LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე: „მე და მაია ახალ სიმღერას ვიმღერებთ”

4

4 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს მუსიკოსი და პროდიუსერი სტეფანე მღებრიშვილი სტუმრობდა.

– სტეფანე, როგორ დაიბადა სიმღერის „დამიბრუნდი“ ქავერ-ვერსიის შექმნის იდეა?

– ქავერის გაკეთების იდეა „ბუდა-ბარში“ ჩატარებული კონცერტის შემდეგ გამიჩნდა. მართალია, იმ პერიოდში სიმღერა „აღარ ხარ ჩემი, მორჩა“ იყო ახალი გამოსული, მაგრამ პირველ ნომრად მაინც „დამიბრუნდი“ შევასრულე, რომელმაც არანაკლები პოპულარობა მოიპოვა და გადავწყვიოტე, სწორედ ამ სიმღერის ქავერი გამეკეთებინა, რამაც ძალიან გაამართლა, რადგან ინტერნეტში დღესაც ტრენდშია და უამრავი ნახვა აქვს.

– როგორც შეარჩიეთ მსახიობები სიმღერის კლიპისთვის?

– სიმართლე ვთქვა, მსახიობებს დიდხანს ვარჩევდით. საბოლოოდ არჩევანი თეკლა ჩიჯავაძეზე და ვაჟიკო გოდერძიშვილზე გავაკეთეთ. ბედნიერი ვარ, რომ კლიპი კარგი გამოვიდა და ყველას ძალიან მოეწონა.

– რას შესთავაზებთ თაყვანისმცემელს 22 აპრილს დაგეგმილ კონცერტზე?

– პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო „მუზამეს“ და „სფეის ჰოლს“. სწორედ მათგან მივიღე კონცერტის გამართვის  შეთავაზება, რაც საკმაოდ სერიოზული რისკი იყო მათთვის, რადგან ძირითადად ანდერგრაუნიდის მუსიკოსებს იწვევენ, მე კი, არ ვარ „სფეის ჰოლის“ ფორმატის შემსურელებელი და ეს პირველი შემთხვევა იქნება, როცა ასეთ დიდ სივრცეში ქართველი მუსიკოსი წარსდგება ჰედლაინერის როლში. მართალია, ცოტას ვნერვიულობ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, წარმატებული კონცერტი გვექნება, რადგან სერიოზულად ვმუშაობთ და ინტენსიურ რეპეტიციებს გავდივართ. საერთოდ ძალიან მომწონს „სფეის ჰოლი“, რადგან მშვენიერი აკუსტიკა და გარემოა შექმნილი მუსიკოსებისთვის. კონცერტის სპეციალურ სტუმრებს შორის ირაკლი დეისაზე, მაია დარსმელიძე და ქეთათო იქნებიან. მე და მაია ახალ სიმღერას ვიმღერებთ, ქეთათოსთან ერთად კი – ირაკლი ჩარკვიანის „ინდიანას“ ქავერს შევასრულებ.

– აზერბეიჯანში რა პროექტების განხორციელებას გეგმავთ?

– უკვე ერთი წელია პროდიუსერის რანგში ვთანამშრომლობ აზერბეიჯანელ სუპერვარსკვლავთან აიგიუნ კაზიმოვასთან. შემოდგომაზე, სექტემბრის ბოლოს მის სოლო კონცერტს და უდიდეს შოუს ვამზადებთ, რომელსაც ფრანგი რეჟისორი რედა ბენტეფური დადგამს. აზერბეიჯანში ძალიან კარგი პირობებია მუსიკოსებისთვის შექმნილი, რაც მათ მნიშვნელოვნად უადვილებს შოუებისა და კონცერტების გამართვას, ამიტომ არაა გამორიცხული გარკვეული პერიოდით მეზობელ ქვეყანაშიც გადავიდე საცხოვრებლად. გარდა ამისა, კიდევ ერთ პროექტზე ვმუშაობ, რომელიც აპრილის ბოლოს მომზადდება, ამიტომ ჯერ არაფერს ვიტვი და საიდუმლოდ დავტოვებ.

– როგორი იქნება „X ფაქტორის“ ახალი სეზონი?

– მონაწილეების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წლევანდელი სეზონი მართლაც გამორჩეული იქნება, რადგან შოუში სხვადასხვა სტილის შემსრულებელები მონაწილეობენ. ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის და პროდიუსერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამგვარი მრავალფეროვნება,  ამიტომ ძალიან კმაყოფილი ვარ.

– საზღვარგარეთ ხომ არ გეგმავთ კონცერტის გამართვას?

– რამდენიმე შეთავაზება, მათ შორის ნიუ-იორკიდან უკვე მივიღე, მაგრამ მე ბენდის გარეშე გამოსვლა არ შემიძლია, მთელი ჯგუფის წაყვანა კი, ძალიან ხარჯიანია. თუმცა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მანამდე კი, საქართველოს ქალაქებში – ქუთაისში, ბათუმსა და თელავში ვგეგმავ კონცერტების გამართვას.

– რომელ უცხოელ მუსიკოსთან შეასრულებდით დუეტს სიამოვნებით?

– ასეთი ძალიან ბევრია და კონკრეტულად ვერავის გამოვყოფ.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– მაისის დასაწყისში თაყვანისმცემელს ახალ ნამუშევარს შევთავაზებ, კონკრეტულად რა იქნება, ჯერ არ გავამხელ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სიმღერა დისკოს სტილშია და ძალიან მოუხდება ზაფხულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები