფიქრობ, მთავარი ინფორმაციის დეფიციტია, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა პაციენტს დეტალურად ავუხსნათ რამდენად მნიშვნელოვანია აცრის გაკეთება. სხვათაშორის, გრიპის ვაქცინაცია უკვე დაწყებულია, ამიტომ ყველას ზამთრისთვის მომზადებას და თადარიგის დროულად დაჭერას ვურჩევ, რადგან იმუნიტეტის გამომუშავებას გარკვეული დროს სჭირდება.

– რამდენად მაღალია აცრის შემთხვევაში ვირუსით დაავადების ალბათობა?

– აცრილ ადამიანი არასდროს ავადდება იმ კონკრეტული შტამებით, რომელიც მძიმე გართულებებს იწვევს. თუმცა, შეიძლება ე.წ. გაცივების სხვა ვირუსული ინფექციით დაავადდეს, რომელიც ბევრად მსუბუქად, გართულებების გარეშე განვითარდება.

– რა უნდა გავითვალისწინოთ აცრამდე და აცრის შემდეგ?

– ზოგადად, ვაქცინაციას ერთადერთი უკუჩვენება – მძიმე ალერგიული რეაქცია აქვს. თუ პაციენტს ერთხელ უკვე ჰქონდა ამგვარი რეაქცია, მაშინ მეორედ  აცრა აღარ შეიძლება. ამასთანავე, ვაქცინაცია რეკომენდირებული არაა საშუალოდ ან მძიმედ მიმდინარე ავადმყოფობისას მაღალი ტემპერატურით ან მის გარეშე, ვაქცინაციის და იმუნიტეტის ჩამოყალიბების პერიოდში კი, რომელიც საშუალოდ 10-14 დღეს გრძელდება, აუცილებელია ჰიგიენის ნორმების და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ბავშვებისთვის დროებით ალერგიული პროდუქტის მიღების აკრძალვა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

29 ოქტომბერი, 2018

სხვა ჩანაწერები