LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ბათილაშვილი: „ეს კონცერტი იყო ჩემი თავისუფლების ორი საათი“

„ვუყურებდი ლაივებს და თითქოს უკვე დიდ განსხვავებას ვამჩნევ ჩემსა და იმ ადამიანს შორის, ვინც სცენაზე იდგა მაშინ… უკვე ვამჩნევ წინსვლას, იმედი მაქვს, რომ ეს წინსვლაა. უფრო მეტად ღია მგონია საკუთარი თავი. პრინციპში, ახლა კი არა, ყოველ შესრულებაზე სხვადასხვა ემოცია მოდის. კონკრეტული ემოციის მიხედვით ვმღერი. ყოველდღიურია შრომა. სულ კონცერტებია. ყოველთვის, როცა საკუთარ თავს ვუსმენ და ვუყურებ ძალის მოკრება მჭირდება იმიტომ, რომ არ მახსენდება შემთხვევა, როცა ჩემი ნამღერი ჩამირთავს,  კრიტიკული თვალით არ შემეხედავს და სიამოვნება მიმიღია. ის ორი, თუ სამი წუთი, როცა ვმღერი, ჩანაწერს ვუსმენ, დაძაბული ვარ. ყველა კუნთი დაჭიმული მაქვს და ჩემი ტვინი შეცდომებს უფრო ეძებს, ვიდრე კარგ ეპიზოდებს. ამისთვის ნერვული სისტემა ყოველთვის არ არის მზად. ცუდი თვისება მაქვს, რომ ზედმეტად თვითკრიტიკული ვარ. როგორი გამოსვლები მიყვარს, რომელზეც არ მჭირს გადაფიჩინება. მაგალითად მაშინ როცა ვიცი, რომ ემოციურად, მოცემულ მომენტში, მაქსიმალურად დავიხარჯე. თუ ვიცი, რომ ემოციები ზუსტად გავუშვი, მაშინ ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მაქსიმალისტობა ან დამღუპავს, ან ამაშენებს.

სოლო კონცერტი რომ მქონდა ჯერ ვერ გადავხარშე. ბოლომდე ვერ გავაანალიზე, მაგრამ ფაქტია, მქონდა. მაგარ იდეას ემსახურებოდა. აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ფერადი ქალაქი შენდება და ამაში შევიტანეთ წვლილი. ყველაზე სასიხარულო ის იყო, ჩემთვის, რომ იმ მუსიკოსებთან ვასრულებდი სიმღერებს, რომლებიც პროექტის განმავლობაში უკან მედგნენ. ზვიად ბოლქვაძე ვერსიებს აკეთებდა. გარდა იმისა, რომ მუსიკალურად ძალიან დამეხმარა, მომცა სულიერი საზრდოც. გამზარდა როგორც ადამიანი. მასთან დიალოგმა, ყოველ ჯერზე, რაღაცა მასწავლა და მუსიკაშიც ძალიან დამეხმარა. მე ვფიქრობ, რომ ეს კონცერტი იყო ჩემი თავისუფლების ორი საათი“ – რადიო „ფორტუნამ“ ღია ეთერში სოფო ბათილაშვილს უმასპინძლა. როგორც ახალგაზრდა მომღერალი აღნიშნავს, ის ხანდახან ზედმეტად თვითკრიტიულია, მაგრამ უყვარს ისეთი გამოსვლები, როცა ემოცია მსმენელამდე და მაყურებლამდე ზუსტად მიდის.