LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ნიჟარაძე: „ოქროს ტალღა“ არის ერთადერთი ნათელი წერტილი ქართულ შოუბიზნესში

6

23 მაისს, რადიო „ფორტუნას“ გადაცეში „არტ-FM” მომღერალი სოფო ნიჟარაძე სტუმრობდა,
რომელმაც „ოქროს ტალღაზე“ და ახალი გამოწვევის შესახებ ისაუბრა.

– სოფო, დავიწყოთ „იქს ფაქტორით“. ეს ორშაბათი განსაკუთრებულად ემოციურად მძიმე იყო, რადგან გარკვეულ მონაწილეებზე უარის თქმა მოგიწია…

– ძალიან რთული იყო, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს და რა გამოცდილებაც არ უნდა გქონდეს, ყოველ წელს ერთი და იგივეს გრძნობ. დიდი პასუხისმგებლობაა, რომ აირჩიო საუკეთესოთა შორის საუკეთესო. ვინც არ უნდა დარჩეს გუნდში, ყოველთვის იქნება ვინმე უკმაყოფილო, რადგან ძალიან ძლიერი ნაკადია ყოველთვის და ყველას ჰყავს მომხრე, მაგრამ იმუნიტეტი გამოვიმუშავე, რომ ამ ყველაფრის მერე არ დავიძაბო, განსაკუთრებით კი ნეგატიური კომენტარების მერე. ჩემი პასუხისმგებლობა სრულიად გაანალიზებული მაქვს. ჩვენ ოთხს გვაქვს მონიჭებული უფლება და მანდატი, რომ დავტოვოთ ისინი, ვინც ღირსეულად მიგვაჩნია.

– რა ფაქტორების გათვალისწინებით დატოვეთ ისინი, ვინც დატოვეთ?

– იქს ფაქტორი უნდა ჰქონდეთ აუცილებლად, ქარიზმა, ემოცია, მარტო მუსიკალური ნიჭი არ არის საკმარისი. აუცილებელია ისიც, იმ წამს ვინ როგორ წარმოაჩენს თავს, ასევე მენტორების პროდიუსერული გათვლა.

– ყოფილა შემთხვევა, რომ ნიჭიერი დაჩაგრულა იმიტომ, რომ სცენაზე თავის გამოვლენის საშუალება არ ჰქონია?

– ყველა ნიჭიერია, ათეულში სხვაგვარად ვერ მოხვდები. დაუმსახურებლად იქ არავინ ხვდება.

როგორია შენი დამოკიდებულება „ოქროს ტალღის“ მიმართ?

„ოქროს ტალღა“ არის ერთადერთი ნათელი წერტილი ქართულ შოუბიზნესში და სტიმული, რომ არ ჩამოუშვან ხელები და აკეთონ მუსიკა, რადგან ეს დაჯილდოება მას შრომას უფასებს. ამიტომ, მინდა, რომ „ოქროს ტალღა“ გაგრძელდეს და ყოველ წელს იმაზე საინტერესო იყოს, ვიდრე წინა წელს. მე პირადად, ამის გამოც მაქვს სურვილი, რომ ახალი მასალა შევქმნა, რათა მსმენელმა, როგორც მომღერალს მხარი დამიჭიროს.

– უახლოეს მომავალში ახალი სიმღერის გამოშვებას ხომ არ გეგმავ? ან კოლაბორაციას?

– ახალი სიმღერა აუცილებლად იქნება. ძირითადად ჩემი პროდიუსერი, სტეფანე ფიქრობს ხოლმე ამაზე, ის უფრო სწორად ხედავს ჩემი, როგორც შემსრულებლის მომავალს.  ამ ეტაპზე ორივესთვის პრიორიტეტი „იქს ფაქტორია“ და მთელი ყურადღებით ამ პროექტისკენ ვართ გადართულები.

– როგორც ცნობილია, ლექტორი გახდი…

– ეს არის საქართველოს უნივერსიტეტის მუსიკის აკადემია, სადაც იხსნება „სასცენო ხელოვნებისა და მუსიკალური თეატრის“ ფაკულტეტი და მას მე ვუხელმძღვანელებ. მიიღებიან 6-დან 18 წლამდე ბავშვები. ძალიან საინტერესო პროგრამა იგეგმება. იქნება ფესტივალები, შიდა კონკურსები, ნიჭიერი ბავშვების დაფინანსება, საზღვაგარეთ გასვლები და ა.შ.

– ანუ ეს ნიშნავს, რომ საზღვარგარეთ წასვლას არ აპირებ…

– პერიოდულად მომიწევს, თუმცა ჩემს გარდა იქნებიან მასწავლებლები, ყველა საგანს მე არ ვასწავლი.

– ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შენი მხარდასაჭერი მოწოდებები გამოჩნდა ჰეშტეგით #DafBama2017_SofiaNijharadze

– ეს არის ძალიან ცნობილი ევროპული დაჯილდოება, სადაც უამრავი ქვეყანა მონაწილეობს. საქართველოდან აქ პირველად მონაწილეობს არტისტი. კომპანია, რომელიც ამ დაჯილდოებას ატარებს, ცნობილ ადამიანებს იწვევს. ჩემს შემთხვევაში ეს ჩემი პროდიუსერის, სტეფანე მღებრიშვილის დამსახურებაა. ხმის მიცემა ამჟამადაც მიმდინარეობს და დაახლოებით ივლისამდე გაგრძელდება. საკმარისი ხმების მიღების შემთხვევაში იქნება ძალიან კარგი პრიზი.

როგორია შენი სამომავლო გეგმები? როგორც ვიცი, კონცერტის გამართვას აპირებ…

– ჯერ-ჯერობით ზუსტად ვერაფერს გეტყვით, რადგან სერიოზული მომზადებაა საჭირო. ამ ეტაპზე „იქს ფაქტორით“ ვარ აქტიურად დაკავებული.

წარმატებებს გისურვებთ.

*  *  *

გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი ფესტივალ Open Air-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი სანდრო სალუქვაძე იყო.

როგორი მიდის მოსამზადებელი პერიოდი?

– კარგად მიდის ყველაფერი, ვემზადებით. ტერიტორიაზე შენება დაწყებულია. წელს, შარშანდელის მსგავსად გვექნება სამი სცენა.

– ვინ არიან წლევანდელი ჰედლაინერები?

– პირველ დღეს მთავარ სცენაზე სამი ქართული ჯგუფი და ორი უცხოური – ირანული და ბრიტანული ბენდი Anathema. აქცენტი გვაქვს გაკეთებული ქართულ ლაინ აპზე. 16-ში გამოვლენ ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“ და ა.შ.  განსაკუთრებით დიდი მოლოდინია Soft Eject-ის მიმართ, რომელიც 20 წლიანი პაუზის შემდეგ ჩვენს ფესტივალზე ბრუნდება. იქნება Archive-იც და ა.შ. ღამის სცენაზე დაუკრავენ ქართველი და უცხოელი დიჯეები, მოკლედ წინ ბევრი სასიამოვნო წუთი გელოდებათ და ეს ყველაფერი 24 საათის განმავლობაში.

– კონკრეტული სიმღერები ხომ არ არის ცნობილი, რასაც შეასრულებენ?

– ძირითადად ეს სია ლაივის წინ ქვეყნდება, თუ არ ჩავთვლით ტურნეებს.

საინტერესოა ბილეთის ფასიც…

– 16,17,18 ივლისს გაიმართება ფესტივალი და აბონიმენტის ფასი არის 150 ლარი, დღიურად კი – 60 ლარი.  ჩვენი პარტნიორია „თიბისი“ და მისი ბარათით შეძენის შემთხვევაში 10% უკან დაგიბრუნდებათ.

– წარმატებებს გისურვებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები