სოფო ნიჟარაძე: "ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა კეთილი ან ბოროტი ჟიურის როლის მორგება" | Radio Fortuna - ოფიციალური ვებგვერდი

სოფო ნიჟარაძე: „ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა კეთილი ან ბოროტი ჟიურის როლის მორგება”

სოფო ნიჟარაძე: „ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა კეთილი ან ბოროტი ჟიურის როლის მორგება”

გადაცემის ლაივი LIVE

10 აპრილს რადიო „ფოტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” მომღერალი სოფო ნიჟარაძე სტუმრობდა, რომელმაც “რუსთავი 2″–ის ახალ პროექტზე „მხოლოდ ქართული“ ისაუბრა.

– სოფო, მართალია, პროექტი „მხოლოდ ქართული“ სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, მაგრამ პოპულარობის მოპოვება უკვე მოასწრო. თქვენი, როგორც ჟიურის წევრის აზრით, რამდენად საინტერესოა კონკურსანტთა შემადგენლობა?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ „მხოლოდ ქართული“ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ბედნიერი ვარ, რომ მეც ვმონაწილეობ. სხვათაშორის, აჟიოტაჟი კონკურსის დაწყებამდე, უკვე მისმა სახელმა გამოიწვია, რაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან უამრავ პროექტში მიმიღია მონაწილეობა როგორც ჟიურის წევრს და უამრავი საყვედური მიმიღია ქართული სიმღერების სიმცირის გამო, ახალი პროექტი კი, რომელშიც უზარმაზარი რესურსია ჩადებული, მთლიანად ქართულ სიმღერას ეძღვნება და ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა მისი პოპულარობა. რეგიონალურ ქასთინგებზე ძალიან გვეშინოდა, რომ ახალგაზრდებს ქართულად მღერა გაუჭირდებოდათ, რადგან არსებობს მითი, თითქოს ქართული სიმღერა ძალიან რთულია და ყველა ერიდება მის შესრულებას, ჩვენი პროექტი კი, პირველ რიგში სწორედ ქართული სიმღერის პოპულარიზაციის, მერე კი, ერთგვარი ექსპერიმენტის ჩატარების სურვილით შეიქმნა, რადგან ძალიან გვაინტერესებს ახალგაზრდების მიერ აღქმული და საკუთარი ინტერპრეტაციით გადმოცემული ქართული სიმღერა. კონკურსის პროგრამა მეტად საინტერესო და მრავალფეროვანია, რადგან რამდენიმე ტურს და სხვადასხვა ჟანრის მუსიკას აერთიანებს, ამიტომ, ვფიქრობ  არ გაგვიჭირდება უნივერსალური შემსრულებელის მოძიება, რომელიც ყველა ჟანრში ერთნაირად კარგად იმღერებს.

– რჩება შთაბეჭდილება, თითქოს უჩვეულოდ ლმობიერი ჟური, ნაკლებად მიმართავს კრიტიკას და კონკურსანტების მიმართ უფრო პოზიტიურადაა განწყობილი,

– ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა კეთილი ან ბოროტი ჟიურის წევრის როლის მორგება. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შემადგენლობით წარვსდეგით როგორც კონკურსანტების, ისე მაყურებლის წინაშე, რადგან სხვადასხვა ასაკის, გემოვნების და შეხედულებების ადამიანები გავერთიანდით, ამიტომ მართალია, განსხვავებულად, მაგრამ აუცილებლად ობიექტურად ვაფასებთ ყველა კონკურსანტს.

– სოციალურ ქსელში უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა ერთ-ერთი კონკურსანტის შუშანა ყაზარაშვილის გამოსვლას,

– ჩვენ ყველას ვაძლეთ საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობას ასაკისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად. სწორედ ასეთი იყო ქალბატონი შუშანა, რომელიც ერთ-ერთი პირველი მოვიდა გორის ქასთინგზე, რადგან ძალიან უნდოდა კონკურსში მონაწილეობა, ჩვენ კი, სურვილის განხორციელებაში დავეხმარეთ და ვერ ვხვდები, რა არის ამაში დასაძრახი ან მიუღებელი. მართალია, კონკურის შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდა, რადგან ათეულში მხოლოდ საუკეთესო კონკურსანტები ხვდებიან, მაგრამ საკუთარი სათქმელი მაინც თქვა სიმღერით.

 

– საინტერესოა, თქვენს შემოქმედებით ცხოვრებაში რა სიახლეებია?

– ამჯერად ახალ სიმღერაზე ვმუშაობ და ძალიან მალე ჩავწერ. სიმღერა, რომელიც ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერმა კომპოზიტორმა ნინო ღოღობერიძემ დაწერა, რადიკალურად განსხვავდება ჩემი ძველი ნამუშევრებისგან, რადგან ნაკლებად კლასიკური, უფრო რიტმული, განსხვავებული ჟღერადობის პოპ-სიმღერაა.

– კონცერტის გამართვას ხომ არ გეგმავთ ახლო მომავალში?

– მართალია, შეთავაზება ბევრია, მაგრამ ჯერჯერობით თავს ვიკავებ, რადგან „მხოლოდ ქართულით“ და საკუთარი პროექტით ვარ დაკავებული, მინდა რაც შეიძლება ბევრი სიმღერა ჩავწერო და კლიპი გადავიღო. ვფიქრობ, რამდენიმე გასვლით კონცერტს ზაფხულში მოვაწყობ, მით უფრო, რომ უამრავ შთავაზებას ვიღებ ბათუმიდან და ქუთაისიდან. რეგიონებში მოგზაურობისას, ყოველთვის ვგრძნობ მაყურებლის დიდ სითბოს, სიყვარულს და მინდა ყველას იგივე სიყვარულითვე ვუპასუხო.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

11 აპრილი, 2018

სხვა ჩანაწერები