LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შოთა კალანდაძის ახალი ფილმი არაორდინალური იქნება

12

14 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM”-ს რეჟისორი შოთა კალანდაძე სტუმრობდა.

– შოთა, როგორ ახერხებთ ცნობილი მსახიობების – თუნდაც ლიკა ქავჟარაძის ან ზურა ყიფშიძის მაყურებლისთვის აბსოლუტურად სხვა ამპლუაში ჩვენებას?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ქალბატონი ლიკა ჩემს 16 ფილმში მონაწილეობს და ყველა ნამუშევარში განსხვავებული ამპლუით გამოჩნდა. რაც შეეხება ბატონ ზურას – სულ ცოტა ხნის წინ, ზურა გეწაძემ სპექტაკლი „მეფე ლირი“ დადგა ზურა ყიფშიძის მონაწილეობით, მე კი, ქეთი დოლიძის ფესტივალზე ვაკეთებდი ფილმს „საჩუქარი ქეთისგან“, რომელშიც სპექტაკლის კადრები შევიდა და მაყურებელს აბსოლუტურად სხვანაირი – ჩემებურად დანახული ზურა ყიფშიძე ვაჩვენე. ზოგადად, სპექტაკლის გადაღება ძალიან რთულია, რადგან როცა დარბაზში უყურებ სხვა შეგრძნებაა, გადაღებული კი, ძალიან განსხვავდება და შესაძლოა საუკეთესო დადგმაც ცარიელი და ნაკლებად შთამბეჭდავად მოგეჩვენოს. ბატონმა ზურამ უკვე ნახა რამდენიმე ეპიზოდი და ძალიან გაუკვირდა, რადგან არ ეგონა, რომ მუსიკა ასე კარგად მოერგებოდა მის სახეს. სხვათაშორის, ზურა ყიფშიძე მანამდე არასდროს მენახა სცენაზე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამგვარი საშუალება მომეცა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მის გენიალურობაში და ფილმშიც სწორედ მისი ტალანტის – ერთგვარი მაგიურობის გადმოცემა ვცადე.

– როდის ექნება მაყურებელს ფილმის ნახვის საშუალება?

– სავარაუდოდ, ფილმის პრემიერა „საჩუქრის“ ფესტივალის ფარგლებში შედგება.

– საკმაოდ ნაყოფიერი შემოქმედებითი თანამშრომლობა გაქვთ ბატონ კახი კავსაძესთან. უახლოეს მომავალში ხომ არ გეგმავთ ერთობლივ პროექტზე მუშაობას?

– ბატონი კახი 5 ფილმში გადავიღე და უბედნიერესი ვარ, რომ კინოს ასეთ ოსტატთან მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. რაც შეეხება ერთობლივ პროექტს – ახლო მომავალში საერთო გეგმები ნამდვილად არ გვაქვს. თუმცა, ვმუშაობ ფილმზე, რომელსაც ქალბატონ ნანი ბრეგვაძეს მივუძღვნი. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და გიორგი კეკელიძემ ჩემი ფილმების DVD-ვერსიები, ფილმი „მხატვრის მუზები“ და 25 კადრი გამოუშვა საფოსტო ბარათის სახით, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო.

– რამდენადაც ვიცი, ლიკა ქავჟარაძე უკვე ემზადება თქვენს ახალ ფილმში მონაწილეობისთვის.

– აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი, რომ ქალბატონ ლიკას ძალიან დიდ პოტენციალი აქვს, იმდენად ძლიერი ენერგეტიკა მოდის მისგან, იმდენად ლამაზია არა მარტო გარეგნულად, არამედ შინაგანადაც, რომ მის გვერდით ნებისმიერი სხვა მსახიობი იჩრდილება. თუმცა, ლიკა ქავჟარაზე გენიალური ტიპაჟური მსახიობია, რომელსაც ყველა რეჟისორი ვერ გადაიღებს. ვფიქრობ, ქალბატონი ლიკა მხოლოდ პოეტმა-რეჟისორმა უნდა გადაიღოს.

– რა თემაზე იქნება ფილმი?

– ფილმი არაორდინალური, თუმცა, ძალიან ადამიანური და ალბათ ცოტა სევდიანიც იქნება.

– რამდენად მარტივია ქართველი მსახიობის შიშველ სცენებში მონაწილეობაზე დათანხმება?

– ზოგადად, თუ სიშიშვლე აზრს და ესთეტურობასაა მოკლებული, ის ცარიელი და მოსაბეზრებელია.  რაც შეეხება დათანხმებას – არასდროს  გადავიღებ იმ მსახიობს, ვისთან მუშაობაც რთულია. შესაძლოა, მსახიობი ფორმაში არ იყოს, მაგრამ თუ მას ამგვარ სცენაში მონაწილეობა არ უნდა, მაშინ აზრიც არ აქვს მასთან მუშაობას.

– გყავთ თუ არა საოცნებო მსახიობი, რომელსაც სიამოვნებით გადაიღებდით ფილმში?

– ლელა ალიბეგაშვილის გადაღებას ვაპირებდი, რომელიც ძალიან მიყვარს და ვთვლი, რომ გენიალური მსახიობია. გადაღებებისთვის ყველაფერი მზად იყო, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი ჩაიშალა, რაზეც ძალიან დამწყდა გული.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები