LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიყვარულზე შეყვარებული: ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს კითხვის დასმის სურვილი

8

15 მაისს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ მეღვინე ეკა ჭვიტიძე სტუმრობდა.

ვირჯინიის შტატის ქალაქ რიჩმონდში სკოლის დასრულების შემდეგ, ეკა საქართველოში დაბრუნდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე, მერე კი, ისევ შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. შვიდ წელიწადში ისევ უკან  დაბრუნდა და ტურიზმის სფეროში მიღებული პირველი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, მეღვინეობით დაინტერესდა.

– ქალბატონო ეკა, შეძელით თუ არა პროფესიული ოცნების ასრულება?

– გარკვეულწილად შევძელი, რადგან ჩემი პირველი ბიზნესპროექტი ტურისტული კომპანია Wild Georgia იყო, რომელიც მეტწილად ამერიკელ სტუმრებს მასპინძლობდა და საქართველოს უმშვენიერეს ბუნებას აცნობდა. მართალია, კომპანია, რომელიც 2005 წელს გავხსენით, მცირეა, მაგრამ ძალიან წარმატებული, მით უმეტეს, რომ დამოუკიდებლად ვიზრდებით და ვვითარდებით.

– რომელ პროფესიაში ვერ ხედავთ საკუთარ თავს?

– ვერასდროს ვერ ვიქნებოდი დიზაინერი, მით უმეტეს, რომ ბევრჯერ ვცადე და არაფერი გამომივიდა.

– როდის დაინტერესდით მეღვინეობით?

– ღვინის სიყვარული მეუღლის გაცნობით დაიწყო. მართალია, თუშეთში და კახეთში გავიზარდე, სადაც ღვინით ვერავის გააკვირვებ, მაგრამ ბავშვობაში ნაკლებად ვინტერესდებოდი ამ სფეროთი. მერე კი, ოლაფი გავიცანი, ერთად ვმოგზაურობდით და ღვინის გემოც პირველად პორტუგალიური სასმელით გავიგე. მოგვიანებით იტალიურ ღვინოს გავეცანი და საქართველოშიც გავსინჯე ევროპული ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები. ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში სწორედ ამ ტექნოლოგიით დაყენებულმა ღვინომ მოიპოვა პოპულარობა და ჩვენც ჩავერთეთ ამ საქმიანობაში. მართალია, ღვინოს ქვევრშიც ვაყენებთ, მაგრამ ძირითადად მაინც ამ ტექნოლოგიით ვმუშაობთ.

– თქვენი აზრით, რამდენად მომგებიანია დღეს ღვინის ბიზნესი საქართველოში?

– ზოგადად, მეღვინეობა საკმაოდ რთული ბიზნესია, რადგან უზარმაზარი კონკურენციაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, მით უმეტეს, რომ ბაზარზე ყოველთვის უმაღლესი ხარისხის ღვინო ხვდება. რა თქმა უნდა, ევროპული ნაწარმი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, მაგრამ ქართული მეღვინეობისთვის პრიორიტეტული მაინც ქვევრის ღვინოა და ვფიქრობ, პირველ რიგში სწორედ ამ მეთოდით დაყენებულ სასმელს უნდა გავუწიოთ რეკლამა, თუმცა, არც სხვა ტექნოლოგიებზე უნდა ვთქვათ უარი.

– რამდენადაც ვიცი, ტურისტული კომპანიის გახსნაში მეუღლეც დაგეხმარათ?

– კომპანია თვითონ გავხსენი, ოლაფი კი, მოგვიანებით ჩაერთო ამ ბიზნესში და ბევრ რამეში დამეხმარა.

– თქვენი აზრით, რა იზიდავს ტურისტებს ყველაზე მეტად საქართველოში?

– რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი თვითმყოფადი კულტურა და ისტორია იზიდავთ, რადგან მოდური და თანამედროვე ტენდენციებით უცხოელებს ვერასდროს გავაკვირვებთ. განსაკუთრებული პოპულარობით ჩვენი შვიდდღიანი ტური სარგებლობს ხევის, ხევსურეთის და თუშეთის იმ სოფლების მონახულებით, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ძველი ტრადიციები. უცხოელებს ძალიან მოსწონთ ჩვენი სამზარეულო, ცხოვრების წესი და საერთოდ ქართველები, თავისი თბილი გულითა და სტუმართ-მასპინძლობით.

– რამდენიმე დღის წინ არგოხიში დოღი მოაწყვეთ, რომელიც პირველად  სამი წლის წინ გაიმართა. რატომ ითავეთ ამგვარი ღონისძიების მოწყობა?

– ბავშვობაში, ხშირად ვმონაწილეობდი ტრადიციულ თუშურ დოღში. საერთოდ ძალიან მიყვარს ცხენოსნობაა, თავადაც მყავს რამდენიმე ჯიშიანი ცხენი და როცა დრო და ფინანსური საშუალება მომეცა, სწორედ დოღის მოწყობა გადავწყვიტე. ძალიან მინდა, რომ დოღი ახალმა თაობამაც გაიცნოს,  შეიყვაროს და არ დაიკარგოს ეს, მართლაც უნიკალური ტრადიცია.

– ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობთ დღევანდელ ქართულ მედიაში. საინტერესოა, რამდენად დამღლელია, სულ ყურადღების ცენტრში ყოფნა?

– მე ნამდვილად არ ვიღლები, მეტიც ძალიან სასიამოვნოა, თუ ჩემით საზოგადოება ინტერესდება.

– სად ისვენებთ ყველაზე კარგად?

– დასვენება ამერიკაშიც მიყვარს, ევროპაშიც და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც. თბილისში ცხოვრება ძალიან არ მომწონს და სიამოვნებით ვიცხოვრებდი მთაში.

– რა თვისებებს აფასებთ ადამიანში ყველაზე მეტად?

– ერთგულებას და გულწრფელობას.

– რა გამოცდილება შეგძინათ საზღვარგარეთ ცხოვრებამ?

– 4 წლის ასაკში პირველად ვნახე ბატონ ნუგზარ რუხაძის გადაცემა, რომელშიც მაყურებელს სხვადასხვა ქვეყანაში მომზადებულ სიუჟეტებს სთავაზობდა. მაშინ მოვისმინე პირველად ინგლისური ენაც, ძალიან მომეწონა და ამერიკაში მომინდა გამგზავრება, რადგან ეს ქვეყანა ჩემთვის ყოველთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა. ზოგადად, ძალიან თავისუფალი ადამიანი ვარ. მართალია, არც აქ მზღუდავს არავინ, მაგრამ იქ სხვანაირად კარგად, თითქოს უფრო კომფორტულად და ლაღად ვგრძნობ თავს, რადგან ყოველთვის თავისუფლად შეგიძლია საკუთარი აზრის გამოხატვა და მხოლოდ საკუთარი სურვილით მოქმედება.

– ბავშვობაში ფიქრობდით, რომ წარმატებული იქნებოდით?

– მე ყოველთვის წარმატებულად მივიჩნევ თავს, რადგან ჩემი წარმატება – ჩემი თავისუფლებაა.

– რა სტილის ტანსაცმელში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– გააჩნია რა შეთხვევისთვის ვიმოსები, თუმცა ნებისმიერი სტილის ტანსაცმელში კომფორტულად ვარ.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ბიზნესპარტნიორს, რათა თქვენი ნდობა დაიმსახუროს?

–  პირველ რიგში გულწრფელი უნდა იყოს და პროფესიონალურად უნდა ერკვეოდეს თავის სფეროში.

– რომელი ქვეყნის კულტურა ან ტრადიციებია თქვენთვის ყველაზე მისაღები?

– სკანდინავიის ქვეყნები მომწონს, ალბათ იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე დანიელია. სხვათა შორის, ჩვენი ტრადიციები ძალიან ჰგავს სკანდინავიურს. მათაც უყვართ ერთად შეკრება, ყოველთვის თბილები და მოსიყვარულეები არიან.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას ყოველთვის ძალიან სწრაფად ვიღებ, საკუთარ ინტუიციას ვენდობი და ყოველთვის მიმართლებს.

ბლიც-კითხვები:

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ?

– „მე შენ მიყვარხარ!“

– როგორ იწყება თქვენი დილა – ფინჯანი ყავით თუ კამეჩის მაწვნით?

– დილას მაწონი მირჩევნია.

– თქვენი საყვარელი ყურძნის ჯიში?

– ალბათ „ქისი“.

– კერძი, რომელსაც ყველაზე კარგად ამზადებთ?

– იტალიური კერძი „ჩიქენ მარბელა“.

– ვის რჩევას ითვალისწინებთ ყველაზე ხშირად?

– მეგობრების.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– მინდა მარადიულად ვიყო სიყვარულზე შეყვარებული.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ლამაზ პეიზაჟს დავხატავდი.

– რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, წარმატების მისაღწევად?

– გამბედავი უნდა იყოს, თავისუფალი და საკუთარი საქმის ერთგული. გარდა ამისა, ყოველთვის უნდა ჰქონდეს კითხვების დასმის და უფრო მეტი ცოდნის შეძენის სურვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები