LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ჭყონია: „ქართული მოდის პოპულარიზაციას პირველ რიგში უცხოეთში მოღვაწე ქართველებმა შეუწყვეს ხელი”

21

8 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ Mercedes Benz-ის მოდის კვირეულის კრეატიული დირექტორი და ორგანიზატორი სოფო ჭყონია სტუმრობდა, რომელმაც წარმატებით ჩატარებული ღონისძიება შეაჯამა.

– სოფო, უამრავი ღონისძიება ჩატარდა კვირეულის ფარგლებში. განსაკუთრებული აქტიურობა კი, ბაიერებმა გამოიჩინეს. საინტერესოა, ვისი კოლექცია მოეწონათ ყველაზე მეტად?

– სამი წლის წინ, როცა პროექტი დავიწყეთ, საკმაოდ რთული აღმოჩნდა ბაიერების დათანხმება საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლაზე. რა თქმა უნდა, ქვეყნის ნახვა ყველას სურდა, რადგან კარგად იცნობდნენ ჩვენს სტუმართმასპინძლობას, თუმცა, ბიზნესის წარმოებისგან თავს იკავებდნენ, რადგან ფიქრობდნენ რომ ქართველი დიზაინერები ვერ აკმაყოფილებდნენ მსოფლიო სტანდარტებს. საბედნიეროდ, ბოლო ორი სეზონია, მათი შეხედულება რადიკალურად შეიცვალა და ახლა უკვე, კონკრეტული მიზნებით ჩამოდიან. ზოგადად, ბაიერების ახალი ბრენდით დაინტერესება ყოველთვის ძალიან რთულია, ჩვენს მიმართ ინტერესის ზრდა კი, პირველ რიგში, პრესამ განაპირობა, რადგან სწორედ მათი დამსახურებაა საკმაოდ მსხვილი მაღაზიების წარმომადგენელთა სტუმრობა, რომელთაც რამდენიმე კოლექცია მოიწონეს და აღნიშნეს, რომ არ ელოდნენ, ასეთ ფართო არჩევანს.

– რით მოიხიბლენ ჟურნალისტები, რა იყო პრესისთვის ყველაზე საინტერესო?

– წელს 90-მდე უცხოელ სტუმარს ვუმასპინძლეთ. ჟურნალისტთა რიცხვი ყოველ სეზონზე იზრდება, რადგან მსურველი მართლაც ბევრია, ჩვენ კი, უარის თქმა არავისთვის გვინდა და სტუმრების ნუსხაც უსასრულოდ იზრდება. პრესა მართლაც ძალიან აქტიურია და სულ უფრო ინტენსიურად აწყობს ფოტოსესიებს ქართველი დიზაინერებისთვის. ვფიქრობ, დიზაინერების გააქტიურებაც აუცილებელია, ბევრად მეტი საინტერესო კოლექცია უნდა შეიქმნას, რადგან ჟურნალისტებსაც და ბაიერებსაც ყოველ სეზონზე ახალი ფავორიტები ჰყავთ. გარდა ამისა, წელს სტილისტებმაც გამოიჩინეს ინიციატივა, რომელთაც პირდაპირ ჩვენებიდან გაუგზავნეს ფოტოები ჰოლივუდის ვარსკვლავების სტილისტებს.

– უცხოელი ვარსკვლავები მართლაც განსაკუთრებით ინტერესდებიან ქართველი დიზაინერების ნამუშევრებით. თქვენი აზრით, რამ განაპირობა ამგვარი ინტერესი?

– ქართული მოდის პოპულარიზაციას პირველ რიგში უცხოეთში მოღვაწე ქართველებმა შეუწყვეს ხელი, თუმცა არც ჩვენი დიზაინერები ჩამორჩნენ, რომელთაც მართლაც გააოცეს უცხოელები. აღსანიშნავია, გიორგი ქებურიას დიზაინით შექმნილი სათვალე, რომელიც ყველამ მოირგო – რიანათი დაწყებული პამელა ანდერსონით დასრულებული. ვფიქრობ, სულ უფრო მეტი ვარსკვლავი მოიწონებს ქართველების მიერ შექმნილ ტანსაცმელსა და აქსესუარებს, რაც ბაიერების გააქტიურებასაც შეუწყობს ხელს.

– მიიღეს თუ არა დიზაინერებმა კონკრეტული შეთავაზებები კვირეულის დასრულების შემდეგ?

– გასულ სეზონზე ერთ-ერთი ქართული ბრენდი უკვე მოხვდა პარიზის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგში, წელს, 12-15 ივნისს კი, ფლორენცია უმასპინძლებს საქართველოს როგორც „სტუმარ ქვეყნას“. ქართველი დიზაინერები მამაკაცის სამოსის კოლექციებს წარმოადგენენ, რაც ერთგვარი გამოწვევა იქნება, რადგან მამაკაცებისთვის ძალიან ცოტა დიზაინერი მუშაობს.

– პირველ სეზონზე საკმაოდ კრიტიკულად შეაფასეთ საკუთარი ღონისძიება. წლევანდელ მოდის კვირეულს როგორ შეაჯამებთ და გაქვთ თუ არა შენიშვნები?

– ზოგადად, ძალიან რთულია მსგავსი პროექტის განხორციელება, რადგან საქართველოში მოდის ინდუსტრია მხოლოდ ახლა იქმნება. პირველ რიგში, მეტ საინტერესო დიზაინერს ვისურვებდი, რომელთაგან მხოლოდ საუკეთესოს ექნებოდა ჩვენების მოწყობის ფუფუნება. მსოფლიოში დიდი ხნის წინ დადგინდა გარკვეული კრიტერიუმები და მხოლოდ მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში ეძლევა დიზაინერს შანსი წარუდგინოს საკუთარი მოდელები ფართო საზოგადოებას, საქართველოში კი, მსგავს საკითხს ნაკლებად ექცევა ყურადღება. ვფიქრობ, კვირეულის მთავარი ნაკლი ტექნიკური მხარეა, რომელიც ვერ აკმაყოფილებს მიღებულ სტანდარტებს. მართალია, ჩვენი ღონისძიება მხოლოდ მეშვიდედ იმართება, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა მისი ორგანიზება. საერთოდ, მაქსიმალისტი ვარ და არასდროს მაკმაყოფილებს საკუთარი გაკეთებული, ამიტომ იმედი მაქვს, შემდეგ სეზონზე ყველა წუნს გამოვასწორებთ.

– თავად რამდენად ირგებთ ქართველი დიზაინერების მოდელებს?

– საკმაოდ სპეციფიური გემოვნება მაქვს და მიჭირს ყველა მოდელის მორგება. შესაძლოა ბევრი კოლექცია მომწონდეს, თუმცა არ იყოს ჩემი სტილი.

– თქვენი ქალიშვილი რამდენადაა დაინტერესებული მოდით?

– მარიამს რეჟისორობა სურს და პარიზში ეუფლება კინოხელოვნებას. თუმცა, ჯერ არ გადაუწყვეტია რა პროფესიას აირჩევს საბოლოოდ.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები