LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე 13 იანვარს „ბუდა ბარში“ კონცერტს მართავს – „ხალხის გამოხმაურება მაბედნიერებს!..“

სტეფანე მღებრიშვილი სტუმრობდა ნიკა კაციას გადაცემაში „ლიმონი“ რადიო „ფორტუნაზე“. მან ისაუბრა მამუკა ჩარკვიანის ძველი სიმღერის ახალ ინტერპრეტაციაზე, „ჩემი აღარა ხარ, მორჩა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტსივრცეში. ასევე დააანონსა კონცერტი, რომელსაც 13 იანვარს „ბუდა ბარში“ გამართავს.

სტეფანე:

იმ წლებში, რა წლებშიც იყო პოპულარული ეს სიმღერა, გონებაში ჩამრჩა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დიდად კარგად არ ვიცი ქართული სიმღერები, ეს იყო ერთ-ერთი, რომელიც ვიცოდი. თუკი ფორმაზე ვისაუბრებთ, ასე ვგრძნობ მე მუსიკას. რომც არ ეთქვათ თქვენთვის, რომ მე ვასრულებდი, ალბათ, ისედაც მიხვდებოდით. არასდროს ვცდილობ ვიღაცის მიბაძვას. არ ვღალატობ ჩემს პროფესიას. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას შეიძლება, არ მოსწონდეს,მაგრამ რაც ვარ, ეს ვარ.

გამოხმაურება, რომელიც ამ სიმღერას მოჰყვა, ჩემთვის ბედნიერებაა. კომენტარებს არ ვკითხულობ, რადგან ამ მხრივ მწარე გამოცდილება მაქვს (იღიმის), მაგრამ ერთ-ორი წავიკითხე, რას ერჩოდა ამ სიმღერასო. ზოგი ჯინაზეც წერს, მაგრამ ტოტალური ფონი დადებითია, რაც მე მაბედნიერებს, ეს ხალხის აღიარებაა.

13 იანვარს „ბუდა ბარში“ ჩემი კონცერტი შედგება. იქნებიან ის ბრწყინვალე მუსიკოსები, საქართველოში საუკეთესო მუსიკოსები, რომლებიც ჩემს ახალ სიმღერაშიც უკრავენ. სპეციალური სტუმრები გახლავან მაია დარსმელიძე, რომელთან ერთადაც ერთ ახალ სიმღერას შევასრულებ და „ხელებსაც“, და ნიკოლოზ რაჭველი, რომელთან ერთადაც მოსულ მსმენელს შევთავაზებ „ჯანაიას“ „ქეთო და კოტედან“.

ეს საღამო ეძღვნება ცნობილ სიმღერებს და კარგი დროის გატარებას, ძველი დროიდან მოყოლებული მხოლოდ ცნობილი სიმღერები იქნება, „Fly With Me“, „წამოდი, წავიდეთ“, „მზე და შოკოლადები“ და ა.შ.

ქავერები ყოველთვის დაგეგმილია ჩემს ცხოვრებაში. როგორც მუსიკოსი, არ ვაპირებ გაჩერებას, კიდევ ერთი ახალი სიმღერა რამდენიმე დღეში გამოვა. ვაპირებ რამდენიმე ქალაქში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში ამ პროგრამის წარდგენას, ასევე საზღვარგარეთ. გადავწყვიტე, ჩემს პირველად პროფესიას დავუბრუნდე და მუსიკას მივხედო.

გადაცემის ჩანაწერი