LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტეფანე მღებრიშვილი: „პოპ-ინდუსტრია არის ეს, მთავარია გაარტყა სიმღერა“

„არის რაღაცა, მაგია, ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანებს ძალიან მოსწონთ და იტაცებენ სიმღერას. გამიმართლა, „დამიბრუნდი“ აიტაცეს და პრინციპში, დიდი ფილოსოფია არ არის საჭირო, როდესაც სიმღერა ჰიტურია, ხალხი იტაცებს. მიუხედავად იმისა, ვინ, რა ჟანრის სიმღერას უსმენს; პოპ-ინდუსტრია არის ეს, მთავარია გაარტყა სიმღერა; არ არსებობს კრიტერიუმი, რა შეიძლება იყოს წარმატების საიდუმლო. უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის, წარმატების საიდუმლო იმაშია, ამა თუ იმ პროექტში, რაც უფრო ბუნებრივია; შეიძლება ფანტასტიკა გადაიღო, მაგრამ უნდა იყოს ბუნებრივი, ორგანული. რაც სიახლეებს ეხება, მორიგ ეტაპზეც არ იქნება დიდი ფილოსოფია ჩადებული. მთელი წელი ვცდილობდი დამეწერა ისეთი სიმღერა, რომელიც მუსიკოსებსაც მოეწონებოდათ და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც უყვართ ტრენდული რაღაცები. ვწერე, წავშალე, ვწერე და ისეთი სიმღერაა, რომელიც ჩვენ გვჯერა, რომ უფრო ნახვადი იქნება. კონცერტებს აღვადგენ მას შემდეგ, რაც სიმღერა და კლიპი გამოვა; ჯიჯისთვის (გრიგორი დევეჯიევი) ეს დებიუტი იქნება, ის არის კლიპის რეჟისორი; სიმღერა ჩემი დაწერილი, ზაზა კოშკაძეს (კოშკა) ეკუთვნის ტექსტი და საუკეთესო მუსიკოსებმა მიიღეს სესიაში მონაწილეობა; შემდეგ იგეგმება ჩემი კონცერტები; ზაფხულში მექნება ერთი, ძალიან მასშტაბური კონცერტი, ბათუმში; თბილისში, სავარაუდოდ, მაისში; დიდი კონცერტები იგეგმება. ძალიან მინდა და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ კონცერტი ჩავატარო ქუთაისში; ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ქალაქია; თბილისში სულ ორი კონცერტი მექნება, ერთი როგორც გითხარით მაისში და ერთი ოქტომბერში“,  – რადიო „ფორტუნას“ ეთერში სტეფანე მღებრიშვილმა ახალი სიმღერის, კლიპისა და დაგეგმილი კონცერტების შესახებ ისაუბრა. ცნობილმა მუსიკოსმა, მომღერალმა და პროდიუსერმა სუპერპოპულარული სიმღერის „დამიბრუნდი“ შესახებაც ისაუბრა. სტეფანე ფიქრობს, რომ ახალი სიმღერისთვის გადაღებულ კლიპსაც ბევრი ნახვა ექნება.