„სხვისი სახლი”–ს გადამღები ჯგუფი სტუმრად ”არტ-FM”–ში

„სხვისი სახლი”–ს გადამღები ჯგუფი სტუმრად ”არტ-FM”–ში

4 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, მსახიობები სალომე დემურია და ია სუხიტაშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც ფილმზე ”სხვისი სახლი” ისაუბრეს.

”სხვისი სახლი” ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული და საქართველოს, რუსეთის, ხორვატიის და საფრანგეთის ერთობლივი პროექტია, რომელშიც მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ეკატერინე ჯაფარიძე, საბინა ახმადოვა და ოლგა დიხოვიჩნაია ასრულებენ.

ფილმი ორ ოჯახზეა, რომლებმაც მართალია შეძლეს ომის საშინელებისგან თავის დაღწევა, მაგრამ არაფრით გამოსდით ახალი და მშვიდი ცხოვრების დაწყება, რადგან ომი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება. მსოფლიო პრემიერა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა, ფილმმა მრავალ კინოჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და უამრავი პრემიის მფლობელი გახდა.

img_2558– სალომე, როგორი იყო გადაღების პროცესი?

– მართალია, ჯერჯერობით ბევრ ფილმში არ მითამაშია, მაგრამ გადასაღებ მოედანზე მაინც ყოველთვის ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ”სხვისი სახლის” გადასაღებ მოედანზე მართლაც ფანტასტიკური ჯგუფი შეიკრიბა, რაც ვფიქრობ, ფილმის წარმატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ფილმმა უამრავი პრიზი მიიღო, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც ბოლო დაჯილდოება იყო ალმათიში, როცა ჩვენმა ნამუშევარმა გრან-პრი მიიღო. გული დამწყდა, რადგან პრაქტიკულად მარტო ვიყავი და ვერავისთან შევძელი სიხარულის გაზიარება. ძალიან მინდოდა რუსუდანი ან ჩემი კოლეგები ყოფილიყვნენ გვერდით, თუმცა გამარჯვების აღნიშვნა თითქმის უცნობ ადამიანებთან მომიხდა.

– რამდენად მკაცრი რეჟისორია რუსუდანი? ბრაზდებოდა, როცა რამე არ გამოგდიოდა?

– რუსუდანი ფანტასტიკური რეჟისორი და ის ადამიანია, რომელსაც ბოლომდე ვენდობი. მისგან ნებისმიერ კრიტიკას და შენიშვნას მივიღებ, რადგან ვფიქრობ, ეს ჩემთვისაც ძალიან სასარგებლოა. თუმცა, მისი გაბრაზება ნამდვილად არ მახსენდება.

– რუსუდან, უბრაზდებოდით მსახიობებს გადასაღებ მოედანზე?

– რა თქმა უნდა, არა. ვფიქრობ, რამე თუ არ გამოდის პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა მოთხოვო პასუხი და არა მსახიობს, რომელიც ბოლომდე შენზეა დამოკიდებული, ყურადღებით გისმენს და ყველაფერში მოგყვება. ერთი ეპიზოდი შემიძლია გავიხსენო – საკმაოდ რთულ სცენას ვიღებდით და არც ჩვენ ვიყავით ბოლომდე დარწმუნებული საკუთარ თავში. პრაქტიკულად ბრმად ვმოქმედებდით და მხოლოდ ინტუიციის იმედზე ვიყავით. თუმცა, საბოლოოდ მაინც შევძელით სასურველი შედეგის მიღწევა.

– რუსუდან, ფილმმა უკვე მრვალი პრიზი მიიღო. ბევრის აზრით სწორედ ”სხვისი სახლი” უნდა გაემგზავროს ”ოსკარის” პრემიის მოსაპოვებლად. თავად რა აზრის ხართ?

img_2545– საოცარი პასუხისმგებლობაა, რადგან ასეთ დროს შენ არა მარტო ფილმს, არამედ მთელ ქვეყანას წარმოადგენ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთლიანად ჟიურის და პირადად ზაზა ურუშაძეს ამგვარი არჩევანისთვის. ზაზა ის ადამიანია, ვინც ქართული კინო  საზღვრგარეთ გაიტანა და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ჩვენც შეგვიძლია საკუთარი ნამუშევრების მსოფლიო კინოსამყაროსთვის გაცნობა.

– ია, თქვენთვის როგორი იყო ფილმზე მუშაობა?

– ვფიქრობ, ”სხვისი სახლის” გადაღებები სამუდამოდ დარჩება ჩემს საუკეთესო მოგონებად, რადგან არაჩვეულებრივი ლოკაცია გვქონდა მაღალმთიან აჭარაში, მშვენიერი ატმოსფერო იყო შექმნილი გადასაღებ მოედანზე და განწყობაც ფანტასტიკური გვქონდა, რისთვისაც პირველ რიგში რუსუდანს მინდა ვუთხრა მადლობა. რაც შეეხება ჩემს როლს, მართლაც ძალიან საინტერესო სამუშაო იყო. ფილმმა უამრავი პრიზი მიიღო, თუმცა დარწმუნებული ვარ, მთავარი გამარჯვება ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

– რამდენადაც ვიცი, ახალ ფილმზე მუშაობთ.

– დიახ, ახლა გიგიშა აბაშიძის სადებიუტო ფილზე ”მეზობლები” ვმუშაობ. ძალიან საინტერესო შემოქმედებითი ჯგუფია შეკრებილი და ვფიქრობ, ფილმიც ძალიან წარმატებული იქნება.


– რუსუდან, თქვენი ფილმი უამრავი ფესტივალის გამარჯვებული გახდა, კიდევ ხომ არა აპირებთ ფესტივალებში მონაწილეობის მიღებას?

– ფილმი უამრავ კინოფესტივალზეა გაგზავნილი, მათ შორის სალონიკის, ჰაიფას, ანთალიის და ქაიროს ფესტივალებზე. თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ფილმს საკუთარი ცხოვრება აქვს და ჩვენგან დამოუკიდებლად მოგზაურობს.

– სალომე, ახლო მომავალში რა გეგმები გაქვთ?

– დიტო ცინცაძის ახალ ფილმში ვარ მიწვეული და ძალიან სერიოზულად ვემზადები ჩემი როლისთვის.

გადაცემის ჩანაწერი

6 ოქტომბერი, 2016

სხვა ჩანაწერები