LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოციალურ ქსელს შეუძლია გახადოს ადამიანი უფრო მოწყენილი და უბედური – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

1102

თანამედროვე ცხოვრება წარმოუდგენელია სოციალური ქსელების გარეშე. კვლევების მიხედვით, სოციალურ ქსელთან ადამიანი  დღეში საშუალოდ 200 წუთს ატარებს. დაკავებული ცხოვრების სტილმა, დროსა და სივრცეში აცდენამ ხელი შეუწყო სოციალური ქსელით კომუნიკაციას. საკამათო გახდა საკითხი, თუ რამდენად ანაცვლებს სოციალური ქსელი  რეალურ, პირისპირ უთიერთობას. როგორც ფორტუნას თსუ-ს  დოქტორანტმა, ფსიქოლოგმა ნუცა საღარაძემ განუცხადა, სოციალური ქსელი ინფორმაციის გავრცელების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, თუმცა მას აქვს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.

რა უარყოფითი მხარე აქვს სოციალურ ქსელს?

  • სოციალური ქსელით ხშირი სარგებლობა იწვევს დამოკიდებულებას. ადამიანს სურს სულ უფრო მეტი დრო გაატაროს ვირტუალურ სივრცეში, შეამოწმოს სიახლეები, შეტყობინებები და მთლიანად ხდება დამოკიდებული ამ გზით მიღებულ ინფორმაციაზე.
  • სოციალური ქსელის ხშირი მოხმარება იწვევს ფიზიკურ პასიურობას. დამოკიდებული ადამიანი ხშირად მთელ დღეს ატარებს კომპიუტერთან, რაც სხვადასხვა დაავადების მიზეზი შეიძლება გახდეს.
  • ვირტუალური სამყაროს შექმნას მივყავართ ემოციურ აშლილობებთან, ყველაზე სერიოზული პრობლემა კი ირეალურ სამყაროში ცხოვრებაა.
  • რეალობისგან მოწყვეტა ფსიქიკური პრობლემების წინაპირობაა, შეიძლება გამოიწვიოს აგრესია, ფსიქიკური აშლილობები. ადამიანი სოციალური ქსელის მიღმა ეჯახება რეალობას, რომელიც ვირტუალურისგან განსხვავდება. „ადამიანს, რომელიც ცხოვრობს სოციალური ქსელით, აქვს მოლოდინი როგორ შეუფასებენ ფოტოებს, ვიდეოებს, ვინ მოიწონებს და ა.შ. თუ ვერ იღებს ამას, უკუკავშირს განიცდის. როგორც მკვლევარები ამბობენ, სოციალურ ქსელს შეუძლია გახადოს ადამიანი უფრო მოწყენილი და უბედური, ასევე გამოიწვიოს თვითშეფასების დადაბლებაც“,  – აცხადებს ფსიქოლოგი.

 

როგორი ადამიანები არიან სოციალურ ქსელზე დამოკიდებული?

 

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული ძირითადად ცუდად რეალიზებული ადამიანები არიან. ასევე დეპრესიისკენ მიდრეკილი,  ჩაკეტილი ადამიანები, ვისაც უჭირთ სოციალურ წრესთან ურთიერთობის დამყარება და ყავთ ცოტა მეგობარი, ასეთ დროს სოციალურ ქსელში ისინი ახდენენ ემოციების გაზიარებას. სოციალური ქსელი მათთვის გარკვეული თვითრეალიზაციის საშუალებაა. მისივე თქმით, პირისპირი კომუნიკაცია ადამიანის განვითარებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ტექნოლოგიურმა პროგრესმა  გაამარტივა დროსა და სივრცეში დაშორებული ადამიანების ურთიერთობა, თუმცა  პირისპირი კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია ადამიანის ფუნქციონირება, მისი პროფესიული თუ ყოველდღიური საქმიანობა. თვალებით კონტაქტი, ხმის ტონი, მიმიკები, ჟესტები არის ცოცხალი და ემოციების გაზიარებისთვის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა ფსიქოლოგმა.

ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ სოციალური ქსელებით კომუნიკაციას დღეში ერთი ან ორი საათი უნდა დაუთმოთ.

იმისთვის, რომ არ გახდეთ სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული, გაითვალისწინეთ  7 რჩევა ფსიქოლოგისგან, რომელსაც ნუცა საღარაძე მოგცემთ.

  1.  გააცნობიერეთ ხართ თუ არა დამოკიდებული სოციალურ ქსელზე, გააანალიზეთ რატომ არის ის თქვენთვის ღირებული.
  2. აწარმოეთ დღიური, დღის განმავლობაში რამდენ ხანს უთმობთ სოციალური ქსელით კომუნიკაციას, რათა  უფრო თვალსაჩინო გახდეს თქვენი დროის რა ნაწილი უკავია სოციალურ ქსელს და რეალურ (პირისპირ) ურთიერთობებს. 
  3. თუ დააპირებთ სოციალური ქსელის საშუალებით მეგობართან, ახლობელთან დაკონტაქტებას, დაფიქრდით რამდენად გინდათ ეს.  აჯობებს ესტუმრეთ მეგობარს და მოუყვეთ თქვენი ამბის, პრობლემის თუ თხოვნის შესახებ.
  4. დააწესეთ ერთი დღე, როდესაც საერთოდ არ გამოიყენებთ სოციალურ ქსელს, როგორც კომუნიკაციის საშუალებას. დაამკვიდრეთ სხვა აქტივობის ტრადიცია. მაგალითად, მეგობრებთან ერთად გასეირნება, თეატრში/ კინოში წასვლა და ა.შ.
  5. როდესაც მეგობარს ხვდებით, ეცადეთ ნაკლებად გამოიყენოთ სოციალური ქსელი . ყურადღებით მოუსმინოთ მას, იყავით მაქსიმალურად ჩართული დიალოგში.
  6. იფიქრეთ სასარგებლო, საინტერესო, პროდუქტიულ საქმეზე, რომელიც შეიძლება გაააკეთოთ სოციალურ ქსელში დროის დაკარგვის სანაცვლოდ.
  7. დაკავდით ახალი ჰობით, მოუსმინეთ გარშემომყოფებს და გადააფასეთ თქვენი სოციალური კომუნიკაციის ჩვევები. თუ მეგობრები, ახლობლები გეუბნებიან, რომ ბოლო დროს იზოლირებული გახდით, კარგად დაფიქრდით ამ საკითხზე.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები