LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი სტუმრად გადაცემაში „პულსში“

5

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

26 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი სტუმრობდა.

– ბატონო ზურაბ, ყოვეთვის აქტიურად ხართ ჩართული მრავალფეროვან ღონისძიებებში და ყოველთვის უამრავი სიახლე გაქვთ. საინტერესოა, რით იყო გამორჩეული 2017 წელი  სტომატოლოგთა ასოციაციისთვის?

– დაგეთანხმებით და სიამაყით გეტყვით, რომ მართლაც ძალიან აქტიური ასოციაცია გვაქვს. სხვათაშორის, მსგავს შეფასებას სხვა ასოციაციებისგანაც ხშირად ვიღებთ, რაც ძალიან სასიამოვნოა. გასული წელი ისეთივე დატვირთული იყო, როგორც ყველა დანარჩენი, რადგან უამრავი ცვლილება განხორციელდა. ზოგადად, სტომატოლოგია სწრაფად განვითარებადი დარგია და ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ ხშირად იცვლება რეგულაციები, ჩვენ კი, ვალდებული ვართ არ ჩამოვრჩეთ და მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ მათზე რეაგირება.

გასულ წელს ტექნიკური რეგლამენტი შეიცვალა, რომელიც სამედიცინო ნარჩენების საკითხებს არეგულირებს და ახალი დადგენილება იქნა მიღებული რადიაციული უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენ ორი გაიდლაინი მოვამზადეთ, რომელთა პრეზენტაცია აპრილის თვეში გაიმართება და  ტრენინგებიც დაიწყება. რა თქმა უნდა, ყველაფერი ევროკავშირის ასოცირების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება და შესაბამისად, დირექტივები, რომელთაც ვღებულობთ ყოველთვის მცირე კორექციას საჭიროებენ, რათა სპეციალისტები უკეთ მოვარგოთ იმ სისტემას, რომელშიც არასდროს უმუშავიათ.

– ინფექციის კონტროლის თემის წინა პლანზე წამოწევასთან და ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებასთან ერთად, თქვენი ასოციაცია განსაკუთრებით გააქტიურდა. რამდენად შეძლო ახალმა რეგულაციებმა ინფექციის კონტროლის აქტუალური საკითხების მოწესრიგება?

– მართალია, ინფექციის კონტროლის თემა დღესაც რთული და საკმაოდ აქტუალურია, მაგრამ არა ისე, როგორც გასულ წლებში, როცა ჯერ მხოლოდ ვიწყებდით ამ საკითხებზე მუშაობას, რადგან ძირითადი პრობლემები უკვე დაძლეულია. თავის დროზე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან თანამშრომლობით გაიდლაინი, სასწავლო პროგრამა შვქმენით და ტრენინგებიც დავიწყეთ. დაახლოებით 5 ათასამდე სტომატოლოგი გადავამზადეთ, თუმცა, ახალ რეგულაციებთან ერთად გაიდლაინის, სასწავლო პროგრამის განახლება და  ტრენინგებში გარკვეული ცვლილებები შეტანა მოგვიხდა.

– ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობთ საერთაშორისო დღებს, რომელთაც მრავალფეროვანი აქციებით ან სემინარებით აღნიშნავთ. რომელ დღეს ანიჭებთ უპირატესობას და რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი აქტივობა პრაქტიკოსი სტომატოლოგებისთვის?

– განსაკუთრებით აქტიურად აუტიზმის და დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეებს ავღნიშნავთ, რადგან ჩვენს მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ სხავადასხვა დარღვევვისა ან ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს შორის ყველაზე ხშირი სწორედ დაუნის სინდრომით ან აუტიზმით დაავადებულნი იღებენ უარს სტომატოლოგიურ მომსახურეობაზე, რისი მიზეზიც პირველ რიგში ინფორმაციის სიმცირეა. თუმცა, ბოლო წლებში სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, რამაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია დროული და სწორი ინფორმაციის მიწოდება. ჩვენს აქტივობებში ყოველთვის მაქსიმალურად ვცდილობთ სტუდენტების და რეზიდენტების ჩართვას, რადგან ვფიქრობ, მთავარი და ყველაზე საიმედო ინვესტიცია სწორედ ახალგაზრდების მომზადებაა და ამგვარი ღონისძიებებიც პირველ რიგში სწორედ მათთვის ტარდება.

– ბუნებრივია, ასოციაცია ვერ იქნება ჩაკეტილი. საინტერესოა, რომელ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობთ და რამდენად პროდუქტიულია ეს თანამშრომლობა?

– საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის წევრია, რომელიც მთავარი და ყველაზე დიდი ორგანიზაციაა სტომატოლოგიის სფეროში. გარდა ამისა, ჩვენ მისი ევროპული რეგიონალური ორგანიზაციის წევრებიც ვართ და საკმაოდ ნაყოფიერადაც ვთანამშრომლობთ. ფედერაციის პარლამენტში საქართველოდან 4 დელეგატია წარდგენილი, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული გადაწყვეტილების მიღებაში. ამასთანავე, ჩვენი ასოციაციის გენერალური მდივანი, ბატონი ვლადიმერ მარგველაშვილი, სხვადასხვა კომიტეტებს თავჯდომარეობდა, ჩვენი პრეზიდენტი, ქალბატონი ქეთევან გოგილაშვილი კი, სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ორგანიზაციის ბორდის წევრია, რომელიც მხოლოდ ექვსი ქვეყნის წარმომადგენელს აერთიანებს და ერთ-ერთი სწორედ ქალბატონი ქეთია. გამომდინარე აქედან, ნებისმიერ სიახლეს ჩვენც სწრაფად ვიგებთ და რაც მთავარია, დაუყონებლივ ვახორციელებთ. მაგალითად გასულ წელს, კარიესის პრევენციის მენეჯმენტის სახელმძღვანელო ვთარგმნეთ და უფასოდ გავავრცელეთ, რადგან მეტად საინტერესო ნაშრომია და აბსოლუტურად ახლებურად აღწერს  კარიესის მკურნალობის პრობლემებს

– გასულ წელს გამართულ ღონისძიებებს შორის, რომელს გამოყოფდით?

– შარშან ორი საერთაშორისო ღონისძიება ჩავატარეთ – სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამის სიმპოზიუმი და სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი, რომელიც გასულ წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა, რადგან ესთეტიკური მედიცინის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ამ დარგის სპეციალისტებიც მოვიწვიეთ.

– მართალია, ასოციაცია მეტწილად პროფესიონალ სტომატოლოგებთან ურთიერთობს, მაგრამ ხომ არ გეგმავთ მოსახლეობაში გასვლას და მათთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას? 

– ჩვენი ასოციაციისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირება, ამიტომ  საერთაშორისო ორგანიზაციების ხელშეწყობით ყოველთვის აქტიურად ვმართავთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს. პირველ რიგში, მშვიდობის კორპუსს მინდა ვუთხრა მადლობა, რომელმაც საკუთარი რესურსებით შექმნა რეგიონალური სასკოლო პროგრამა და  მოხალისე სტომატოლოგების დახმარებით რეგიონის სკოლებში პირის ღრუს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართა სემინარები. გარდა ამისა, ქალბატონმა თამუნა ლორიამ ერთგვარი გზამკვლევი შეიმუშავა ბაგა-ბაღების აღმზრდელთათვის, რომელშიც ერთ-ერთი თავი სწორედ პირის ღრუს ჯანმრთელობას მიეძღვნა და მოხარული ვარ, რომ ამ პროცესში მეც მივიღე მონაწილეობა ჩემი რეკომენდაციებით. პროგრამა მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ჯერ ბაგა-ბაღის პერსონალს – პედაგოგებს, მათ თანაშემწეებს და ექთნებს ჩაუტარდათ ტრენინგები, მოგვიანებით კი, ერთგვარი მონიტორიგი განვახორციელეთ, რომელიც აღმზრდელობით პროცესზე დაკვირვებას ითვალისწინებდა. ყველაზე მტკივნეული ჩვენი შეთავაზება აღმოჩნდა, როცა ბავშვებს საბავშვო ბაღში ვთხოვეთ კბილების გახეხვა, რათა უკეთ გაგკვეკონტროლებინა, რამდენად სწორად უვლიდნენ პატარები კბილებს. მართალია, ექსპერიმენტს ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, მაგრამ მაინც წარმატებით ჩატარდა. იგივე პროგრამა ხორციელდება კახეთში, უახლოეს მომავალში კი, სამცხე-ჯავახეთში დავიწყებთ.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– 2018 წელს მეტად ამბიციური გეგმები გვქვს და მართალია, ყველას ვერ გაგანდობთ, მაგრამ აუცილებლად დავაანონსებ, ჩვენი ახალი სახელმძღვანელოს „სტომატოლოგიური კლნიკების მენეჯმენტი“ გამოსვლას, რომელშიც ყველა საინტერესო საკითხი დეტალურად იქნება განხილლული. წიგნზე მუშაობა ორ წელს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა. სახელმძღვანელოს გამოსვლათან იქნება დაკავშირებული უამრავი პროექტი და სასწავლო პროგრამაც. გარდა ამისა, ვფიქრობთ ასოციაციის სამარკო ნიშანის შექმნაზე, რომელიც სტომატოლოგიურ კლინიკებს გააერთიანებს და პასუხისმგებლობას აიღებს პაციენტების მკურნალობის ხარისხზე.

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები