LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შესაძლებელია თუ არა სწავლა ბედნიერების მომტანი იყოს ბავშვისთვის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

12

სწავლა და შემეცნება თანდაყოლილი უნარებია, მაგრამ მას გარემოსთან ურთიერთქმედების პროცესში მოაქვს შედეგი. თუ ჩვენ ვნახეთ, რომ ბავშვმა დაკარგა სწავლის მოტივაცია, ბავშვზე გაბრაზება ამ დროს ნაკლებად შედეგიანია. რა შეიძლება იყოს სასწავლო გარემოში არსებული ბარიერი, რაც ბავშვის „სიზარმაცეს“, „სწავლის დაბალ შედეგებს“, „დაბალ მოტივაციას“, „პროტესტს“ იწვევს. შესაძლებელია, თუ არა სწავლა ბედნიერების მომტანი იყოს ბავშვისთვის – გადაცემის “7 რჩევა ფსიქოლოგისგან” სტუმარია ფსიქოლოგი თამუნა ისაკაძე.

რას  გულისხმობს  „თანამედროვე  სწავლება“?

ბავშვები დაბადებიდან სწავლობენ, თუმცა ყველა ასაკობრივ ეტაპს თავის განვითარების ამოცანა აქვს. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო გარემო ორიენტირებული იყოს ისეთ მიზნებზე, რომელიც ბავშვის განვითარებების თავისებურებებს ითვალისწინებს. ოდითგან სადაო იყო საკითხი, გენეტიკა განსაზღვრას სწავლაში წარმატებას, თუ გარემო ფაქტორები. დღეისათვის კვლევები და დაკვირვება ცხადყოფს, რომ ტვინის განვითარება, ასევე სხვადასხვა უნარების განვითარება, ერთის მხრივ თანდაყოლილი ფაქტორების განვითარების შედეგია, მაგრამ შექმნილმა გარემომ, თუ ის ნეგატიურია, შესაძლოა შეაფერხოს, ან პოზიტიურმა გარემომ პირიქით ხელი შეუწყოს განვითარებას.

პოზიტიური სწავლების მაგალითები:

ბავშვსა და მასწავებელს შორის ინტერაქცია – თანამედროვე სწავლება, საბავშვო ბაღის, სკოლის თუ სხვა ინსტიტუციის დონეზე,  პირველ რიგში მოიაზრებს სწავლების ისეთ დაგეგმვას, რომ გააქტიურებული იყოს თავად ბავშვის ჩართულობა, თანამედროვე სწავლებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინტერაქციას, როგორც ბავშვებსა და მასწავლებელს შორის, ისე მასწავლებლის უნარს, ხელი შეუწყოს და ფასილიტაცია გაუწიოს თავად ბავშვების ერთმანეთთან ინტერაქციას, ჯგუფური მუშაობების, დავალებების ერთობლივად გადაწყვეტის და ა.შ პროცესში. მასწავლებელი არ არის მხოლოდ ცოდნის აქტიური გადამცემი, არამედ თანამედროვე მასწავლებელი არის ბავშვებთან ერთად ცოდნის „შემქმნელი“, „აღმომჩენი“. 

სწორი შექება, წახალისება – მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა წაახალისოს ბავშვის ჩართულობა, შეაქოს, მისცეს დადებითი უკუკავშირი. მასწავლებელს, თუ მაგალითად 20 მოსწავლე ჰყავს კლასში, მან რეკომენდებულია გაიაზროს კვირის ბოლოს, ყოველ მათგანს მისცა თუ არა შესაბამისი შექება კვირის მანძილზე, ხომ არ გამორჩა რომელიმე?

ემპათია, თანაგანცდა  – სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია ემპათიის გამოვლენა, ბავშვებს მიმართ, ჩვენ მათ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ გვესმის მათი და მზად ვართ დავეხმაროთ სიძნელეების გადალახვაში.

ასწავლე, როგორ ისწავლოს – ზოგჯერ ჩვენ გვავიწყდება, რომ ბავშებს არა მხოლოდ ცოდნა მივცეთ, არამედ ვასწავლოთ ის ხერხები, თუ როგორ ისწავლონ, მაგ, გეგმის გაკეთება, ნასწავლის ვიზუალიზაცია, პრაქტიკულ მაგალითებთან დაკავშირება.

უსაფრთხოება – ბავშვებს უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო მუქარისგან თავისუფალი გარემო, წახალისებული უნდა იყოს მათი აზრის გამოხატვა, ბავშვებს შორის ნდობის არსებობა და მეგობრობა თითოეული ბავშვის სასწავლო შედეგზეც აისახება.

თავდაჯერებულობის და ადეკვატური თვითშეფასების განვითარება ბავშვებში – სასწავლო გარემო, არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას უზრუნველყოფს, არამედ ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, მუდმივი კრიტიკა აქვეითებს თვითშეფასებას და ბავშვს საკუთარ თავში დაურწმუნებელს ხდის.

სახალისო აქტივობების ჩატარება – სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევა თამაშია, მოტივაციის აღძვრისთვის სასურველია მასწავლებელმა დაგეგმოს ისეთი აქტივობები, სადაც თამაშით მიმდინარებს სწავლა, მაგრამ მიიღწევა სასწავლო შედეგი, მაგალითად, მათ შორის გამოიყენოს სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობები.

ბავშვის სწავლის სტილის გათვალისწინება – ჩვენ ყველანი განვსხვავდებით სწავლის სტილით, ზოგი ადვილად ითვისებს დამოუკიდებელი მუშაობით, ზოგი – ჯგუფური მეცადინეობთ, ზოგს აუცილებლად სჭირდება თვალსაჩინო მასალები, ზოგს – მოსმენა

ბავშვის უნიკალობის და ინდივიდუალური თავისებურებების პატივისცემა – ადამიანები ზოგჯერ ბრაზდებიან იმაზე, თუ „რატომ არ არის ყველა ერთნაირი?!“, მეტიც, განსხვავებულობის გამო ადამიანი ხშირად შეიძლება ძალადობის მსხვერპლიც კი გახდეს. კლასი, სასწავლო ჯგუფი განსხვავებული და უნიკალური ბავშვების ერთობაა.

არა მხოლოდ ინფორმაციის დამახსოვრება, არამედ აქცენტი ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაზე – თანამედროვე სამყაროში წარმატებულია ადამიანი, რომელსაც შეუძლია ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება, ადრე ტრადიციული სწავლება, უფრო მეტად ორიენტირებული იყო  დიდი რაოდენობით ცოდნის დამახსოვრებაზე, თანამედროვე სწავლება კი ცოდნის გამოყენებაზე და ნასწავლის გენერალიზებაზეა ორიენტირებული.

რატომ უჩნდება ბავშვების გარკვეულ ნაწილს ნეგატიური დამოკიდებულება სწავლის მიმართ?

ზოგადად, ბავშვები იბადებიან, რომ ისწავლონ, ცნობისმოყვარეობა ერთგვარი ინსტიქტია, რომელიც ადამიანს მთელი ცხოვრება სდევს თან და მას ახალი ცოდნის ათვისებისკენ უბიძგებს. თავდაპირველ ეტაპზე, ყველა ბავშვი მოტივირებულია და ხალისიანი სწავლისთვის, თუმცა სავარაუდოდ ჩვენ შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ უცრუვდებათ ბავშვებს გული სწავლაზე:

ა) ყველა ბავშვს აქვს სწავლების და ათვისების ინდივიდუალური ტემპი, შესაბამისად, თუ მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მათი თავისებურებები;

ბ) თუ სწავლა მოსაწყენია – სამწუხაროდ, მასწავლებლები ზოგჯერ ბავშვებს აიძულებენ დიდი რაოდენობით ინფორმაციის დამახსოვრებას და არ უწყობენ ხელს გააზრებას, ნაკლებად იყენებენ თვალსაჩინო, ვიდეო და აუდიო მასალებს, შესაბამისად, სასკოლო გარემო ზოგჯერ იქცევა ბავშვისთვის დიდი მოცულობით ინფორმაცის დასამახსოვრებელ ქარხანად, რაც ერთის მხრივ შეუძლებელია, იმისთვის, ბავშვი სასწავლო შედეგზე გავიდეს, მან უნდა იპოვოს კავშირი ნასწავლს და პრაქტიკას შორის;

გ) თუ ბავშვს უფრო მეტად აძლევენ შენიშვნებს, ვიდრე აქებენ – ბავშვი ვეღარ გრძნობს თავს მიღებულად ჯგუფში, უჩნდება პროტესტი და კონფლიქტური ხდება;

ე) თუ ბავშვებს ნაკლებად უღიმიან, ნაკლებად აგრძნობინებენ, რომ უხარიათ მისი წარმატება, სწავლის შედეგი, სკოლაში მოსვლა.

რამდენად ითვალისწინებენ სკოლებში და ბაღებში ამ მიდგომებს?

დღეისათვის საქართველოს განათლების სისტემა ერთგვარ გარდამავალ ეტაპზე დგას, არის ცალკეული მაგალითები, როდესაც მასწავლებელი და ბაღი და სკოლა ცდილობს ბავშვებს მრავალფეროვანი და შემოქმედებითი სასწავლო გარემო შესთავაზონ, სადაც სწავლა-სწავლება ჰუმანიზმზეც იქნება დამყარებული. მე პირადად ბოლო წლების მანძილზე თანამედროვე განათლების, პოზიტიური სწავლების და ბავშვის განვითარების თავისებურებების შესახებ უფრო თეორიულ საქმიანობას ვეწეოდი. თუმცა სწორედ ახლახან დავაარსე არაფორმალური განათლების სივრცე, ეს არის საკვირაო სკოლა 4-დან 10 წლამდე ბავშვებისთვის, სადაც აქტივობები შედგენილია ბავშვების ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით, საკვირაო სკოლის  მიზანია  ბავშვის უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარება და ჩამოყალიბება არაფორმალურ, ბუნებრივ გარემოში, სადაც ბავშვებს უქმნიან მოტივაციას, იმოქმედონ და ისწავლონ საკუთარი ინტერესების მიხედვით, საკვირაო სკოლაში ურთიერთობა არის დამყარებული ჰუმანიზმზე და თამაშზე.

რა კომპეტენციების განვითარება სჭირდებათ ბავშვებს?

მაგალითად, პრეზენტაციის უნარები, დებატებში მონაწილეობა, თანამშრომლობა, გუნდურობა, კომუნიკაცია, როგორც საგანი ცალკე შესაძლოა არ ისწავლებოდეს, მაგრამ განათლების თანამედროვე ამოცანაა, განუვითაროს ბავშვებს ისეთი უნარ-ჩვევები, რომლებიც ყველანაირ სიტუაციაში გამოადგებათ.  დღეს აქტუალურად სახელდება ფსიქო-სოციალური უნარების განვითარება, დღეისათვის თანამედროვე ადამიანს განვითარებისთვის, საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისა  და რეალიზებისთვის სჭირდება ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციის, ჯანსაღი დისკუსიის უნარები, უკვე საუბარია ამ უნარების განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებულ სივრცეზე. საკვირაო სკოლაში სწავლა დაფუძნებულია ფსიქოლოგიურ ცოდნაზე,  შედგენილია შესაბამისი მოქნილი პროგრამა, ხელი ეწყობა ბავშვების ინდივიდუალური თავისებურებებისა და ინტერესების გამოვლენას.

გადაცემის ლაივი

7 რჩევა თამუნა ისაკაძისგან:

  1. სასწავლო პროგრამა შედგენილი უნდა არა მარტო ცოდნის, არამედ ბავშვის სხვადასხვა კომპეტენციების განვითარების მიზნით;
  2. მასწავლებელი ემპათიას და მხარდაჭერას უნდა გამოხატავდეს ბავშვების მიმართ;
  3.  წახალისებული უნდა იყოს ბავშვის ძალისხმევა;
  4.  გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები;
  5. გააქტიურებული იყოს თავად ბავშვის ჩართულობა;
  6. სწავლება უნდა იყოს თანამშრომლობითი;
  7. დაცული უნდა იყოს ფსიქოლოგიური უსაფრთხოება, მუქარისგან თავისუფალი გარემო, ნდობა და პატივისცემა

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები